LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დღეები: თინა ბოკუჩავა იშვიათად არღვევს რეკომენდაციებს, ეკონომიკურ კრიზისს ელოდება და გამოსავალს ერთიანობაში ხედავს

146
ტიმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას კარანტინის დღეებში ყველაზე მეტად ხელისუფლების უმოქმედობა აღიზიანებს.

„ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ ქვეყანას ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდება და ამაში ხელისუფლების მეტი არავინ იქნება დამნაშავე.

„საშუალო და მცირე ბიზნესის გადარჩენის გეგმა ხელისუფლებას არ აქვს, ამიტომ მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რაიმე ადეკვატურად გააკეთებს, არ მაქვს.

ის, რაც საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ ადარდებს ხელისუფლებას.

ეპიდოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება ყველაფერი კარგადაა იმის ხარჯზე, რომ ყველაფერი გაჩერდა და ჩაიკეტა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ხელისუფლება არაფერს აკეთებს. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს ელემენტარული, ყოველდღიური საკვებისთვის მიზნობრივი დახმარება ჰქონდეთ.

ადამიანები, ვისაც კარანტინში ყოფნა არ უჭირთ, ჩვენი ქვეყნის ძალიან პატარა პროცენტია. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ერთ თვეზე მეტხანს სახლში იყოს, არ გამოიმუშაოს და ფინანსურად არ გაუჭირდეს.

რადგან დისტანცირება აუცილებელია, ბუნებრივია, თითოეულმა ჩვენთაგანმა წესები უნდა დაიცვას, მაგრამ ეკონომიკური გაჭირვება, რაც გვემუქრება, ძალიან მაშინებს.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ლიდერების ონლაინკონფერენცია ჩატარდა, სადაც მეც ჩავერთე. ძალიან ბევრი ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის იყო კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა. კორონავირუსზე უფრო დიდი გამოწვევა იქნება ეკონომიკა, რაც მას მოჰყვება. ამაზე მიდის მთელს მსოფლიოში მსჯელობა, რომ გაირკვეს, როგორ მოიხსნას შეზღუდვები ეტაპობრივად, რომ ეპიდაფეთქება არ მიიღო და ამავდროულად აამუშავო ეკონომიკა, იმისთვის, რომ ქვეყანაში შიმშილისგან არ იხოცებოდნენ და ელემენტარული შემოსავლის წყარო ჰქონდეთ“, – აცხადებს დეპუტატი.

 

როდის არღვევს რეკომენდაციებს

„იშვიათად ვარღვევ ექიმების რეკომენდაციებს, ბავშვი ჩამყავს ხოლმე ეზოში. ექიმ ლევან რატიანის ინტერვიუს ვუსმინე, მისი რჩევა იყო ბავშვების აივანზე გაყვანა და არა ეზოში ჩაყვანა. ძალიან კარგი ექიმია, მაგრამ ძალიან იშვიათად მის ამ რეკომენდაციას ვარღვევ. მესმის, რომ ეს ხდება იმისათვის, რომ ადამიანების კონტაქტი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“.

კარგი ჩვევა, რაც შეიძლება კორონავირუსმა დაგვიტოვოს

„მსოფლიომ დაინახა, რომ ერთიანობა აუცილებელია. საზღვრები ჩაკეტილია, მაგრამ უპრეცენდენტოდ გაზრდილია კომუნიკაცია ქვეყნებს შორის. საუბრობენ ვაქცინის შექმნაზე, ბიზნესსექტორს შორის მიდის რჩევებისა და იდეების გაცვლა. ეს ყველაფერი მგონია, რომ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ასეთი ტიპის გამოწვევებთან ბრძოლა ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ხოლმე.
სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ამას არ აკეთებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შევთავაზეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას ვუზრუნველყოფდით, მაგრამ მათ ამ დროსაც კი არ გადადეს გვერდზე პოლიტიკური დაპირისპირება და თანამშრომლობაზე უარი გვითხრეს“.

 რა არის ყველაზე რთული კარანტინის დღეებში

„იმის განცდა, რომ ეპიდგამოწვევას მოჰყვება ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი. დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ამ კრიზისთან გამკლავებას. საქართველოსთვის კორონავირუსის შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან მძიმე. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, კორონავირუსის გამო არჩევნებს არ გადადებენ და შევძლებთ, რომ ეს ხელისუფლება გამოვცვალოთ.
მაფიქრებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური  10 ათასებს ხარჯავს სამინისტროს ავეჯში და დედაქალაქის მერია კი ფეიერვერკების შესაძენად ტენდერს აცხადებს. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ეს არის აუცილებელი ნაბიჯები.

საერთაშორისო დახმარებებისა და ივანიშვილის გადარიცხული 100 მილიონის იმედი, რასაკვირველია, არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ ამოგვიღო ჯიბიდან ფული, ფონდში გადარიცხა და ამას დაარქვა ქველმოქმედება. სამომავლოდაც თუ რამეს გააკეთებს, იგივენაირად მოიქცევა, ისევ ჩვენი ჯიბიდან ამოიღებს ფულს.
საერთაშორისო დახმარებები ბუნებრივია იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მასაც არასწორად და არამიზნობრივად  დახარჯავენ და თუ ამ დახმარების 90% სესხი იქნება, ეს სახარბიელო სულაც არაა“ , – გვითხრა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

New Posts: "ბუტაფორია, რომელსაც სკამი ...

 

ასევე ნახეთ:

 

კარანტინის დღეები: გიორგი მარგველაშვილი მთელ დღეებს დუშეთში ატარებს და ფიქრობს, რომ მსოფლიოში კვება უნდა გაკონტროლდეს

კარანტინის დღეები: ლადო კახაძის „ვეფხისტყაოსანი“ და „შესანიშნავი შვიდეული“

კარანტინის დღეები: გუგული მაღრაძე ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს და “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს

კარანტინის დღეები: ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქს დაუმეგობრდა და ადრე მოწონებულ წიგნებს კითხულობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები