LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი – მარადიული ლამაზმანი კონკიას ისტორიით

715
FORTUNA. GE

დღესდღეობით ჯულია რობერტსი საყოველთაოდ აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია, თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო. ჯულიამ წარმატებისაკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია კონკიას ამბავია კეთილი დასასრულით.

ჯულია კინოში უფროსი ძმის წყალობით მოხვდა. როდესაც ერიკ რობერტსმა უმცროსი და ერთ-ერთი ფილმის სინჯებზე წაიყვანა, ალბათ არ ეგონა, რომ მომავალში ოჯახში ყველაზე ცნობილი მსახიობი სწორედ ჯულია გახდებოდა.

რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ რობერტსმა ,,ფოლადის მაგნოლიებში” ითამაშა, რისთვისაც ,,ოქროს გლობუსი” და „ოსკარის“ პირველი ნომინაცია მიიღო, თუმცა მსოფლიო აღიარება ჯულიას გარი მარშალის რომანტიულმა კომედიამ, „ლამაზმანმა“ მოუტანა, რომელში შესრულებული მთავარი როლისთვისაც მან „ოსკარის“ მეორე ნომინაცია დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ჯულია რობერტსამდე ვივიენ უორდის როლის შესრულებაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო არაერთმა ვარსკვლავმა თქვა, მათ შორის დაიან ლეინმა, ჯენიფერ კონელიმ და მიშელ პფაიფერმა, ასევე უაინონა რაიდერმა, მეგ რაიანმა და დერილ ჰანამ. ალბათ ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან „ლამაზმანი“ ჯულია რობერტსის ცხოვრების ფილმი აღმოჩნდა.  თანამედროვე კონკიას როლმა 23 წლის მსახიობს მსოფლიო აღიარება და მალევე კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის ტიტული მოუტანა.

„ლამაზმანის“ შემდეგ ჯულია რობერტსს შემოთავაზებათა წვიმა დაატყდა თავს. იგი „ჰოლივუდის“ ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა. 1990-იან წლებში ჯულია არაერთ ფილმში გადაიღეს, მათ შორის გამორჩეული იყო ყველასთვის საყვარელი მელოდრამები:  „ნოთინგ ჰილი“ (ჰიუ გრანტთან ერთად), „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ (დერმოტ მელროუნისა და კამერონ დიასთან ერთად) და „გაქცეული პატარძალი“ (რიჩარდ გირთან ერთად), ასევე დრამედია „დედინაცვალი“, სადაც ჯულიას პარტნორობას სიუზენ სარანდონი და ედ ჰარისი უწევდნენ. დეკადის განმავლობაში რობერტსი რამდენიმე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ თრილერში, ასევე საშინელებათა ფილმში გადაიღეს, თუმცა იგი მაინც ინარჩუნებდა რომანტიული კომედიის უმთავრესი ვარსკვლავის სტატუსს.

თუმცა რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა კარიერაში, მით უფრო წარუმატებელი ხდებოდა მისი პირადი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, „ლამაზმანი“ რომანს აბამდა ეკრანულ პარტნიორებთან და ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ჰიუ გრანტი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც რობერტსმა ყველასთვის საყვარელ „ნოთინგ ჰილში“ ითამაშა. ჯულიას მრავალრიცხოვანი რომანების ფონზე გამორჩეული იყო მისი ურთიერთობა კიფერ საზერლენდთან, რომელიც ქორწილამდეც მივიდა, თუმცა საქორწინო სამზადისის დროს კიფერი პაპარაცებმა უცნობ მოცეკვავე ქალთან გამოიჭირეს, რასაც საქორწინო ცერემონიამდე სამი დღით ადრე წყვილის სკანდალით დაშორება მოჰყვა.

მრავალრიცხოვანმა განშორებებმა მსახიობი დეპრესიაში ჩააგდო და ექსცენტრიული გადაწყვეტილებისაკენ უბიძგა.  სრულიად მოულოდნელად ჯულია ცოლად ქანთრის მომღერალ ლაილ ლოვეტს გაჰყვა, თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 21 თვეს გაგრძელდა… მოგვიანებით ვარსკვლავმა აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საშინლად იმედგაცრუებული და მთვრალი იყო.

2000 წელი ჯულიას კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მელოდრამიდან რობერტსმა ბიოგრაფიულ დრამაში გადაინაცვლა და ამავე სახელწოდების ფილმში ერინ ბროკოვიჩის როლი მოირგო – სამშვილიანი მარტოხელა დედის, რომელიც გავლენიან ამერიკულ კორპორაციას დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში ეპიზოდური როლი ჰქონდა თავად ერინ ბროკოვიჩს. მან ფილმში ოფიციანტის, სახელად ჯულიას რამდენიმეწამიანი როლი შეასრულა.

ერინ ბროკოვიჩის როლმა რობერტსს „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები მოუტანა.

ერთი წლის შემდეგ კი ჯულიამ იპოვა ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა. 2001 წელს, „მექსიკელის“ გადაღებებზე რობერტსმა ოპერატორი დენი მოდერი გაიცნო, რომელიც მაშინ დაქორწინებული გახლდათ, თავად ჯულია კი ბენჯამინ ბრეტს ხვდებოდა. თუმცა როგორც ვარსვლავმა მოგვიანებით ოპრა უინფრის შოუში აღნიშნა, წყვილმა ზუსტად იცოდა, რომ მათი გაცნობის მომენტიდან არც ერთის ცხოვრებაში აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე.

დენი და ჯულია თავიდან ურთიერთობას მალავდნენ, თუმცა მალევე რობერტსი ბენჯამინ ბრეტს დაშორდა, მოდერმა კი მეუღლესთან, ვერა სტეიმბერგთან განქორწინების ხანგრძლივი პროცესი წამოიწყო. წყვილმა 2002 წელს იქორწინა. ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა, შედაბამისად მედია მას არ დასწრებია.

2000-2010 წლების მონაკვეთი არანაკლებ წარმატებული იყო ჯულია რობერტსის კარიერაში. მოღვაწეობის მეორე დეკადაში მან  ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიც „ოუშენის“ ტრილოგია , „ამერიკის რჩეულები“, „ციცინათელები ბაღში“ და „სიახლოვეა“, ამ პერიოდის ყველაზე გამორჩეულ ფილმად კი რობერტსის კარიერაში მაინც „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ უნდა მივიჩნიოთ, სადაც ღიმილის დედოფალმა ხავიერ ბარდემთან ერთად ითამაშა.

ფილმის გადაღებებისას, რომელიც ბალის კუნძულებზე მიმდინარეობდა, რობერტსი უკვე 6 წლის ტყუპების – ჰეიზელის და ფინეასის და 3 წლის ჰენრის დედა იყო, რომლებიც გადაღებების მსვლელობისას კუნძულებზე იმყოფებოდნენ. ეს ჯულიას სპეციალური მოთხოვნა იყო, ფილმის გადაღების პროცესში მან შვილებთან განშორება არ მოისურვა.

ბოლო წლებში რობერტსი ხმაურიან პროექტებში შედარებით ნაკლებად მონაწილეობს და მეტ დროს ოჯახს უთმობს, თუმცა მაინც შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ბოლო პერიოდის შესანიშნავი ნამუშევრები: „ლარი კრაუნი“, „საიდუმლო მათ თვალებში“, „ფინანსური მონსტრი“  და „საოცრება“. 2018 წელს ჰოლივუდის იმ ვარსკვლავების სიას, რომლებიც სერიალებში მონაწილეობაზე უარს აღარ ამბობენ, ჯულიაც შეუერთდა. მან  HBO-ს სერიალში „დაბრუნება“ მთავარი როლი შეასრულა და ამავდროულად შოუს აღმასრულებელი პროდუსერის როლიც მოირგო.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჯულია რობერტსმა მაინც მიაღწია იმას, რაც ძალიან ცოტა ადამიანს გამოსდის – მან ყველაფერი კარგად აქვს კარიერასშიც და პირად ცხოვრებაშიც.

დროის ძირითად ნაწილს ვარსკვლავი ოჯახს უთმობს. ჯულია და დენი დღემდე იდეალურ წყვილად ითვლებიან ჰოლივუდში. ცოტა ხნის წინ ჯულიამ „ინსტაგრამის“ საშუალებით ქმარს ქორწინების 18 წლისთავი მოულოცა და ბედნიერი წლებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემს ცხოვრებაში მთავარი ოჯახია“ – აცხადებს რობერტსი და დასძენს, რომ მისთვის ყველაზე დიდი განძი შვილებია. ჯულია აღიარებს, რომ ხანდახან მკაცრი დედაა და შვილებს არ ათამამებს, თუმცა მათთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. რაც მთავარია, პოპულარული მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ შვილებს ნორმალური ბავშვობა ჰქონდეთ და მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ პაპარაცებისგან.

„სახლში ვარსკვლავი კი არა, ჩვეულებრივი ქალი ვარ. ჩემს შვილებს საკანცელარიო ნივთები უყვართ და მეც სიამოვნებით ვყიდულობ კალმებს თუ ფერად ფურცლებს. სახლში უამრავი ზღაპრების წიგნი გვაქვს, ხოლო როცა საქმე ტელევიზორის ყურებას ეხება, საკმაოდ მკაცრი ვარ“,  – აცხადებს ვარსკვლავი…

იცოდით თუ არა, რომ…

ჯულია რობერტსის წინაპრებს ინგლისური, შოტლანდიური, ირლანდიური, უელსური, გერმანული და შვედური ფესვები ჰქონდათ.

ჯულიას ბავშვობაში მსახიობობა არ უნდოდა, მისი ოცნება ვეტერინარობა იყო.

ჯულია რობერტსი იყო პირველი მსახიობი ქალი, რომელსაც როლისთვის 20 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ეს იყო ერინ ბროკოვიჩის როლი, რომლისთვისაც მან 2001 წელსოსკარიმიიღო.

ჯულია ინდუიზმითაა გატაცებული, იგი ცნობილ გურუსთანაც კი დადიოდა ინდუიზმის საფუძვლების დასაუფლებლად.

მისი ყველაზე გამორჩეული ჰობი ქსოვაა. „ლარი კრაუნის“ გადაღებისას ტომ ჰენკსმა ჯულიასთან გახუმრება გადაწყვიტა  და გამოუვიდა კიდეც. მსახიობი ნამდვილად გაოცდა, როდესაც გადაღებაზე მოსვლისას მთელი გადამღები ჯგუფი საქსოვი ჩხირებით ხელში იხილა.

წლების განმავლობაში ჯულიას თავის ძმასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ერიკი ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მისმა უმცროსმა დამ გაცილებით მეტს მიაღწია ჰოლივუდში. და-ძმა საბოლოოდ მას შემდეგ შერიგდა, რაც ჯულიამ ტყუპები გააჩინა. ერიკმა დას კლინიკაში მიაკითხა და პატიება სთხოვა.

ჯულიას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავის ძმისშვილთან, მსახიობ ემა რობერტსთან. ემა ჯულიას ხშირად უწოდებს თავის უახლოეს მეგობარს და სამაგალითო ადამიანს. ახალგაზრდა რობერტსი აღნიშნავს, რომ სწორედ მამიდა ჯულიას ფილმების გადასაღებ მოედნებზე გატარებულმა დრომ უბიძგა მსახიობობისაკენ.

ჯულია რობერტსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედია ჰოლივუდში. მას მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებზე. 

 

 

 

  

  

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები