LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში, თამაშდამოკიდებულთა ბაზაში 518 მოქალაქე დარეგისტრირდა: ახალგაზრდა ადვოკატები

147
აზარტული თამაშები

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, თამაშდამოკიდებულთა ბაზაში 518 მოქალაქე დარეგისტრირდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, სოფიო ჭელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაცია შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზაში მონაცემების მდგომარეობას, კანონის ეფექტიანობას და არსებული ხარვეზებს შეეხება.

როგორც იურისტმა განაცხადა, ორგანიზაციის შეფასებით, კანონი ფუნქციური აღმოჩნდა, დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა 1 თვის მონაცემის გათვალისწინებით კი საგანგაშოა.

„შესწავლამ აჩვენა, რომ დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზაში სულ რეგისტრირებული იქნა 518 მოქალაქე. აქედან, პირის მიმართვის საფუძველზე – 506, ხოლო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 10. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა დადგენილიყო, ჯამურად, საქართველოს რამდენი მოქალაქე იქნა რეგისტრირებული ბაზაში, რამდენი პირადი განაცხადი იქნა წარმოდგენილი, რამდენი პირადი განცხადება არ დაკმაყოფილდა, თავად სასამართლოს მხრიდან წარმოებული დავების შემთხვევაში, რა სტატისტიკა იქნა გამოკვეთილი.

დგინდება, რომ ბაზაში მარეგისტრირებელი უფლებამოსილი დაწესებულების – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 1 პირის მიმართვა გაუქმებულია, 1 პირის მიმართვა კი – უარყოფილი, მაგრამ ორგანიზაციისთვის უცნობი დარჩა, თუ რა საფუძვლები დაედო დასახელებულ შემთხვევებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ერთი თვის რეგისტრირებული მონაცემების მხედველობაში მიღებით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საზოგადოების კვლავ დიდ გამოწვევად და პრობლემად რჩება, მონაცემები კი მუდმივად მზარდია“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, კანონით კი, ამ პერიოდამდე არ იყო განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომელსაც აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება აკრძალული უნდა ჰქონოდა.

„ცვლილებით გაიზარდა თამაშებში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკი და გახდა – 25 წელი (ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის/მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის – 18 წელი). ამასთან, სავალდებულო გახდა აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენა, რომლის წარმოებაც სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოების უფლებამოსილებად განისაზღვრა.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დამოკიდებულია აზარტულ თამაშობებზე, განხორციელებული ცვლილებებით მიეცა შესაძლებლობა, მიმართოს სსიპ შემოსავლების სამსახურს და პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს მისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანა, რის შემდეგაც მას აზარტულ და/ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალება. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეყვანა შესაძლებელია აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პირის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზეც, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლო წესით. სასამართლო, განცხადების წარდგენიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე, ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლებელია, ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო დამოკიდებული პირის მონაცემებს გადაუგზავნის სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომელიც ახორციელებს ამ მონაცემების აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანას“, – განმარტა იურისტმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა, ერთი მხრივ, დაცული იქნეს ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ კი, შემოღებული იქნეს მართლზომიერი აკრძალვები – მისაღებია.

„ორგანიზაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საერთო სასამართლო სისტემაში შემავალი ყველაზე მსხვილი სასამართლო ინსტანცია – თბილისის საქალაქო სასამართლო, კანონის ამოქმედების შემდეგ, ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, პირის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის შესახებ სტატისტიკური აღრიცხვას/დამუშავებას და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსებას არ ახორციელებს.

ორგანიზაციამ საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებიდანაც. დგინდება, რომ როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2288-ე მუხლთან დაკავშირებული საქმე არ განხილულა.

ეს ნიშნავს, რომ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ბაზაში რეგისტრირებული 10 თამაშდამოკიდებული პირის საქმე განხილული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ და არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კანონში განხორციელებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, რათა სახელმწიფომ თამაშდამოკიდებულ პირთა ზრუნვის მიმართულებით პრევენციული და ადეკვატური ზომები მიიღოს.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთ მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთაც, მათი ნების მიუხედავად, არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად ებრძოლონ აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულებას. ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ლეტალურადაც მთავრდება. საქართველო აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანი ადგილია, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკა, ერთის მხრივ დაცული იქნეს ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ შემოღებული იქნეს მართლზომიერი აკრძალვები – მისაღებია.

სამწუხაროდ, გვაქვს არაერთი ცხოვრებისეული ფაქტი, როდესაც თამაშდამოკიდებული პირისთვის თამაში წარმოადგენს ერთადერთი საარსებო სახსრების დაკარგვის შესაძლებლობას. ამდენად, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულებისთვის კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას – მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კანონის მიზნების შესახებ ინფორმირება და სასამართლოების ნაწილში, როგორც სამართალწარმოების სტატისტიკის, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნება. ორგანიზაცია, ამ კუთხით, საკითხზე მუშაობას გააგრძელებს”,  – განაცხადა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები