LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუთუბზე ყველაზე პოპულარული სერჩია, როგორ მოვხსნათ კატალიზატორი“ – როგორ დავიცვათ ავტომობილი ქურდობისგან

865
77

ბოლო დროს, საქართველოში კატალიზატორის ქურდობა გახშირდა. კატალიზატორი ავტომობილის ნაწილია, რომელიც გარემოსთვის მავნე ნივთიერებებს გარდაქმნის და ამცირებს.

ის შედგება ისეთი მეტალებისგან როგორიცაა, პლატინა, პალადიუმი, როდიუმი.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ის მომხიბვლელია და მისი მოპარვით დიდ სარგებელს ნახულობენ.

ზოგს ეს საქმიანობა ბიზნესადაც კი აქვს ქცეული. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში $750,000-ად შეფასებულ, 250 მოპარულ კატალიზატორს მიაკვლიეს.

მხოლოდ ლოს ანჟელესში 2019-2020 წლებში კატალიზატორების ქურდობის მაჩვენებელი 400%-მდე გაიზარდა.

როგორც წესი, კატალიზატორების ქურდებს მიზანში  Toyota Prius-ები აქვთ ამოღებული, რადგან ჰიბრიდული ავტომობილის კატალიზატორები უკეთეს მდგომარეობაშია.

ავტომფლობელები სოციალურ ქსელებში, თითქმის ყოველდღიურად, კატალიზატორების ქურდობის შესახებ წერენ.

„ფორტუნა“ შეეცადა, მონაცემები შსს-დან გამოეთხოვა, მაგრამ ირკვევა რომ ქვეყანაში როგორც კატალიზატორების, ასევე ზოგადად, ავტომობილების ქურდობის სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. 

 

 

როგორ შეიძლება დავიზღვიოთ თავი კატალიზატრის ქურდობისგან, რა ბერკეტი აქვს ავტომობილის მფლობელს, იმისთვის, რომ დაიცვას საკუთრება – თემაზე საგზაო უსაფრთხოების მკლევარს, ნოდარ ტანგიაშვილს ვესაუბრეთ.

„რამდენიმე მიზეზით გააქტიურდა ეს პრობლემა.

კრიმინალური სამყაროსთვის კატალიზატორმა ახალი ბაზარი გააჩინა.

პრობლემის თავი ისაა, რომ ქურდობა კი არის დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულს ახალისებს ის, რომ კატალიზატორების გაყიდვა და ჩაბარება ძალიან მოთხოვნადი გახდა.

“იუთუბზე” ყველაზე პოპულარული სერჩია, როგორ მოვხსნათ კატალიზატორი. ყველაზე გაზიარებადი გვერდებია, ბანერები, სადაც აღნიშნულია, ვიბარებთ კატალიზატორებს.

სახელოსნო მომსახურება სთავაზობს  კლიენტებს კატალიზატორების ჩაბარებას. ძალიან თავისუფლად ხდება კატალიზატორების მოხსნა-ჩაბარება.

ავტომფლობელების პრობლემას ართულებს ისიც, რომ „ქვეყანაში მოქმედებს  2009 წლის ევროდირექტივა ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ ავტომობილს უნდა ჰქონდეს ქარხნული კატალიზატორი. კატალიზატორის ქონა აუცილებელია მეორე დირექტივით –  ჩვენ  გვაქვს ვალდებულება აღებული და რამოდენიმე წელიწადში ყველა მანქანას მოსთხოვენ კატალიზატორის ქონას. ანუ გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგო რამ ხდება.

კატალიზატორების ჩაბარება მიშვებულია თავის ნებაზე, ამაზე არავინ არ ისჯება და შესაბამისად მისია შეუსრულებელი იქნება.

დღეს, თუ ავტომობილების 80 პროცენტს აქვს კატალიზატორები, ასე თუ გაგრძელდა, მათაც აღარ ექნებათ. გაურკვეველია, დირექტივის ძალაში შეტანას რანაირად აპირებენ. ახლა უჭირთ, რადგან ძალიან ბევრ მანქანას არ აქვს და მერე როგორ დაარეგულირებენ ამ თემას?

დროთა განმავლობაში ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნის. მთავრობას აქვს რეგლამენტი  მიღებული, რომელიც 2022 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.

 

 

 

ჯერ ახალ რეგისტრირებულ მანქანებზეა კატალიზატორების ქონა სავალდებულო, შემდეგ ყველასთვის სავალდებულო იქნება, მაგრამ 2021 წელს მანქანა აღარ დარჩება, რომელსაც კატალიზატორი აქვს“, – განმარტა ჩვენთან საუბარში ნოდარ ტანგიაშვილმა.

საგზაო უსაფრთხოების მკვლევარმა მანქანისთვის კატალიზატორის ქონის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„კატალიზატორი 90%-ით ამცირებს ჰერის დაბინძურებას. ამცირებს ისეთი მავნე ნივთიერების გამოყოფას, როგორიცაა ბენზოლი, გოგირდი და ძალიან ბევრი სხვა დამაბინძურებელი“, – ამბობს ტანგიაშვილი.

 

რა უნდა მოხდეს, რომ კატალიზატორის ქურდობა აღმოიფხვრას 

 

„სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ანალოგიური პრობლემების მოგვარების წარსულში გამოყენებული გზები.

მაგალითად, ადრე იპარავდნენ საკანალიზაციო ლუქებს,  მერე ეს ადამიანები დაიჭირეს.

უნდა დააკავონ არამარტო ის ადამიანები, ვინც იპარავს, არამედ ისინი, ვინც იბარებს.თვითონ სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს გამოსავალი.

პრობლემა ბევრი მიმართულებით არის. ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომანქანებზეც კი არის კატალიზატორები ამოღებული.  ადამიანებს ახალჩამოყვანილი ავტომანქანები მიყავთ ტექინსპექტირებაზე და ამოჩნდება რომ არ აქვს მას ეს მნიშვნელოვანი ნაწილი.

ზოგი ამტკიცებს, რომ ბათუმის და ფოთის პორტში ხდება ამის ამოღება, ზოგი ამბობს, რომ ამერიკაშივე ხდება…

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ამერიკაშიც ძალიან ბევრი კატალიზატორის ამოღება ხდება. ამაში ქართველების ხელიც ურევია. თუ ქალაქში იპარავენ კამერების წინ, რა გასაკვირია, რომ ფოთის პორტშიც იპარავდნენ.  ეს პრობლემა ნამდვილად არის.

ამიტომ კატალიზატორის შემოწმება შეიძლება მაშინაც მოხდეს, როდესაც ავტომობილების რეგისტრაცია ხდება.

ამ შემთხვევაში მყიდველები უფრო დაცულები იქნებიან, მანქანის ჩამომყვანსაც ნაკლები ინტერესი ექნებათ, რომ მოიპარონ და სამი თვის მერე, როდესაც გიწევს ტექინსპეტირება, არ დადგები ფაქტის წინაშე, რომ მანქანას კატალიზატორი არ აქვს.

პირადად ვიცნობ, ადამიანს,  რომელსაც მოპარეს 3 500 ლარიანი კატალიზატორი და ერთი კვირის მერე, როდესაც დაზღვევამ აუნაზღაურა დანაკარგი იმავე მანქანას მეორე უბანში დაყენების შემდეგ ისევ მოპარეს კატალიზატორი.

ორივე შემთხვევა მოხდა დიღომში“. – განმარტავს ჩვენთან საუბარში ტანგიაშვილი.

სანამ სახელმწიფო იზრუნებს, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ავტომობილი

 

პირველი:

კატალიზატორის მოხსნა ჩაბარება აკრძალული უნდა იყოს, თუ მანქანა არაა მწყობრიდან გამოსული

მეორე:

პოლიციამ უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს.

დღეს, ხშირად ასეთი დანაშაულის გამოძიება ვერ ხდება. მე როგორც ვიცი, პოლიცია ამას აბრალებს იმ ფაქტს, რომ დანაშაული კამერებში ასახული არ არის.

ალბათ, ერთადერთი  გამოსავალია, კამერა გვქონდეს და მის წინ დააყენო ეს მანქანა, რომ უფრო ადვილად მოხდეს მძარცველის იდენტიფიცირება.

რადგან ავტოსადგომებს იყენებს საქართველოს ავტომფლობელთა, ალბათ, ერთი პროცენტი, თუ ბაზარზე მოთხოვნა არ შემცირდა, ყველანი პოტენციური მსხვერპლები ვართ“, – განაცხადა ტანგიაშვილმა “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები