LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონპროექტის შინაარსი სრულად ვერ ეხმიანება ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე მორგებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს: EMC-ის მიმართვა

84
FORTUNA.GE- (12)

“შეწყდეს საზოგადოების შეცდომაში შემყვანი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ექსპერტების ბრალია”. – ამ მოწოდებით ადამიანის უფელების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიმართავს და პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის განხილვას ეხმაურება.

ორგანიზაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის – ნარკოტიკული საშუალებებისთვის მცირე ოდენობების განუსაზღვრელობის – მოგვარებას და კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია აუმჯობესებს დღეს არსებულ საკანონმდებლო წესრიგს, თუმცა მისი შინაარსი სრულად ვერ ეხმიანება ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე მორგებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს.

8 ნარკოტიკზე ოდენობების განსასაზღვრად პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა: გამოიწვევს თუ არა ცვლილება სასჯელების გადახედვას, სარჯველაძე განმარტავს

EMC-ში აღნიშნავენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დღეს არაერთი სისტემური გამოწვევა არსებობს, მათ შორის:

❕  მოხმარების კრიმინალიზება;

❕  პრევენციის სისტემის არარსებობა;

❕ მკურნალობისა და ზიანის შემცირების პროგრამების არასაკმარისი ხელმისაწვდომობა.

“ამ პრობლემების მიუხედავად, თუნდაც ოდენობების საკითხის ლოკალურად, მაგრამ სამართლიანად მოწესრიგება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა მომავალში ადამიანები არ დაექვემდებარონ ხანგრძლივ საპატიმრო სასჯელებს პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.” – წერია მიმართვაში.

ცენტრში აცხადებენ, რომ კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია აუმჯობესებს დღეს არსებულ საკანონმდებლო წესრიგს, თუმცა მისი შინაარსი სრულად ვერ ეხმიანება ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე მორგებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს.

EMC ხარვეზებზე საუბრობს:

➤  ქართული ნარკოპოლიტიკის დასჯაზე ორიენტირებულობა და რეპრესიულობა;

➤  შემოთავაზებული რედაქცია ოდენობების განსაზღვრის პრინციპად იღებს ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლისთვის საჭირო დოზებს და უგულებელყოფს უფრო მოწყვლადი ჯგუფების – ნარკოტიკის რეგულარული მომხმარებლების და წამალდამოკიდებული ადამიანების საჭიროებებს. შედეგად, ეს ადამიანები კვლავაც შეიძლება აღმოჩდნენ მკაცრი საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ, თუნდაც მათთვის საჭირო ერთჯერადი დღიური დოზით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს ხელისუფლების მხრიდან პირობების წამოყენება, რომ თუკი დარგის ექსპერტები, აქტივისტები და უფლებადამცველები კრიტიკულად შეაფასებენ კანონპროქტს, მაშინ პარლამენტი შეაჩერებს მის განხილვას და ამაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო ორგანიზაციები იქნებიან.

“სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე – მის გამოწვევებზე, თუ პროგრესზე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ორი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა ნარკოპოლიტიკის მიმართლებით ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის შემოთავაზებული ინიციატივის მისაღებად.

კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ორგანიაციების და დარგის ექსპერტების კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხი არ უნდა იყოს კანონპროექტის განუხილველად დატოვების მუქარა. არამედ, ეს არის შესაძლებლობა შემდგომ რეფორმებზე მსჯელობისთვის.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

●  სრულად გაიაზროს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე და შეწყვიტოს ამ პასუხისმგებლობის კონკრეტულ პირებზე თუ აქტორებზე გადატანა;

●  უზრუნველყოს შემოთავაზებული კანონოპროექტის კონსტრუქციულ, საქმიან და არგუმენტირებულ რეჟიმში განხილვა;

●  წარმოადგინოს სრულყოფილი ხედვა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე და ამ მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე;

●  უზრუნველყოს ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების, დარგის ექსპერტების და ნარკოტიკის მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ადეკვატური ჩართულობა.

პოპულალურები