LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰენრი კლუგეს შეხვდა

83
BeFunky-collage (8)

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბატონ ჰანს ჰენრი კლუგეს, საქართველოში მისი ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

შეხვედრა მიზნად ისახავდა Covid-19-ის პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და პერსპექტივებს.

როგორც კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს ტრენინგებით უზრუნველყოფს.

“მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისათვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად. – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. -გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით. უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად აგრეთვე განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა სხვადასხვა არხების მეშვეობით აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში.” – განაცხადა ელჩმა.

თავის მხრივ ჰანს კლუგემ მადლობა გადუხადა  ევროკავშირის ელჩს საქართველოს მოქალაქეების,  მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

”მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დროს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა სოციალური ერთიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. “- აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ.

ცნობისთვის, ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით, მათ შორის:

თითქმის 2 მილიონი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება საქართველოს ლაბორატორიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის პაციენტის მოვლისა და მკურნალობისთვის აუცილებელი მასალების მიწოდება
პერსონალის უნარების განმტკიცება, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების ტრენინგების ჩათვლით და Covid-19-თან დაკავშირებულ რეგიონულ ექსპერტიზაზე წვდომის უზრუნველყოფა; საზოგადოებაში ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი ზომების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით.

ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები