LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხონში ახალი ტურისტული გზის მშენებლობა იგეგმება

986

წყალტუბო და გორდი–კინჩხა ერთმანეთს დაუკავშირდება. ამ გეგმის წინასაპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. გზის დაგება კი სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.

პროექტის ფარგლებში გზებთან ერთად აშენდება ხიდებიც.

როგორც “ფორტუნას” ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გორდი-მაჭაკეთი-ნოღა-ძეძილეთი; ნოღა-ძეძილეთი; საწულუკიძეო-ახალბედისეული-გვაშტიბი-ძეძილეთი-გელავერი. ეს არის სოფლები, სადაც უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზისა და მდინარეებზე-ცხენისწყალი, მეჭია- ხიდების მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნულ სოფლებში ათეული წლებია მოსახელობა უგზაობას უჩივის და მათთვის ცენტრთან დაკავშირება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, შესაბამისად ეს ადგილობრივების პრობლემებს მოავარებს.

გარდა ამისა, გორდსა და კინჩხასთან მისასვლელად წყალტუბოდან მხოლოდ 15 კილომეტრის გავლა იქნება საჭირო, რაც ტურისტულ მარშრუტს უფრო მიმზიდველს გახდის.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამუშავებს. დაფინანსება კი დონორების მეშვეობით მოხდება.

ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმოადგენლებთან ერთად ხონის მაღალმთიან სოფლების ესტუმრა და ცენტარლური გზების წინა სარეაბილიტაციო დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს, ხონის იმ სოფლებში ვიმყოფებოდით, სადაც გზა ფაქტიურად არ არსებობს და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. წლებია ამ სოფლებში მაცხოვრებლები, განსაკუთრებით უამინდობის დროს, ვერ ახერხებენ ცენტრთან დაკავშირებას.
მოქალაქეებს დავპირდი, რომ მაქსიმალურად ვეცდებოდი მათი პრობლემების მოგვარებას. გზის ხელმისაწვდომობა სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავჭრათ. ამ მიზნით, სპეციალისტებთან ერთად, პირადად გავიარე ყველა ის სოფელი, მონაკვეთი, სადაც უახლოეს მომავალში გზის მშენებლობას დავიწყებთ და იქ მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას გადავუჭრით.
ეს იქნება უმოკლესი ტურისტული გზა, რომელიც კურორტ წყალტუბოსა და გორდი-კინჩხას ღირსშესანიშნაობებს დააკავშირებს. ასევე, მშენებლობის შედეგად მოხდება ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის რეგიონების მოკლე გზით დაკავშირება ხონისა და სამეგრელოს რეგიონებთან. გაიზრდება ტურისტების ნაკადი და გამოცოცხლდება ის სოფლები სადაც ეს ახალი მარშრუტი გაივლის.“ – განაცხადა ხონისა და ვანის დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა.