LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლება შეკრულია კრიმინალებთან და მათ თავზე ხელს აფარებს”

97
კრიმინალი 3 (1)

ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, ძალადობა – დანაშაულები, რომლებიც საქართველოსთვის უკვე ჩვეულ ყოველდღიურობად იქცა, საინფორმაციო საშუალებები კი კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა. ჩვენც ისე მივეჩვიეთ ასეთ ინფორმაციებს, აღარც კი გვაღელვებს, ერთს ამოვიოხრებთ და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განვაგრძობთ. მხოლოდ იმ დროს ვფხიზლდებით, როცა ჩვენს ახლობელს გაქურდავენ, დააყაჩაღებენ ან დაჭრიან. რა ხდება ქვეყანაში, რატომ გვესმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე კრიმინალური ისტორიები და რატომ ეშინია მოქალაქეების ნაწილს ღამით ქუჩაში სიარულის – ამ საკითხების გარკვევას „ფორტუნა“ ექსპერტებთან ერთად შეეცადა.

ყველას გვახსოვს გიორგი მღებრიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი, როცა ადგნენ და ასე, უბრალოდ შეწყვიტეს სტატისტიკის გამოქვეყნება. მაშინ (2016 წელს) მღებრიშვილი ამბობდა, რომ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას არანაირი რეგულაცია არ ავალდებულებდა. სხვათა შორის, კიდევ უფრო მანამდე, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობდა (2014 წელს), რომ ყოველთვე სტატისტიკის გამოქვეყნება მხოლოდ მათი კეთილი ნება იყო. ახლაც კეთილი ნებაა თუ რეგულაცია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, დღეს სტატისტიკის გადახედვის საშუალება თვეების მიხედვით გვაქვს და ეს ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.

"კრიმინალს ვებრძვით ყოველდღიურ რეჟიმში" - დავით მათიკაშვილი თანაგუნდელის სახლის გაქურდვაზე

მიდის ყოველდღიური ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ რბილი, ჰუმანური პოლიტიკის პირობებში ზოგადად არ არის საქართველო გამონაკლისი

ბევრი ციფრით რომ არ დაგტვირთოთ, შესადარებლად ავიღეთ 2019 წლის 10 თვე და შევადარეთ 2018 წლის 10 თვეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს იანვარ-ოქტომბერში 49 057 დანაშაული იყო სულ რეგისტრირებული (აქ შედის ყველა სახის დანაშაული), ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 53 922 დანაშაული ფიქსირდება, რაც 9,92%-იანი ზრდას ნიშნავს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის 10 თვეში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო და 30 659-ს შეადგენდა.

ეს არის სტატისტიკა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ აღრიცხული დანაშაულების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ეს ზრდა ზოგჯერ – აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ზოგჯერ კი მედიას ბრალდება, რომ კრიმინალი ახლა უფრო ხშირად შუქდება საინფორმაციო საშუალებებში, ვიდრე წლების წინ. ასეა თუ ისე, ზრდას ოფიციალურ სტატისტიკაში ვხედავთ. იურისტები და ექსპერტები კი გვეუბნებიან, რომ დღეს ქვეყანაში კრიმინალი თავის ნებაზეა მიშვებული.

რადიო “ფორტუნა” იურისტ ლევან სამუშიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სტატისტიკისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგება არაფერ შუაშია. სამუშია ასევე გამორიცხავს მედიის “როლსაც” და მიიჩნევს, რომ მედია აშუქებს იმას, რაც ქვეყანაში ხდება.

„კრიმინალი გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ მუშაობს. სამართალდამცავი ორგანოები თავის ფუნქციებს ჩამოშორდნენ და პოლიტიზირებულები არიან. ვხედავთ, რომ დაზარალებულებს ბრალს უყენებენ და ბრალდებულებს თავზე ხელს უსვამენ. ერთ-ერთი ბოლო ამ მხრივ იყო გიგი უგულავას საქმე. ეს ყველაფერი ცხადია, აისახება გარემოზე და სწორედ ამიტომ ვხედავთ, ქვეყანაში კრიმინალის ზრდას”, – აცხადებს სამუშია.

იურისტები განმარტავენ, რომ კრიმინალის ზრდაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მათი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალთან “შეკრულია”. იურისტები ამბობენ, რომ ეს ხელისუფლებას, ძირითადად, არჩევნებისთვის სჭირდება. მათი თქმით, მმართველი გუნდი და კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთთან წარმატებით “თანამშრომლობენ”.

ვხედავთ, რომ ხელისუფლება შეკრულია კრიმინალთან. ე.წ. ქუჩის ავტორიტეტები მმართველ გუნდს მიჰყავს საარჩევნო უბნებეზე, ისინი აძლიერებენ ხელისუფლების პოზიციებს, ხელისუფლება კი კრიმინალს თავზე ხელს აფარებს. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ამაზე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები უკვე ვნახეთ. ეს არ არის უბრალოდ განცხადებები, ეს ძალიან სერიოზული რამის მანიშნებელია. რაც მთავარია, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, 2020 წლის არჩევნების შედეგებზე აუცილებლად აისახება. 

გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაცვლილს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდოს და რატომ არ უნდა იყოს მმართველი გუნდი, ასეთი ფაქტების მაქსიმალურად შემცირებით, იურისტები გვპასუხობენ, რომ ხელისუფლებას კრიმინალები სჭირდება. მათი თქმით, ფაქტია, ქვეყანაში ქურდობის, ყაჩაღობის, მკვლელობების ფაქტები იზრდება. მმართველ გუნდს კი, იურისტების თქმით, ეს სულაც არ ადარდებს, რადგან კრიმინალური ავტორიტეტები, მათი განმარტებით, ხელისუფლებისთვის არჩევნებზე მთავარი დამხმარე ძალაა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მისი თქმით, სოციალური ფონი საქართველოში მძიმეა, რაც დანაშაულის ზრდას ხელს უწყობს. ალაფიშვილი ასევე თვლის, რომ კრიმინალთან ბრძოლა, მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არაა. იურისტის განმარტებით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია კრიმინალის ზრდას გარკვეულწილად ხელს უწყობს.

 

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2019 წელი ახლა სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. არსებული მონაცემები, რაც სტატიის დასაწყისში მოგაწოდეთ, მხოლოდ 2019 წლის 10 თვეს მოიცავს. მთელი წლის მონაცემები კი ცნობილი 2020 წლის პირველ ნახევარში გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები