LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავას სასამართლომ ჯარიმა არ დააკისრა, აგიტაციისთვის მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს – საია

72
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რომელიც არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. კუჭავას ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც საია-ში აღნიშნავენ, ამ მასშტაბის დარღვევაზე, ამგვარი რეაგირება, როდესაც სასამართლო მცირე მნიშვნელობის დარღვევად მიიჩნევს, ორგანიზაციისთვის მიუღებელია.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა, რაც აგიტაციას წარმოადგენს და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

დარღვევასთან დაკავშირებით ცესკომ საია-ს საჩივრის საფუძველზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საკითხი და კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა,­“ – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია უარყოფითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე.

კახა კუჭავას უფლებადამცველის, სალომე გულუა განცხადებით კი, ეს არ იყო მიზანმიმართული აგიტაცია და მოხდა მექანიკურად.

„ტელევიზიებითაც დაფიქსირდა, რომ კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე მისული იყო დილის საათებში, ამ პირბადით მოუწია შესვლა და არ იყო გამოყენებული საარჩევნო მიზნებისთვის,“ – აღნიშნა სალომე გულუამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით მივიდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კერძოდ კი, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.