LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხში უნდა გავიდნენ, ხალხი უნდა დაარწმუნონ“…ცხელი პოლიტიკური შემოდგომა თუ 2024 წლის არჩევნებამდე ლოდინი – ოპოზიცია გეგმებზე ალაპარაკდა

162
აქცია-შინ-ევროპისკენ

ქართული პოლიტიკა გადაიღალა. დადგა თუ არა ზაფხული, ის ავტომატურად დასვენების რეჟიმზე გადავიდა. მანამდე იყო აქციებიც, პარლამენტში მწვავე გამოსვლებიც და მინიმუმ მცდელობები, რომ საზოგადოებას ოპოზიციის მუშაობა დაენახა.

ახლა აგვისტოა, ყველაზე პასიური პერიოდი პოლიტიკაში. არადა, სწორედ დღეს, საქართველო ისეთ ბეწვის ხიდზე გადის, მოდუნების საშუალება რომ არ უნდა გქონდეს. რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა და აქედან მომდინარე რისკები იქნება,  ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა თუ ოცნების ყოფილი დეპუტატების მუდმივი თავდასხმები აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებზე, ყველაფერი ამას პოლიტიკოსებისგან შეფასებები კი არა ქმედებები სჭირდება. შეფასებები პოლიტოლოგებს დავუტოვოთ, ოპოზიციას კი გეგმებსა და გამოსავალზე ვესაუბროთ. ამ მასალაში შევეცადეთ, სწორედ ოპოზიციის საშემოდგომო პოლიტიკური სცენარი და მისი განხორციელების გზები გაგვერკვია.

 

 

 

დაუმორჩილებლობა თუ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება

 

 ოპოზიციის ნაწილმა საზოგადოებას პირდაპირ განუცხადა, რომ ისინი დაუმორჩილებლობას აცხადებენ, ოღონდ კანონის ფარგლებში.

პარტიებს შორის რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია, ამას “გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერები ადასტურებენ.

ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა და ეს დაამტკიცა იგივე გოგაშვილის ათასობით ფაილმა, რომ 2018- დან მოყოლებული მინიმუმ, ძალაუფლება აქვთ მიტაცებული. ყოველ არჩევნებზე იტაცებენ  ძალაუფლებას შანტაჟით, ყიდვით, დაშინებით და ა.შ.

ვიღაცა გაზის თავზე, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ აქვს და შენ ცხოვრებას მართავს და შენი შვილების ცხოვრებას მართავს. აბა, რა არის აქ გზა გარდა იმისა, რომ თქვა, რომ შენ არ ხარ ჩემი ბატონი და პატრონი და უფროს და არ გემორჩილები. თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამაში, მე მგონია, რომ ჩაერთება, მაშინ მიზანს მივაღწევთ, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძე: ამოცანა რიგგარეშე არჩევნების მიღწევაა...არ დაკარგოთ რწმენა, უნდა გავბევრდეთ - თუ არადა დაელოდეთ მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გაღვიძებას

ზურა ჯაფარიძე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს და დახმარებას სთხოვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს. 

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ პარტიების ნაწილს შორის კონსულტაციები დაწყებულია და საჭიროა როგორც ქუჩის საპროტესტო აქციები, ისე პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია.

რამდენად იზიარებენ სხვა პარტიები მათი კოლეგების აზრს დაუმორჩილებლობასა და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვაზე – ამაზე მკვეთრი და მკაფიო პასუხი ან გეგმა არ არსებობს.

ამის მიუხედავად, იკვეთება პარტიების პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტურები. მათი ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ ისინი ყველა კანონიერ ფორმას და საშუალებას გამოიყენებენ ხელისუფლების შესაცვლელად. პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, საჭიროა ქუჩის აქციები და მასში ჩართვას აპირებენ , ასევე თვლიან, რომ აუცილებელია ყველა სხვა ბერკეტის გამოყენებაც, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია.

პოლიტიკოსების განცხადებით, ზუსტი თარიღებისა და კონკრეტული ვადების დასახელება არასწორია, რათა საზოგადოებაში მოლოდინები არ გაჩნდეს, რომ ცვლილებები რომელიმე კონკრეტულ რიცხვში დადგება. პარტიების განმარტებით, ეს რუტინული პროცესია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე ხალხთან კომუნიკაციაა საჭირო.

 

 

 

რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის გეგმებს

 

რამდენად ცხელი შემოდგომა იქნება, ამას მომავალი აჩვენებს. რამდენად სწორად წარმოუდგენია ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის მართვა, რომელმაც ხელისუფლების ცვლილებამდე უნდა მიგვიყვანოს – ამას უკვე პოლიტოლოგები გვეტყვიან.

გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ მთავარი მოქალაქეებთან კომუნიკაციაა, რაც მისი აზრით, ამ ეტაპზე არ ჩანს.

„ოპოზიციას ამომრჩეველთან ხიდი აქვს ჩატეხილი. ნდობას სჭირდება დაბრუნება, ამას 24 საათიანი მუშაობა უნდა. დღეს არა და ხვალიდან დავიწყებ – ეს ზარმაცი სტუდენტის ქმედებას ჰგავს, ამასობაში სტუდენტისთვის გამოცდა ისე მოდის, რომ მომზადებული არაა და თავცარიელია.

საზოგადოებას ოპოზიციასთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემა, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან და ხალხში დადიოდნენ. ერთად იმოქმედებენ თუ ცალ-ცალკე, უნდა ეცადონ, რომ ხალხში უკეთესი მომავლის რწმენა გააჩინონ. მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება ცუდია, ეს არაა საკმარისი. შენ რომ კარგი ხარ ეს უნდა დაამტკიცო.

ნიკა მელია: რუსული ოცნების პირობებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ...წევრობაზე ოცნებაც არ ღირს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

რაც შეეხება გეგმას და ინსტრუმენტებს, ყველაფერი უნდა გამოიყენო. ქუჩის აქციებიც, პარლამენტიც, ყველაფერი. როცა ეს მწირი გაქვს, არაფერზე უარი არ უნდა თქვა. ისინი უნდა მოქმედებდნენ. ზაფხულში ცხელა, შემოდგომაზე წვიმა იქნება, ზამთარში ცივა და ა. შ.

იმის უნარი უნდა ჰქონდეთ, რომ თავისი გადაწყვეტილებები ხალხს აუხსნან. მანდატის დატოვებაც შეიძლება და პარლამენტში ჯდომაც – ეს თუ ხალხს არ აუხსენი, ყველაფერი წყალში გადაყრილია.

ვფიქრობ, ისინი სატელევიზიო, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ. გასაგებია, რომ არის მატერიალური პრობლემებიც. პოლიტიკა ჰგონიათ, რომ ტელევიზიაში კვირაში ერთხელ ილაპარაკებენ. ტელევიზორში გამოსვლა, რომ პოლიტიკურ პროცესს განსაზღვრავდე,.. ასე შეიძლება რაღაც საფუძველი შექმნა.

გადით ხალხში და ელაპარაკეთ. თუ ცხელა, ბათუმში წადით, იქაურ ამომრჩეველს ელაპარაკეთ. სიარული არ არის თვეში ერთხელ რომ სადღაც ჩავლენ და ჩამოვლენ. უნდა ელაპარაკო. გეგმა უნდა ჰქონდეთ რეალური. ხალხს უნდა აუხსნან, მაგრამ ჯერ გეგმაც არ აქვთ ჩამოყალიბებული.

პოლიტიკა ეს არის ჭადრაკი, რთული თამაშია, მრავალსვლიანი კომბინაციები. შენ რომ რაღაც ნაბიჯს დგამ, დილით დავიწყებ  და საღამოს დავამთავრებო, ამით ხომ ხალხს იმედგაცრუებას უჩენ. რეალური გეგმა დასახონ, რომელიც A წერტილიდან B წერტილამდე მიიყვანს, აიყოლიონ ხალხი, მოახდინონ პროტესტის კაპიტალიზაცია. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ამ დრომდე ოპოზიცია ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, როდის გახდება მათი ერთობლივი თუ ცალ-ცალკე შემუშავებული გეგმა საზოგადოებისთვის ცნობილი და რას აპირებენ პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები