LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამიროქუაის“ ვარსკვლავური მოთხოვნები – არტისტი ბათუმში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვა

140

ჯგუფი „ჯამიროქუაი“ და მისი ქარიზმატული სოლისტი ჯეი ქეი ბათუმში 28 ივლისს კონცერტს გამართავენ. ისინი საქართველოს „ისთერნ პრომოუშენსის“ მოწვევით უკვე მეორედ ესტუმრებიან, პირველი კონცერტი წლების წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა, სრული ანშლაგით.

საქართველოში ჯგუფს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. კონცერტი ბათუმის ჯაზფესტივალის ფარგლებში შედგება. „ისთერნ პრომოუშენსმა“ უკვე მიიღო „ჯამიროქუაის“ მენეჯმენტისგან რაიდერი, ანუ პირობების ჩამონათვალი, რომლის დაკმაყოფილებაც ქართულ კომპანიას კონცერტის ტექნიკურად გასამართად, ასევე გამასპინძლების კუთხით მოუწევს.

„ჯამიროქუაი“ ახალი ალბომის გამოცემის შემდეგ დიდ ტურნეს მართავს და ის რამდენიმე ათეულ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოცაა. ბოლო პერიოდში მუსიკოსის ჯანმრთელობის პრობლემების გამო იაპონიაში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტი გადაიდო, თუმცა ტურნეს სხვა კონცერტები გეგმის მიხედვით წარიმართება. „ჯამიროქუაის“ ალბომი „Automation“ საკმაოდ კარგ კომერციულ წარმატებას აჩვენებს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ამ ალბომიდან რამდენიმე კომპოზიცია უკვე პოპულარული გახდა.

„ჯამიროქუაი“ ბათუმში კონცერტამდე ერთი დღით ადრე ჩავა, არტისტს, რასაკვირველია, აქვს ვარსკვლავური მოთხოვნები, როგორიცაა მაღალი დონის სასტუმროში დაბინავება, საუკეთესო კვება, მენიუში აუცილებელია, იყოს შავი ხიზილალა. „ჯამიროქუაი“ ბათუმში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვა და სცენის გაფორმებასაც თავად ჩამოიტანენ. ტექნიკის ყველა აუცილებელი ატრიბუტი კი საქართველოში არსებობს, შესაბამისად, ამ მხრივ, „ისტერნ პრომოუშენი“ კონცერტისთვის უკვე მზადაა.

ჯეი ქეი კონცერტებზე ასრულებს როგორც კომპოზიციებს ახალი ალბომიდან, ასევე იმ ძველ სიმღერებსაც, რომლებიც ყველა მისმა თაყვანისმცემელმა ზეპირად იცის. ასე რომ, 28 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე შესანიშნავი კონცერტი გველოდებოდა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები