ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი გურამ ჩიგოგიძე გარდაიცვალა. ემოციები არეულია, ბუნებრივია, არის უდიდესი გულისტკივილი და თან სიამოვნებით და სიამაყით გვახსენდება ბატონ გურამთან გატარებული დრო. ადამიანი, ვისთანაც ისწავლიდი რა და როგორ უნდა აკეთო და საერთოდ როგორი უნდა იყო.

 

ნატო ხარაშვილი (რადიო „ფორტუნას“ მენეჯერი)

დღეს ძალიან მძიმე დღეა და ერთმანეთს ცუდი და კარგი ემოციები ენაცვლება. უცებ მახსენდება, რომ აღარ არის ძალიან დიდი ადამიანი და ამ სევდიან ამბავს ძალიან თბილი მოგონებებით ვფარავ. ყველაზე მეტად მახსენდება, როგორი იყო ის კრიტიკულ სიტუაციებში, როდესაც წამითაც არ კარგავდა წონასწორობას. კრიზისების მართვის დიდოსტატი იყო, პრობლემაზე ცივი გონებით უნდა იმსჯელოთო, ამას ყველას გვასწავლიდა. ადრე ასე მეგონა, რომ მკაცრი იყო, დროთა განმავლობაში კი დავრწმუნდი, რომ მასზე უფრო ჰუმანური, გონიერი და იშვიათი მენეჯერული უნარებით აღჭურვილი კაცი მეტი არც არასოდეს მინახავს. იშვიათად მაქებდა, სენტიმენტების მოყვარული არ იყო, პრაგმატული ადამიანების მსგავსად. მე კი სულ მინდოდა მისი აზრი მომესმინა, აბა რას მოსწონს და რა არა-თქო. რამდენჯერმე შემაქო, ერთხელ გაზრდილი რეიტინგის გამო და მთელი თვე დავფრინავდი. ერთხელ ორსული შევედი კაბინეტში და მითხრა, რა ყოჩაღი გოგო ხარ, ხვალ ბავშვს აჩენ და დღეს სამსახურში ხარო. ისე მიხაროდა, ისე..
ხომ ამბობენ ყველაფერი კანონზომიერიაო, მაგრამ ამ კანონზომიერებასთან ყველაზე მეტად გვიჭირს შეგუება. არასოდეს მითქვამს, როგორ მიყვარდა, ან ამას როგორ ვეტყოდი, მას ხომ სენტიმენტები არ უყვარდა, ახლა კი, შემიძლია ვუთხრა. ძალიან მიყვარხართ ბატონო გურამ და არასოდეს დამავიწყდებით.

 

რეზო კაკულია (რადიო „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერი)

ბატონ გურამ ჩიგოგიძესთან დაახლოებით 20 წლის ურთიერთობა მაკავშირებს. გულისხმიერებით, სიკეთით და იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებას, რომლისგანაც მიღებულ ზოგიერთ რჩევა-დარიგებას დღემდე ვითვალისწინებ, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს იმ საქმის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღემდე ვემსახურები. გულწრფელად ვიზიარებ და ვუერთდები გარდაცვლილის ოჯახის წევრების მწუხარებას.

ვახტანგ დარასელია (ახალი ამბების სამსახური)

ერთის მხრივ ხომ როგორი მარტივია ბატონ გურამზე საუბარი და მეორეს მხრივ ძალიან რთული, რადგან რთულია მიუახლოვდე ამ კაცის სიდიდეს. ალბათ ეს არის თითოეული ჩვენთაგანის, ყველა იმ ადამიანის მოტივაცია, ვინც იცნობდა ბატონ გურამს, რომ ოდნავ მაინც იფიქროს, განსაჯოს, გადაწყვიტოს ისე, როგორც ბატონი გურამი გააკეთებდა. უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრების გზაზე, მაგრამ თუ ვინმეა გამორჩეული თავისი სიდიდით, ეს პირველ რიგში სწორედ გურამ ჩიგოგიძეა და ამას არცერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა არ იტყვის უბრალოდ სიტყვის გამო.
მენეჯერისა და ადამიანის განწყობის, ფსიქოლოგიის შერწყმის დიდოსტატი იყო. მასთან მარტო მენეჯერულ უნარ-თვისებებს კი არა, ცხოვრებას ისწავლიდი.
მისი დამოკიდებულება ადამიანების, თანამშრომლების მიმართ ხომ ცალკე საუბრის თემაა.
არ ყოფილა ეს ადამიანი მხოლოდ „ფორტუნას“ მენეჯერი, ის გაცდა ერთი, თუნდაც ძალიან წარმატებული კომპანიის საზღვრებსა და მასშტაბებს და ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ გურამ ჩიგოგიძე დააკლდა არა მარტო „ფორტუნას“ და მის ოჯახს, არამედ ზოგადად მთელ ჩვენს საზოგადოებას.
გააკეთე ისე, როგორც ამას გურამ ჩიგოგიძე გადაწყვეტდა და ყველაფერი იდეალურად იქნება.

 

თათა სადრაძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი)

თითქმის 10 წელია, რაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გუნდის წევრი ვარ. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დღე ფორტუნაში და ბატონი გურამ ჩიგოგიძის მიერ ნათქვამი სიტყვები – ჭკვიანი გოგო ხარ. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. მუდამ მაძლევდა გასაოცარ რჩევა-დარიგებებს, რომელიც დღემდე მეხმარება სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც შემდგომ ჰოლდინგის წარმატებაში გამოიხატება. იმაში, რომ დღეს საქმეში წარმატებულ პიროვნებად ვითვლები, ბატონ გურამს დიდი წვლილი მიუძღვის. ის იყო საოცარი პიროვნება, ქველმოქმედი, სტრატეგი და გამორჩეული ადამიანი, რომელთან ურთიერთობა უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. მე მისი მუდამ მადლიერი ვიქნები.

 

მაია მაზანაშვილი (მარკეტინგის დირექტორი)

უდიდესი ადამიანი წავიდა, დიდი პიროვნება, გლობალურად მოაზროვნე, კეთილშობილი, უთქმელი, ორ სიტყვას იტყოდა, მაგრამ ძალიან ჭკვიანურს. ერთხელ მეუბნება, გრზდი ამდენი ხანიო, მაგრამ ბოლომდე ვერ გაგზარდე, შენი მინუსია ემოციების მართვა არ შეგიძლიაო. მეუბნებოდა, ნებისმიერი მსხვილი საკითხი, გინდა სამსახურს ეხებოდეს, გინდა პირადს, სამი დღე იფიქრე და მერე გადაწყვიტეო, თუ გინდა არ იფიქრო, მაინც სამი დღე დაიცადეო.
ქალებს აფასებდა, ქალებმა ერთგულება იციან ძალიანო და ამ კუთხით აფასებდა კომპანიაში ქალბატონებს.
რაღაც პრობლემით შევიდოდი, ჩემთვის რომ უდიდესი პრობლემა მეგონა, მისთვის შეიძლება ერთი პატარა მარცვალი ყოფილიყო, რადგან ზემოდან, მასშტაბურად ხედავდა, ამის უნარი კი ყველას არ გააჩნია.
მის თვალებში ვხედავდი სიყვარულს.
მიმაჩნია, რომ ჩემ ცხოვრებაში იყო უძლიერესი პედაგოგი, ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
დღემდე მასე ვფიქრობ, რაიმე პრობლემა როცა მაქვს, ბატონი გურამი როგორ გადაწყვეტდა, როგორ მოიქცეოდა, რას იზამდა და ყველაფერი კარგად გამომდის, თუ ასე არ გავაკეთე, ყველაფერი მიფუჭდება.
ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი კვალი ამ ადამიანმა დატოვა.
ყველა წავალთ, მაგრამ გააჩნია როგორ, ამ კაცმა ძალიან ბევრი ადამიანში უამრავი რამ ჩადო და ბევრი შექმნა.

 

 

მადლობა ბატონო გურამ!

მსგავსი თემები