LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ დიდხანს გაძლო ამ ჭაჭაზე დამზადებულმა ტურისტულმა მოლოტოვის კოკტეილმა“

212
333563-238539559535165-1604849877-o

მწერალი პაატა ქურდაძე საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას პოსტად აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, თბილისს არანაირი შანსი არ აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში იმდენად სასურველი მიმართულება გახდეს რომ ევროპამ რუსეთი ჩაანაცვლოს.

პაატა ქურდაძე იმ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საქართველოს ტურისტულ სექტორშია – ღამის ხმაურზე, არაეკოლოგიურ გარემოსა და საკვებზე, უხარისხო ღვინოზე…

მწერალი ასევე წერს იმასაც, რომ რუსი ტურისტების ხარჯზე გაზრდილი ეკონომიკა ნაღმი იყო, რომელიც ოდესმე აუცილებლად აფეთქდებოდა. 

 

„დილის სამ საათზე საშინელი ხმაური რომ გაგაღვიძებს… ძილგატეხილი კომპიუტერს რომ მიუჯდები და წაიკითხავ, რომ თურმე რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ ტურიზმის დივერსიფიკაციას ვახდენთ და ძალიან მალე მთელი ევროპა და ამერიკა მოაწყდება ამ ჩემს გაუბედურებულ ძველ თბილისს – ხომ შეიძლება აღელვებისაგან ინსულტი დაგემართოს? 🙂

დივერსიფიკატორებს მინდა მოვახსენო, რომ მე თავად გახლავართ “ევროპელი ტურისტი” რომელიც ძალიან ბევრი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად წელიწადში რამდენჯერმე დავდიოდი დასასვენებლად სანამ ბავშვები გაიზრდებოდნენ – ევროპაში არდადეგები წმინდა უფლებაა და მას ყველა იყენებს შეძლებისდაგვარად. უნდა გითხრათ რომ ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი საშუალო ევროპელი ტურისტის ფსიოლოგია და გარწმუნებთ თბილისს აბსოლუტურად არანაირი შანსი არა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში იმდენად სასურველი (და არა მოდური – მოდა ყოველთვის მოკლევადიანია) მიმართულება გახდეს, იმ მოცემულობით რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, რომ ევროპამ რუსეთი ჩაანაცვლოს ტურისტების რაოდენობით. ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ან უვიცია ან უბრალოდ ქართული ტურიზმის განვითარების მტერი და სხვა არაფერი.

 

დასავლელი მასობრივი ტურისტების უმრავლესობა სულაც არ ცხოვრობს მაინცა და მაინც ხუთ ვარსკვლავიან ძვირ სასტუმროებში, არა თუ საქართველოში – საფრანგეთის უძვირეს ლაჟვარდოვან სანაპიროზეც კი... მაგრამ ეს არ ნიშავს რომ ისინი იმ ნაგავს ჭამენ რასაც ქართული ულიცენზიო რესტორნები და “ზაბიგალოვკები” თავაზობენ ტურისტულ უბნებში, ან დღე და ღამის განმავლობაში რაღაც უცნაური მუსიკის მსგავსი ჯოჯოხეთური კაკაფონიის მოსმენა სურთ კაფეში, რესტორანში, პარკში, საცურაო აუზზე.. საკუთარ სასტუმროს ოთახშიც კი, განსაკუთრებით თუ ჩემს უბანში იმყოფება რომელსაც სნნ არეკლამებს ხოლმე და თქვენ ყველანი სიამაყით აშეარებთ ამ ლამაზ ვიდეო საფოსტო ბარათებს . გარწმუნებთ არასდროს არავინ მეორედ ფეხს არ დადგამს ქალაქში სადაც ერთხელ მაინც ჰქონდა მსგავსი უზილო ღამეების გამოცდილება. ასეთ აუდიო სისასტიკეს მხოლოდ უგონოდ მთვრალი ადამიანი თუ აიტანს. ასეთები კი სიდანაც ჩამოდიან ყველამ კარგად ვიცით. თუკი ქართული ეკონომიკა ასე იყო დამოკიდებული რუს დამსვენებელთა კეთილგანწყობაზე – მაშინ ტურიზმის სფეროს დივერიფიკაციაზე და დასავლელი ტურისტის მოთხოვნილებაზე გადაწყობაზე დღეს კი არა, მაშინ უნდა ეფიქრა ვისაც ეს ეხება, სანამ პუტინი თითების ტკაცუნით ისევე გაანულებდა ასი ათასობით რეზერვაციას, როგორვ 2006 ში ღვინის ექსპორტს. …სულ ცოტა სამი წელია ამაზე ვლაპარაკობ და პასუხად ბიუროკრატული ცინიკური გულგრილობის, ან ასევე ცინიკური დუმილის მეტი იმ სამსახურებისგან, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება ევალება სხვა არაფერი მიმიღია თუ ჩემს განადგურებულ ჯანმრთელობას არ ჩავთვლით… მაგრამ რა ჩასათვლელი ადამიანის სიცოცხლეა.. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს! ისევ სერიოზულ თემას – ბიზნესის უზენაესობას დავუბრუნდეთ:

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემთვის რომ დაეჯერებინათ დღეს არც არადივერსიფიცირებული თბილისი იქნებოდა ასეთ ცარიელი დასავლელი ტურისტებისაგან და არც ხაზინა მათ მიერ დახარჯული დოლარებისა და ევროებისაგან…ვინ იცის, იქნებ ლარიც არ გაუფასურებულიყო ასე კატასტროფულად.

რამდენიმე დღის განმავლობაში ხინკლის და მწვადის საჭმელად, ჩამოსასხმელი იაფი ღვინისა და კიდევ უფრო იაფი მყრალი არყის სასმელად ევროპელი ტურისტები აქ არასდროს არ ჩამოვლენ, რადგან ვაკანსებზე ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რასაც ყოველდღიურ დაძაბულ ცხოვრებისგან ვერ იღებენ თვიანთ ქვეყანაში. ეს არის: ეკოლოგიურად სუფა და ჯანსაღი გარემო. ბიო ნატურალური საკვები, რამდენიმე ჭიქა კარგი ასევე ნატურალური ღვინო, მშვიდი ძილი… ყველაფერი რაც ახალ დაძაბულ სამუშაო წლისთვის ენერგია აღდგენაში და დაგროვებაში დაეხმარება გადახდილი ფულის სანაცვლოდ, რომელსაც მთელი წელი აგროვებს და ცდილობს მაქსიმალური მიიღოს ყოველ დახარჯულ სიმწრით გამომუშავებულ დოლარისა თუ ევროს სანაცვლოდ.

კულტურული და ეკო ტურიზმი ერთად ერთი და უალტერნატივო სახეობაა ტურიზმისა საქართველოში, სხვა პერსპექტივა მას არ გააჩნია! ან კულტურული და ეკო ტურიზმის ქვეყანა უნდა გახდეს, ან იაფფასიანი ბანძი ტურიზმის, როგორიც უამრავია მსოფლიოში და სადაც ძირითადად სწორედ იმ ტიპის ტურისტები დადიან, ჩვენს “არისტოკრატულად” სნობურ-პატრიოტულ გუნება განწყობას რომ გვიფუჭებენ.

 

დაკარგული რუსული ტურისტული სამოთხე, რომელსაც ასე მისტირიან, სინამდვილეში იყო ნაღმი, რომელიც აუცილებლად უნდა აფეთქებულიყო ერთ დღეს, რადგან რუსული ეკონომიკური ნაღმი ყოველთვის ფეთქდება და ეს ორი საუკუნის მანძილზე წესით კი უნდა შეგვეშვა ჩვენს ჯავშანგადაკრულ მონიკელებულ თავებში. ნუთუ ახსნა სჭირდებოდა იმას რომ რუსეთის ნდობა არაფრით არ შეიძლება? არა! რა თქმა უნდა ეს ყველამ მშვენივრად იცის! მაგრამ ჯერ ერთი, ასე თუ წავიდა, არც ქართველის ნდობა შეიზლება, მეორეც – იოლად “ორი კაპიკის” შოვნის ცდუნება და დღევანდელი კვერცხის კონცეფცია არ ვიცი რომელი საუკუნიდან, მაგრამ რაც თავი მახსოვს ქართული “გენეტიკური კოდია”… წყალწყალა ტურიზმით ფულის შოვნა ხომ ისეთივე ადვილი და ტკბილია, როგორც წყალწყალა დაშაქრული “ღვინით”… სანამ გაგიგებენ და “ბიზნესს” გაგიჩერებენ მაინც, მერე კი რამე გამოჩნდება…ვინმე ახლობელს ან ცოლის ნათესავს სადმე დანიშნავენ, ან ევროპაში წახვალ ჩაბარდები, მიდგები, მოდგები, რამეს მოიპარავ – სანამ დაგარეპორტებენ… ან ბოლოს და ბოლოს რუსთაველზე გამოხვალ, აქციას ჩაატარებ და მთავრობას შეცვლი!.. ნუ თუ ვერ შეცვლი, ხალხს მაინც გაიცნობ, აი ტელევიზორში რომ გამოდიან სულ ისეთებს, ნარჩევებს და პროევროპელებს იქნებ შენც ეწიო ბედს და სადმე კადრში მოხვდე, მერე კი სულაც ინტერვიუ ჩამოგართვან, ბოლოს გადაცემაშიც დაგპატიჟონ..ჯერ “მასოვკაში” საჩხუბრად, მერე, თუ ივარგე – წინა რიგებშიც… ერთ მშვენიერ დღეს კი ხომ შეიზლება თავად გახდე ის “ცოლის ნათესავი” რომელსაც სადმე, რომელიმე სოფლის გამგეობაში ან მერიაში დანიშნავენ პატარა გაბღენძილ მენეჯერად !…

მე რომ მკითხოთ კიდევ დიდხანს გაძლო ამ ჭაჭაზე დამზადებულმა ჩამბალმა ტურისტულმა მოლოტოვის კოკტეილმა… ეგ ადრეც უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ აი, უცებ ახლა, სეზონის დასაწყისში აფეთქდა და დარჩა საწყალი ძველი თბილისი ასე – სამი ოთი ენთუზიასტი ევროპელისა და ჩემნაირი ნატურისტალი ფრანგის ამარა.

ბოლო დღეებში ისევ გამოჩნდა რუსული ნომრიანი მანქანები. შარდენმა ისევ მოუმატა ხმას… ძალიან მოუმატა! აუტანლად! როგორც შარშან, შარშანწინ!.. ისევ არაფერი შველის! არანაირი სამსახური.. კანონია ასეთი – ვერაფრით რომ ვერ უშველის ამ ამბავს, 1 აგვისტოს ამ მკვდრადშობილი კანონის მიღების ორი წლისთავს ვზეიმობთ !…

თქვენ ალბათ მეტყვით, ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება, ქვეყანა მორიგ გზაგასაყართან დგას და რა დროს ხმაურია, რა გაგვიჭირე საქმეო… მე კი გიპასუხებთ ჩემო არც ისე კეთილო ქალბატონებო და ბატონებო, რომ სწორედ მაგაშია საქმე ! სწორედ ამიტომაც ხდება ქვეყანაში ის რაც თქვენ ასე ისტერიულად, უიმედოდ, ლამის დეპრესიულად გაშფოთებთ!… გეტყვით, რომ ჩემი ხმაურთან ბრძოლის ეპოპეის აღწერა, სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩეთვის ჩვენი ლამაზი ქვეყნის დისფუნქციის მიზეზების საილუსტრაციოდ.. მხოლოდ აზრს ვერ ვხედავ, არ ვიცი ვისთის დავწერო, ის კი არა, ისიც აღარ ვიცი, ვისთვის დავწერე ამდენი “ფსიქოდელიური” წიგნები და წერილები პარიზიდან, … ნამდვილად არ ღირდა ჩემი უკანასკნელი დროის ნარჩენების დაკარგვად… რომელსაც მე ვეღარ ვიპოვი… საამისოდ დრო აღარ მეყოფა. პრუსტმაც კი, ბევრად ახალგაზრდამ დაიწყო მისი ძებნა. ბოლოს მგონი იპოვა, მაგრამ ვეღარაფერში გამოიყენა, დაავიწყდა რისთვის ეძებდა – და თან გადაყვა ამაზე დარდს… ჯობდა სიყვარულზე დამეწერა ლამაზი ნოველები ფრანგულად, იქნებ რომელიმე წიგნის ბაზრობაზე მაინც მოვხვედრილიყავი, სადმე ქართული პავილიონის ახლო – მახლო,” – წერს ქურდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები