LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის წამზომი ჩაირთო – უკანასკნელი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ქვეყანა ბიძინას მეორედ მოსვლის მოლოდინში

418
32266487-1759831537410117-868469265156538368-o

პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლაზე ორ კვირაზე მეტია პოლიტიკურ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ გახარიას ივანიშვილთან ამის გამო მწვავე დისკუსია ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონდა. ამოიწურა თუ არა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთვის მიცემული ვადა და რატომ შეიძლება პრემიერად თავად ივანიშვილი მოვიდეს, მოსთხოვეს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს საერთაშორისო პარტნიორებმა და რას შეცვლის დასუსტებული „ქართული ოცნებისთვის“ პარტიის დამფუძნებლის პრემიერად დაბრუნება, თემაზე რადიო „ფორტუნა“ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა.

როგორც „ფორტუნას“ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ განუცხადა, „ქართული ოცნების“ შიდა წრეებიდან გამოსული ინფორმაციით, შეიძლება, პრემიერის პოსტზე თავად ივანიშვილი დაბრუნდეს.

„მოგეხსენებათ, “ქართული ოცნება” დასუსტებულია, ამიტომ შიგნიდან უკვე გამოდის ინფორმაციები, რომ ცქიტიშვილისა და ჩხენკელი დანიშვნას აზრი არ აქვს. ერთადერთი სვლა, რასაც ახლობლები ეუბნებიან, ეს არის, რომ თავად მოვიდეს პრემიერ-მინისტრად”, – ამბობს კემულარია.

მისი თქმით, ივანიშვილს მისი გარემოცვა ამას ურჩევს და გამორიცხული არ არის, მისგან საერთაშორისო პარტნიორებიც პასუხისმგებლობის ოფიციალურად აღებას ითხოვდნენ.

როგორც კემულარია ამბობს, რომ გახარიას 5-თვიანი პრემიერობის პერიოდში მისი მხრიდან არანაირი ინიციატივა და პროექტი არავის ახსოვს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ გახარია ამ პოსტზე „გავრილოვის ღამის“ „გასაპრავებლად“ დანიშნეს.

"ივანიშვილს ეუბნებიან, რომ პრემიერ-მინისტრად უნდა მოვიდეს" - კოტე კემულარია

"ქართული ოცნება" დასუსტებულია, ამიტომ შიგნიდან უკვე გამოდის ინფორმაციები

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება არარეალურია, რადგან ის პოსტის გამო საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს არ იტყვის.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ივანიშვილის სიტყვებს იხსენებს, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა თქვა, რომ გუნდში „პელეს“ ეძახიან. „ამიტომ შეიძლება ეგონოს, რომ თუ თანამდებობას დაიკავებს“, ეს „ოცნების“ რეიტინგს გააუმჯობესებს“, – აცხადებს ჩიტაძე.

როგორც ნიკა ჩიტაძემ გვითხრა, პრემიერობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მას დაბრალდება, რაზეც მას პასუხისმგებლობის აღება არ სურს. ის არ გამორიცხავს, რომ გახარიას გადადგომაზე ზეწოლა დასავლეთიდან მოდის.

კიდევ ერთი პოლიტოლოგი გია ნოდია კი განმარტავს, რომ ახალი ცვლილებები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ივანიშვილი გუნდით უკმაყოფილოა და მომგებიან კომბინაციას ეძებს. ნოდია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დაბრუნება სასოწარკვეთის ჟესტი იქნება. „როგორც მან თავად გამოგვიცხადა, მისი დაბრუნება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მეორედ მოსვლა იქნება“, – ამბობს ნოდია.

რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა კანონმდებლობისთვისაც გადაეხადა და ენახა, რა დათმობებზე წასვლა მოუწევს ივანიშვილს პრემიერად დაბრუნების შემთხვევაში.

ყველაზე მთავარი საკითხი მისი საფრანგეთის მოქალაქეობაა, რაზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი უარს არ იტყვის.

მართალია, მის გარემოცვას ბოლომდე არ დაუკონკრეტებია, ბოლობოლო თქვა თუ არა ივანიშვილმა თავის დროზე მოქალაქეობაზე უარი, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

საქართველოს კონსტიტუციას თუ გადავხედავთ, რომლის ბოლო ვარიანტი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, წერია, რომ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება არ შეუძლია პირს, რომელიც საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა.

მიუხედავად კოსტიტუციის ამ ჩანაწერისა, თუ ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა, კანონებს ბოლომდე საკუთარ თავზე მოირგებს და სანამ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნებისაა“, გამორიცხული არ არის, თუ პრემიერობა ორმაგი მოქალაქეობითაც მოახერხოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები