ქალაქიდან გასვლა და განტვირთვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიისგან გამოწვეული სტრესის დროს ბუნებაში გასეირნებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მოვიდა ზამთარი და რა თქმა უნდა უმეტესობა თოვლიანი გარემოთი ტკბობას ამჯობინებს, მართალია თბილისი ამ მხრივ არ გვანებივრებს, მაგრამ ქალაქიდან არც ისე შორს საინტერესო ადგილები საბედნიეროდ ბევრია, მათ შორის ყველაზე პოპულარული კოჯორი, მანგლისი, ბეთანია და საბადურის ტყეა, თუმცა დედაქალაქიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე კიდევ ერთი ასეთი ულამაზესი ადგილია. ,,ბონ ვოიაჟის” ფარგლებში დღეს,სწორედ ამ ადგილის შესახებ გიამბობთ და ფოტო გალერეასაც გაგიზიარებთ.

ეს სოფელი დიდგორია, ისტორიული ადგილი გარშემო მთებითა და ტყის ულამაზესი საფარით.

აქ მდებარეობს დიდგორის მონუმენტი, უფრო კონკრეტულად,კი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ლოკაციამდე ავტომანქანით მისვლა ორი გზით შეიძლება.

თბილისი-ნიჩბისი- დიდგორი  – 55 კმ
თბილისი-ბეთანია-დიდგორი  – 66 კმ

გზა მონუმენტამდე განახლებული და კარგი სასიარულოა, თუმცა, საშუალო სირთულის აღმართები, წვიმა, ან თოვლის საფარი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

მემორიალს დიდი ტერიტორია უჭირავს. კომპლექსის ცენტრში, მთაზე, მონუმენტი დგას, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული, მის გარშემო კი დიდი ზომის ხმლები, საზეიმო სვეტები, ზარები და სხვადასხვა ელემენტებია განლაგებული.

მემორიალური კომპლექსი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ბრძოლას, დიდგორის ბრძოლას, ეძღვნება. 1121 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის წინააღმდეგ, დიდგორის ველზე გამართულ, ბრძოლაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ამ ბრძოლას ისტორიკოსებმა “ძლევაი საკვირველი” უწოდეს.

მემორიალს როგორც კი  გაცდებით ამაღლებულ მთაზე ულამაზესი პატარა ეკლესია გამოჩნდება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ემოციას აღძრავს მნახველში.


ზამთარი დიდგორზე ასასვლელად საუკეთესო პერიოდია ოფროუდის  მოყვარულთათვის.
მართალია აქაურობა ყველა სეზონზე ლამაზია,მაგრამ დამეთანხმება მნახველი,რომ ეს ტერიტორია განსაკუთრებით  შთამბეჭდავი და სანახაობრივია,როდესაც მას ქათქათა თოვლის საფარი ზღაპრულად მოსავს.

მეტი მოტივაციისთვის კი ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფოტო მასალას გადაავლეთ თვალი:

 

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები