LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი: ზელენსკის მოსმენა სიმბოლური ჟესტია, რომელიც ქვეყანას პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება – ზეწოლა უნდა იყოს მაღალი, რომ ამაზე წამოვიდნენ

81
თინა ხიდაშელი

„საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა იქნება სიმბოლური ჟესტი, რათა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი პრესტიჟი აღიდგინოს“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა და თქვა, რომ არ აქვს მოლოდინი, „ქართული ოცნება“ ზელენსკის მოსმენას დათანხმდება.

„ვფიქრობ, ეს არის ის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ქვეყანას საკუთარი სახელმწიფოებრივი პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება. არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდება, მაგრამ ვფიქრობ, ზეწოლა უნდა იყოს ძალიან მაღალი, რომ ამაზე წამოვიდნენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას კი ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნდობა აქვს დაკარგული და ამის აღსადგენად შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ახლა შარლ მიშელის დოკუმენტი არის ერთგვარი საგზაო რუკა ჩვენთვის, რათა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნათქვამი რაიმე სიტყვა სერიოზულად იქნეს აღქმული, ასევე იმისთვის, რომ ჩვენთან საუბარი დაიწყონ და ნდობა დავიბრუნოთ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მთავარი დაკარგა – პარტნიორების მხრიდან ნდობა ამ პროცესში. ამიტომ, უპირველესი ამოცანა არის ცალმხრივად, რაც შეიძლება სწრაფად მუშაობის დაწყება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ამ ნდობის აღსადგენად. მთავარი მოცემულობა არის შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც შესასრულებლად ადვილია, უბრალოდ საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აქვს.

ამის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ვინმე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს სერიოზულად დაელაპარაკოს. შესაბამისად, ეს საზოგადოებრივი ზეწოლა, რომელიც მუდმივად სახეზე უნდა იყოს, იმასაც უნდა ემსახურებოდეს, რომ ის პირველი ნაბიჯები გადაადგმევინოს ხელისუფლებას, რომელიც დამოუკიდებლად, ბრიუსელის გარეშე უნდა გააკეთონ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ამ პროცესში პრეზიდენტის როლს, ხიდაშელი ამბობს, რომ „პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რაც თავისთავად ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს პოლიტიკური ნების ფორმირების თვალსაზრისით“.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივაა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

პაპუაშვილი: ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვაზე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა… ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები