ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის საწყისი წერტილი გახლდათ, 2,5 თვის შემდეგ კარანტინი სრულიად მოიხსნა. თუმცა ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სამსახურში დაბრუნების ნაცვლად ჩემოდნები ჩაალაგა და ქალაქს გაეცალა. The Associated Press-ის ინფორმაციით მათმა რაოდენობამ კარანტინის მოხსნიდან რამოდენიმე საათში 65000 ადამიანს მიაღწია. მათ შორის ვუჰანის მცხოვრებლების გარდა ათასობით მედიკოსი იყო, რომლებიც ეპიდემიის ეპიცენტრში თვეების განმავლობაში მუშაობდნენ. ქალაქი დატოვეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც საახალწლო შვებულებას ვუჰანში ატარებდნენ და ქალაქის დატოვება საკარტანტინო ზომების გამო ვეღარ შეძლეს.

კარანტინის დასრულებიდან რამოდენიმე საათში ქალაქის აეროპორტებს და ვაგზლებს უამრავი ხალხი მიაწყდა, შეიქმნა საცობები სამანქანო გზებზეც. 11 კვირიანმა კარანტინმა ადგილობრივ მცხოვრებლებში სტრესის დონის მატება გამოიწვია და ვითარების შესამსუბუქებლად მათ ქალაქიდან გამგზავრება არჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვუჰანში კარანტინი სრულად მოიხსნა, უსაფრთხოების ზომები მაინც შეძლებისდაგვარად არის დაცული. ავიარეისების დროს პერსონალი დამცავ პირბადეებს და ხელთათმანებს გამოიყენებს. ასევე მოიქცევიან რკინიგზის სადგურების თანამშრომლები და პერსონალი მატარებლებში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის დატოვებამდე ყველა ადამიანი ვალდებულია ჩამოტვირთოს სპეციალური აპლიკაცია, რომელშიც მითითებულია ცნობები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე შეხება ახალ კორონავირუსთან.

ბეიჯინგსა და ქვეყნის სხვა ქალაქების ნაწილში გარკვეული პროტოკოლი მოქმედებს ვუჰანიდან ჩასული მგზავრებისთვის. ქალაქებში შესვლამდე ისინი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ორკვირიანი ვადით საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან.

ვუჰანში უკვე ორი დღეა კარანტინის დასრულებას ზეიმობენ. ამის აღსანიშნავად ქალაქის ცათამბჯენები და შენობები განათდა და მათზე გამოისახა სპეციალური მადლობის მესიჯი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მისამართით. ადამიანები ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან.

ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები და დაწესებულებების ნაწილი ვუჰანში ჯერ კიდევ დაკეტილია, უკვე აღდგა მცირე ბიზნეს-საწარმოების ფუნქციონირება და ნელ-ნელა გაიხსნა პატარა მაღაზიებიც.

მიუხედავად კარანტინის მოხსნისა, უსაფრთხოების ზომები შემსუბუქებული ფორმით, მაგრამ მაინც რჩება ძალაში და იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მატებას დაიწყებს, მთავრობამ შესაძლოა ისევ მიიღოს მკაცრი ზომები.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05