LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამა ექვსი თვით გავახანგრძლივეთ

35
Untitled design (2)

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთა შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება და მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება 2023 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას  თავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ვრცელდება 2022 წლის 1 თებერვლის შემდგომ, საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.

„სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს, როგორც საცხოვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამის ექვსი თვით გახანგრძლივებაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თებერვლიდან სახელმწიფო აქტიურად დგას უკრაინელი ლტოლვილების გვერდით:

„ჯერ მერია და ტურიზმის დეპარტამენტი ზრუნავდნენ მათზე, ხოლო 15 ივლისიდან მათზე ზრუნვა დევნილების სააგენტოს გადმოებარა. გვაქვს სპეციალური პუნქტები საზღვრებზე, სადაც მათ შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ, რომ დახმარება სჭირდებათ.

ოჯახებს ყოველთვიური ქირით ვეხმარებით, ასევე სოციალურ დახმარებას ვუწევთ. ეს ზუსტად იგივე განაკვეთებია, რომლებიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს აქვთ. აღნიშნული პროგრამა ექვსი თვით გავახანგრძლივეთ.

მოგახსენებთ მოკლე სტატისტიკას, რა დავაფინანსეთ ივლისის შემდეგ – დაახლოებით, მილიონ 800 000 ლარით დავაფინანსეთ მათი სოციალური დახმარებები, ბინის ქირები. 200 000 ლარამდე დაგვიჯდა დროებითი საცხოვრებელი, ვიდრე მათ სტატუსს განვსაზღვრავდით და ბარათს დავუმზადებდით და ასე ვთქვათ, შევისწავლიდით.

800 000 ლარამდე გადავიხადეთ იმ სამედიცინო სერვისებში, რაც საქართველოში სხვადასხვა კლინიკამ გაუწია მათ. დღეისთვის 500 ოჯახი იღებს ბინის ქირას – 300 ლარს, რასაც ჩვენ ვუხდით და 1 050-ზე მეტი ადამიანი იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას“, – განაცხადა აზარაშვილმა.