LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: დადგა დრო, პრემიერმაც და „ოცნების“ ხელმძღვანელობამ ხმამაღლა განაცხადოს, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან მათი წასვლის დროა

33
მამუკა ხაზარაძე

„ვფიქრობ, დადგა ის დრო, პრემიერმაც და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ხმამაღლა განაცხადოს, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან მათი წასვლის დროა,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს.

„ეს ქვეყანა ამდენ ოცნებას ვერ უძლებს და ვერ გაუძლებს, საქმის კეთების დრო დადგა,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

„ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს როგორი საქმის კეთება ვიცით და როგორია საქმის კეთება, ამიტომ ეს ზღაპრები, რომლებსაც ვისმენთ, ყველას ყელში ამოუვიდა და ამ ფუჭ ოცნებას საქართველო 2 ოქტომბერს დაამთავრებს.

მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები  გარდაუვალია. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 43%-იან ბარიერს „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს, დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები, რაც ჩვენს ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნის და განვითარების ძალიან სწრაფი ტემპის საწინდარი იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, „ლელო“ საარჩევნო მარათონში საკმაოდ მძლავრად შევიდა და პარტია მხარს ისეთ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს, რომლებიც პროდასავლურ ორიენტაციას იზიარებენ.

„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 8 კანდიდატი გვყავს და 2000 მაჟორიტარობის კანდიდატი. საარჩევნო მარათონში საკმაოდ მობილურად და მძლავრად შევედით. რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიას, პროდასავლურ ორიენტაციას იზიარებენ, ოპოზიციურ კანდიდატებზე მაქვს საუბარი, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ თავმჯდომარემ დღეს, ახალციხეში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

13 მაჟორიტარული ოლქიდან „ლელოს“ კანდიდატი მხოლოდ სამ ოლქში ეყოლება: ფერსაში – მანუჩარ გოგოლაური, ვალეში – ნიკოლოზ ხიზაძე და აწყურში მანანა მახათაძე. პარტიამ ასევე წარადგინა მერობის კანდიდატი მანუჩარ ჩაჩანიძე. „ლელო“ არჩევნებში პროპორციული სიითაც მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები