LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარტოფილს კიბო აღმოაჩნდა – თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის იმპორტი აიკრძალა

376

თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა დროებით აიკრძალა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან კარტოფილის იმპორტი აღარ განხორციელდება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ოთარ სხვიტარიძე ამბობს, მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

”თურქულ კარტოფილში აღმოჩნდა კიბო, რაც არის მცენარის დაავადება და არავითარ შემთხვევაში არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას, თუ მას მიირთმევენ. ანუ, ამგვარი კარტოფილის მოხმარება ადამიანისთვის საშიში არ არის, თუმცა ასეთი კარტოფილის დათესვის შემთხვევაში, საქართველოში კარტოფილის მოსავალს საერთოდ ვერ მივიღებთ. ამიტომ, ეს არის დროებითი, 3-თვიანი ღონისძიება, რომ თესვის პერიოდში, ფერმერებმა თურქული კარტოფილი არ გამოიყენონ და კარტოფილის კიბო არ გავრცელდეს საქართველოში“,- აღნიშნა ოთარ სხვიტარიძემ.

ცნობისთვის, მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები