LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინჩხა – მიდი ჩანჩქერთან და გადმოხედე ზემოდან (ფოტოები)

1815
IMG-3333

საქართველოში უამრავი ულამაზესი ადგილია, მათგან ზოგიერთმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ბოლო პერიოდში. ერთ-ერთია ოკაცეს კანიონი. ბევრმა ალბათ იცის და ბევრმა არც, რომ თუ ოკაცეს კანიონების გზას გავაგრძელებთ, მივადგებით კინჩხას ჩანჩქერს. თუ იმერეთში მოხვდებით და იქაურ ბუნების ძეგლებს აითვისებთ, არ დაიზაროთ კინჩხამდე ასვლა, არ ინანებთ.

უშუალოდ ადგილზე მშვენივრად არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ტურისტებს საექსკურსიო ბილიკით ჩანჩქერთან ახლოს მისვლის საშუალება აქვთ, ხოლო მეორე, მომცრო ზომის წყალვარდნილს სათვალთვალო მოედნიდან ზემოდან მოექცევით და იქით დაყურებთ. შესანიშნავი და დაუვიწყარი ემოციაა.

 

კინჩხას ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა კი მოეწყო, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დაცული ტერიტორიების სააგენტო ჩანჩქერზე განათების გაკეთებას გეგმავს. ხოლო ზუსტად მთავარი ჩანჩქერის მოპირდაპირედ პატარა კაფეს მოაწყობენ, სადაც ყავა და სხვა სასმელები გაიყიდება.

საერთოდ, კინჩხის ჩანჩქერი სამ საფეხურად გადმოდის და მდინარე ოკაცეში ვარდება.
პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, მეორე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდინარესთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
წყალვარდნილების სახელწოდება აღებულია მათი ადგილმდებარეობის – ზედა კინჩხას და ქვედა კინჩხას დასახლებების მიხედვით.

ყველაზე მაღალი წყალვარდნილიდან მარჯვნივ ბუნებრივი აბაზანები, თეთრი კლდეები და ძალიან სუფთა წყალია.
სხვათა სორის, ძველ დროში წყალსატევი თავადების საბანაო იყო.

მდებარეობს ზღვის დონიდან 843 მეტრზე.
საქართველოში ის ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია.

 

მართალია ჩანჩქერთან ახლოს ლამაზი სოფლებია, მაგრამ ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი ხონი. თბილისიდან ხონამდე 260 კმ-ია. ხონიდან სოფელ კინჩხამდე – 26 კმ (ქუთაისიდან 50 კმ).
ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან (სოფ. გორდი) სოფელ კინჩხამდე 5 კმ-ია. სოფელ კინჩხადან ჩანჩქერებამდე დაახლოებით – 2 კმ.
მართალია გზა მუდმივად მაღლა მიუყვება და სერპანტინია, მაგრამ მოასფალტებულია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. აი სოფელ კინჩხადან უშუალოდ ჩანჩქერების ვიზიტორთა ცენტრამდე კი დიდი აღმართია (ასფალტ-ბეტონის გზაა) და ბევრი ამ გზას ფეხით მიუყვება, თუმცა მსუბუქი ავტომანქანები ასვლას მაინც ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ ოკაცეს ჩანჩქერი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან – პრომეთეს მღვიმედან და მარტვილის კანიონიდან, დაახლოებით თანაბარ მანძილზე – 20 კილომეტრში მდებარეობს.

 

კინჩხაზე 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.
არასრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი;

ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვნებისა ღირს 10.35 ლარი. საჭიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის 17.25 ლარია (გარდა არასრულწლოვნებისა).

ასევე:
მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი – უფასო;
ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) – უფასო;

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე.
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები