LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ რომ მოგხსნათ ივანიშვილმა, სამსახური ვეღარ იშოვოთ და ხელისუფლებამ გითხრათ სიბერემდე ვერ დახარჯავთ ამ 50 000 დოლარსო, სამართლიანია? – ბოკერია პრემიერს

120
Giga-Bokeria

“ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაც გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში” – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში.

ბოკერიამ გახარიას მოუწოდა ოპოზიციისადმი და ზოგადად პარლამენტში გამოსვლის დროს მეტი პატივისცემა გამოიჩინოს. მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ცივილიზებულ ოპოზიციასთან არის დიდ გულზე.

თქვენ პატივს სცემთ ვინც გამცირებთ

“ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან ეს რაღაც კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის?! თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ. ვინ წაგახალისათ ძალიან მაინტერესებს. მაინც და მაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?! თქვენ პატივს სცემთ ვინც გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო?! დრო გჭირდებათ მეტი, პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში და მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხო?! ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ და გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?! კონსტიტუცია “მკიდია” და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან აქ დიდ გულზე იყოთ, ეგ არის რაც ქვეყანას გამოადგება თქვენი აზრით?! ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაც გაიგოთ და რაღაცა ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

დაფიცებული გაქვთ ხატზე, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ

გიგა ბოკერია პრემიერ მინისტრს იმის ახსნას სთხოვდა, თუ რატომ არ შეამცირა ხელისუფლებამ გადასახადები.

“რატომ არ წევთ გადასახადებს, რატომ არ გინდათ რომ ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოთ, უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზა არის გადასახადების დაწევა, მაგრამ დაფიცებული გაქვთ ხატზე, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, ჩვენ უფრო კარგად დავხარჯავთ თქვენს ფულსო. ეს რა პოლიტიკური უტიფრობაა. ხვალ რომ მოგხსნათ ბიძინა ივანიშნილმა, რაც რეალურია, არ გაგიმართლოთ და ვერ იშოვოთ სამსახური, ხელისუფლებამ კი გითხრათ, რომ თქვენს მიერ დანაზოგ 50 000 დოლარს არ გახარჯინებთო, რომ დაბერდები მერე აიღეო, ეს სამართლიანია? – მიმართა გიგა ბოკერიამ გახარიას.

 

რვა ტყუილი თუ შუბლში მოხვედრილი რვა სიმართლე: პარლამენტში დაპირისპირებების დეტალები

 

სამწუხაროდ, პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის

გიგა ბოკერიას გამოსვლის შემდეგ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ დღევანდელი ინტერპელცია პოლიტიკური სპეკულირების ხასიათი მიიღო და ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლებში არა რეალური კითხვები, არამედ მხოლოდ ემოციური, პოლიტიკური ლოზუნგებია.

“მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად, ეს ერთი. მეორე – ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს. სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს, თუმცა არა უშავს” – აცხადებს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები