LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „მე და ჩემი მეუღლე დღეებს ვითვლით, როდის შევძლებთ ერთმანეთის ნახვას…“

4476
xatia-shamugiahusbandnews

„ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია შამუგია თვითიზოლაციას შვილთან, ნიკასთან ერთად ატარებს. თან, დისტანციურად მუშაობს, თან სახლში ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისთვისაც აქამდე ვერ იცლიდა.

ცნობილი სახე მცირე ხნის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე, აჩიკო მინდაძე ირლანდიაში ცხოვრობს, წყვილი აქამდეც დისტანციურად კონტაქტობდა, თუმცა ხშირად ახერხებდა ერთმანეთის ნახვას. ახლა, სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა, ერთმანეთი არ უნახავთ და დღეებს ითვლიან შეხვედრამდე…

შენ, ასეთ პოზიტიურ და მხიარულ ადამიანს, როგორი განწყობა გაქვს იზოლაციაში?

ხატია შამუგია:

არ ვარ ცუდ განწყობაზე, ბევრ ისეთ რაღაცას მივხედე სახლში, რისთვისაც აქამდე ვერასდროს მოვიცალე. მოგეხსენებათ, დიდი დიასახლისობით არ გამოვირჩეოდი. ყველაფერი ისე იყო, როგორც დედაჩემს სურდა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვერც კი მოვიცალე, რომ სახლისთვის მიმეხედა და ახლა ზუსტად ის დროა, როცა სახლს მივხედე.

ახლაც, რომ გესაუბრები, მჭადს ვაცხობ (იღიმის). დრო გადის, უფრო მალე, ვიდრე სამსახურებში რომ დავდიოდი, მაშინ. ვუსმენ გადაცემებს, მათ შორის, მოვისმინე გერმანელი ფსიქოლოგის საინტერესო სემინარი. მან თქვა, თუ გსურთ, არ მოგერიოთ სტრესი, დრო გაანაწილეთ, გქონდეთ გრაფიკი და მიზანიო. მეც მაქვს ასეთი გრაფიკი. დღეს დავალაგე ტანსაცმლის კარადები, ხვალ კიდევ სახლის სხვა საქმე გამოვიძებნე და ასე. პარალელურად, დისტანციურად ვმუშაობ. პიარების საქმე მაინც ტელეფონით კეთდება ძირითადად, რასაც სახლიდანაც მშვენივრად ვახერხებ. სახლიც კარგად გავიცანი, დავალაგე, დავრეცხე და დავხეხე, რომ არა კორონა, ამას ვერ ვიზამდი.

ჩემს შვილს ონლაინგაკვეთილები აქვს, აბიტურიენტია და მისთვისაც ძალიან კარგად ვიცლი.

უფრო აქტიურად ჩაერთე მის მეცადინეობაში?

ნიკას სულ იმას ვეხვეწებოდი, რომ მინდოდა მომესმინა, როგორ საუბრობს ინგლისურად. ხომ იცი, მშობელს როგორ უხარია ასეთი რამ. არასდროს მესაუბრებოდა ინგლისურ ენაზე. ახლა ვესწრები მის ინგლისურის გაკვეთილებს და ძალიან ვამაყობ და მიხარია, მაგრამ თან ჩართული ვარ მის კონტროლში, რომ რომელიმე გაკვეთილი არ გამორჩეს და ვართ ასე ჭიდილში. საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ მომბეზრებია.

თვითიზოლაციაში ნანახი ფილმებიდან რომელი მოგეწონა, ჩვენც გაგვიზიარე…

მოვიცალე ფილმების სანახავად. ჩემი მეგობარი, კახა მაღრაძე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩემი გემოვნება, მიზიარებს ხოლმე კინორეკომენდაციებს. მისი რჩევით ვნახე ერთი არაჩვეულებრივი ფილმი, „ჟლეტა“, რომლის რეჟისორიც გახლავთ რომან პოლანსკი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ასევე ვნახე გასპარ ნოეს „სიყვარული“, გახმაურებული ნამუშევარია და ბევრი სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი მოვისმინე და რეცენზია წავიკითხე. ყველამ სხვადასხვანაირად აღიქვა, ჩემთვის ეს ფილმი ძალიან კარგი გაკვეთილია, როგორ ღუპავს ადამიანს არასიფხიზლე, სადამდე მიჰყავს გადამეტებულ კლუბურ ცხოვრებას. საინტერესო ფილმია, ლამაზი და არანაირად არ აღვიქვი, როგორც პორნოგრაფია. მრცხვენია, რომ ამას ვამბობ, მაგრამ არ მქონდა ნანახი „ტურისტი“ ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის მონაწილეობით, ასევე „დღე და ღამე“ ტომ კრუზისა და კამერონ დიასის მონაწილეობით. ეს შედარებით მსუბუქი ფილმებია. ის, რისი თავიდან ნახვაც მინდა, რადგან მეძინებოდა და კარგად ვერ გავიგე, „ლობსტერია“ კოლინ ფარელის მონაწილეობით. ბოლო პერიოდში ბერნარდო ბერტოლუჩის „კონფორმისტი“ შეემატა ნანახი ფილმების სიას. ესეც საკმაოდ მძიმე ფილმია. სხვათა შორის, ბევრი კარგი ფილმი ტელევიზიითაც გადის. შინ ფილმების ყურების ტრადიცია არ მქონია, რადგან ბოლო წლებში ჩემს მეგობრებთან ერთად კინოში სიარულის ტრადიცია მაქვს, ასე რომ, ბევრი რამ ნანახი მაქვს, თუმცა ბევრიც გამომიტოვებია.

სერიალების მოყვარული არ ვარ. მხოლოდ „ტვინ პიკსი“ მაქვს ნანახი, მარიო პიუზოს „უკანასკნელი დონი“, სადაც სულ რამდენიმე სერიაა და ასევე ყველამ იცის, როგორ მიყვარს „ჩემი ცოლის დაქალები“. ახლა „რუსთავი 2“–ზე წავაწყდი უკრაინულ სერიალს „ბედის მძევლები“ და ჩემთვის საინტერესო სიუჟეტი აქვს. ასაკში მივხვდი, რომ მსუბუქ სერიალებში, თუნდაც ბრაზილიურში, ბევრი ისეთი რამ შეგიძლია ნახო, რაც დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგცემს. ამ უკრაინულ სერიალს ამავე მიზეზით ვუყურებ. ერთ–ერთი პერსონაჟი სერიოზული კომპანიის მმართველია და კარგად აჩვენებენ, როგორი ინტრიგებია და რა შეიძლება თავში მოუვიდეს ვინმეს შენს „დასაძირად“ და ა.შ.

სულ გამოპრანჭული რომ იყავი, როგორაა ახლა საქმე?

საღამოს ექვს საათზე, როგორც წესი, ორი საათი ვსეირნობ, გარეთ გამოპრანჭული გავდივარ, რომ არ დამავიწყდეს, რას ნიშნავს ჩაცმა–დახურვა  (იღიმის). ნაგვის პარკი რომ აივსება, ჩემზე ბედნიერი არავინაა დედამიწაზე. მე და ნიკა სულ ვჩხუბობდით, ვის უნდა გადაეყარა ნაგავი, ახლა მე დამაქვს სულ. ჩემი შვილი კი საერთოდ არ გასულა გარეთ.

რაც შეეხება თავის მოვლას, ვისწავლე ფრჩხილების გაკეთება, გადასარევად, ასევე თმის შეღებვაც, უკვე მეორედ შევიღებე. მაკიაჟს კარგად ვერ ვიკეთებდი, მაგრამ ესეც ვისწავლე. რა გინდა, ვართობ ხალხს, გარეთ პომადით რომ დამინახავენ (იცინის).

ვინმეს ნახვას ახერხებ შვილის გარდა?

ვერა, ვერავის ვნახულობ. მეგობრებს „სკაიპით“ ვეკონტაქტები. საბურთალოზე ვცხოვრობ და მთელი საქართველო აქ დადის, შესაბამისად, გარეთ თუ ვინმეს შევხვდები ხოლმე, მაგრამ პირბადითა და ხელთათმანებით ვარ და დისტანციას ვიცავ. ძალიან დავაფასე თითოეულ ადამიანთან ურთიერთობა. თუ ვინმემ ვერ დამინახა, იქით ვეძახი, რომ მოვიკითხო.

პირველი, რასაც გავაკეთებ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, არის ის, რომ წავალ სადმე სხვაგან და დავლევ ყავას. ვიცი, რომ დიდხანს ვერ ჩავეხუტები ჩემს მეგობრებს… მეშინია, ადამიანები ცივები არ გავხდეთ, მაგრამ კარგა ხანს ვერ გადავლახავთ მგონი, ამ დისტანციას. როცა ადამიანს ვნახულობ, შიში მკლავს და არც მე მინდა ჩავეხუტო, მაგრამ ქართველებს სხვანაირი ტემპერამენტი გვაქვს და გვიყვარს ჩახუტება და გადაკოცნა.

როგორც ამბობენ, სხვანაირ სამყაროში ვიცხოვრებთ და ერთმანეთს დავაფასებთ. მეც ასე მგონია. უფრო დავაფასებთ ჯანმრთელობას, ერთმანეთთან ურთიერთობას. ბევრი რამ გადავაფასე, მათ შორის დავინახე ისიც, რომ წარმავალია რაღაცები. მაგალითად, ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, რომ რაღაც ფეხსაცმელი გინდა, არ გაქვს და ამაზე ნერვიულობ. მგონი, ზღვარს გადავდიოდით და შეგვაჩერეს. ფასს კარგავს ნივთები. ბოლო მოდელის მანქანა რომ არ მყავს, საერთოდ არ მადარდებს, რადგან რაც მყავს, ისიც გაჩერებულია და ფეხით დავდივარ. სამწუხაროა, რომ ვინც ამ ვირუსმა შეიწირა, იმ ადამიანებს ვერავინ დაიბრუნებს… ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა, თუმცა მგონია, რომ ესეც გაივლის და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩაჯდება.

ცოტა ხნის წინ დაქორწინდით შენ და აჩიკო მინდაძე. ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. ალბათ, ერთმანეთი არ გინახავს. კორონავირუსმა ბევრი წყვილი დააშორა.

ჩვენც ასე ვართ. აჩიკო ირლანდიაში, დუბლინში ცხოვრობს, თვეში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ დისტანციას მაინც მიჩვეული ვიყავით, ონლაინკონტაქტი გვაქვს სულ. ეს ახალი ამპლუა არ არის ჩვენთვის, მაგრამ ამდენი თვე რომ ერთმანეთი არ გვენახოს, ასეც არ ყოფილა. მარტში მივფრინავდი დუბლინში, მე რომ დავბრუნდებოდი, ნიკუშა მამამისთან მფირინავდა აშშ–ში. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამას გაგებით ვუყურებ. ხალხმა ოჯახის წევრები დაკარგა და მე თუ ცოტა ხანს ვერ მოვახერხებ დუბლინში გაფრენას, ამასთან შედარებით არაფერია.

ამხელა პაუზა არ გვქონია და დღეებს ვითვლით, როდის გაივლის კორონა და როდის ვნახავთ ერთმანეთს. აჩიკო სულ მაწყნარებს, მეჩხუბება, თუკი სიტყვა კორონას ვახსენებ და ამ სიტყვის ხსენება ამიკრძალა (იცინის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები