LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია – პრემიერი

304

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ჩვენი მთავრობისთვის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე უკვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება, შევაფასებთ უმოკლეს პერიოდში თუ რა საჭიროება არსებობს ევროპული თანამედროვე სტანდარტის მიხედვით და რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გაშლა და ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. ეს არ იქნება დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს ვადაში მოხდება შეფასება და დაიდება გეგმა თუ რა გვჭირდება,” – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღეს არსებული უამრავი კვლევის საფუძველზე, საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენების რაოდენობა გაიზარდა, სპორტული აქტივობა საშუალო მაჩვენებლის ნახევარსაც არ უდრის.

„ეს მაჩვენებელი დღეიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და მივაახლოვოთ ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. უახლოეს დღეებში შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი. ჩვენი მიზანია, რომ მართვის ერთიანი მოდელი და კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ თუ როგორ უნდა იმართოს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ჩვენი ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20% არის კერძო. მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართვა, კამპანია, აქტივობები, ბიზნესის და საქმიანი წრეების ჩართულობა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებაში,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ინიციატივა შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმაც. დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ახალი ინიციატივა სწრაფ და ხელშესახებ შედეგებზეა ორიენტირებული.

„შედეგებს ექნება ორი მიმართულება, სოციალური და ჯანდაცვითი. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა მოსახლეობისთვის. უდიდეს ნაწილს კარგად ესმის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, მაგრამ სოციალური მდგომარეობის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ყველას არ აქვს შესაძლებლობა იაროს სპორტდარბაზში ან აუზზე. ახალი ინიციატივით ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც მარტივ სპორტულ აქტივობაში ჩაერთოს,“- განაცხადა დავიტ სერგეენკომ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია საარჩევნო დაპირების ნაწილიც იყო და ამ მიმართულებით მერია უკვე მუშაობს.

„ბევრი საინტერესო ღონისძიება იმართება დედაქალაქში, გამოვყოფ პროექტს“თბილისის ცის ქვეშ“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობებში ღონისძიებებს, რომელიც ყოველკვირა იმართება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ მთელი ქვეყნის მაშტაბით,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები