შეცდომების აღიარება ბევრს უჭირს. ხშირ შემთხვევაში შეცდომის აღიარება სისუსტედ ითვლება. სინამდვილეში, აღიარება მხოლოდ ძლიერს შეუძლია. თუ საქმეს აკეთებ, შეცდომის დაშვება ბუნებრივია, ვინც არაფერს აკეთებს, ის შეცდომებსაც ვერ დაუშვებს. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა აღიარებთ თუ არა შეცდომას, იპოვით თუ არა საკუთარ თავში ძალას თქვათ რომ შეგეშალათ და დამარცხით. საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას” პარტნიორმა კახა მაღრაძემ “ფორტუნა აკადემიასთან” საკუთარი შეცდომები გაიხსენა.

კახა მაღრაძე

“ის, რომ ზოგადად შეცდომები მოსულა და მათზე – ლაპარაკიც, უკვე ბევრმა თქვა. ის, რომ მარცხის და ხარვეზების კომუნიკაცია უფრო გულწრფელ ხასიათს სძენს ჩვენს გზავნილებს და აუდიტორია უფრო მეტად დაგვიჯერებს, ამის თაობაზე დაწერა თუ თქვა უკვე არა ერთმა. მგონი, მოდაშიც შემოვიდა ამაზე ერთმანეთის გაკიცხვა, შეცდომებს რატომ არ აღიარებთო. თუმცა აღიარება ჯერ არ დაგვიწყია, რასაც მე ვუყურებ. ჰოდა, სეზონს გახსნილად ვაცხადებ და ერთ-ერთი პირველი დავქამინგაუთდები, როგორც გვიყვარს ქართველებს თქმა.

2007 წლის ბოლო იყო, როცა ავტოიმპორტიორი კომპანიისგან საახალწლო ღონისძიების ჩატარების შეკვეთა მივიღეთ. მანამდე გვქონდა უკვე 1 პიარული ღონისძიების ერთობლივად ჩატარების გამოცდილება, მოვწონდით იმ ხალხს და კორპორაციული წვეულებაც ჩვენი დახმარებით მოინდომეს, რომ გაეკეთებინათ. ჰოდა, ჩვენც დავფაცურდით, შევადგინეთ პროგრამა, დავუკავშირდით მესამე მხარეებს, მოვამზადეთ ბიუჯეტი და იყო მთელი ტრალი-ვალი. თან ეს ის დროა, როცა პიარი ივენთმენეჯმენტი იყო მთელი საქართველოსთვის და მეც ეს თემა უფრო ვიცოდი, ვიდრე მიზანმიმართული კომუნიკაცია და რეპუტაციის მართვა. ერთი სიტყვით, დავიქოქეთ…

დავიქოქეთ, მაგრამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თავიდანვე დავუშვით შეცდომები:

1-ლი შეცდომა – ახალ გახსნილ რესტორანში გადავწყვიტეთ ღონისძიების ორგანიზება, რომელიც თან თანამშრომლის მამის იყო ნაწილობრივ. საბოლოო ჯამში კი გათბობის სისტემა გაფუჭდა ივენთის წინა დღეს (5 იანვარი) და გაიყინა ყველა სტუმარი. სათადარიგო სისტემა და გამათბობლები არ გვქონდა და ღონისძიება ფაქტობრივად ჩავარდა.

მე-2 შეცდომა – ტექნიკური მხარე წინასწარ არ შევამოწმეთ და მესამე მხარეებს ვენდეთ ბევრი მიმართულებით. საბოლოო ჯამში კი გათბობის სისტემის ამბავი კარგად იცით, აუდიო აპარატურაც დაემატა ამას და ფარული კამერის ვიდეოებიც საკმაოდ გაწელილი და უინტერესო გამოდგა.

მე-3 შეცდომა – მესამე მხარეებს არ განვუსაზღვრეთ პირგასამტეხლოები და საბოლოო ჯამში, პროექტში, რომელსაც 10 ათასი უნდა მოეტანა ჰონორარის სახით (მაშინ ასეთი ფასები იყო), 20 ათასი ლარით გვაზარალა. კლიენტთან და მის პრეტენზიებთან მარტოები დავრჩით და ვიწვნიეთ კიდეც, შესაბამისად.

კიდევ იქნებოდა რამე შეცდომა, ისეთი “აჭრილები” ვიყავით, მაგრამ ახლა არ მახსენდება.

ჰოდა, მაგ ღონისძიების შემდეგ, გადავწყვიტეთ და საერთოდ გამოვედით ივენთმენეჯმენტის ბიზნესიდან და მთელი ყურადღება კონსალტინგსა და რეპუტაციის მართვის კომუნიკაციაზე გადავიტანეთ. მახსოვს კიდეც როგორ გავავრცელეთ პრესრელიზი, რომ „ჯეპრა“ ღონისძიებების მართვის სერვისით აღარ მოემსახურება დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ამით ყველა გზა მოვიჭერით და ჩემი აზრით, ვიხეირეთ კიდეც. კონსალტინგში მეტი ფული და ნაკლები თავის ტკივილია. ნუ, ფულის რა მოგახსენოთ, მაგრამ თავის ტკივილი ნამდვილად ნაკლებია”.

 

მსგავსი თემები