LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდელაკი: ნატოში გაწევრიანებას დღეიდან საქართველო ოფიციალურად აღარ ესწრაფვის, ეს არის ღარიბაშვილის თავზარდამცემი განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა

134
გიორგი კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი”.

როგორც კანდელაკი აცხადებს, ეს არის ბეჭდის დასმა იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ნატოში გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხზე თავად აქვს ხელი აღებული.

მისი თქმით, დეოკუპაცია არ არის ნატოში გაწევრიანების წინაპირობა, ეს არის ნატოს პრინციპული პოზიცია. ეს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, როგორც ახლანდელ გენერალურ მდივანს, სტოლტენბერგს, ასევე მის წინაბორბედებსაც, რადგან იმის თქმა, რომ დეოკუპაცია ნატოში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა, ნიშნავს ოკუპაციის წახალისებას.

“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არა უბრალოდ ოკუპაციის წახალისებაა, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არის ბეჭდის დასმა იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ნატოში გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხზე თავად აქვს ხელი აღებული.

ნატოში გაწევრიანებას დღეიდან საქართველო ოფიციალურად აღარ ესწრაფვის, ეს არის ღარიბაშვილის თავზარდამცემი განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

“ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატოში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატოში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება”.

პოპულალურები