LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკების თავსატეხი – რა გაკეთდა პრობლემის მოსაგვარებლად, რომელზეც მთავრობაში რამდენიმე თვეა იციან

საქართველოში კლინიკებს უცხოელი ვიზიტორებისთვის გაწეული სერვისის საფასურის ამოღება უჭირთ. პრობლემა ცოტა ხნის წინ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა გაახმოვანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრობლემის არსებობის შესახებ დიდი ხანია იცის ჯანდაცვის სამინისტრომ. როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, დაახლოებით ერთი წლის წინ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც ჰქონდათ, თუმცა, სადაზღვევო საკითხებში მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ მისი მოგვარების ბერკეტები მათ ხელში არაა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, უცხოელების მიერ თვეში სასწრაფო გამოძახების დაახლოებით 2 000 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გარკვეული ნაწილი კლინიკებში გადაჰყავთ. გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია პაციენტი თანხის გამო არ დააყოვნოს და მომსახურება გაუწიოს. სწორედ აქ აწყდება კლინიკა პრობლემას, მომსახურების შემდეგ მათ პაციენტებისგან თანხის ამოღება უჭირთ.

 

დღეს მსოფლიოს 98 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში უვიზოდ მოგზაურობს, მათ დაზღვევას არავინ თხოვს. სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი წარსადგენი დოკუმენტია იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში სამოგზაუროდ ვიზას საჭიროებენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც განმარტებული არაა, რა ტიპის დაზღვევა უნდა ჰქონდეთ მათ.

„როგორც მახსოვს, დაზღვევას ორი ნორმა ითხოვს (ერთი კანონი და ერთი მთავრობის დადგენილება), როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ შემოდიან. პრობლემაა ის, რომ ჩანაწერში წერია მხოლოდ, რომ უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ როგორი დაზღვევა, ამაზე არ იყო კონკრეტიკა,“ – განმარტავს ლაშა ნიკოლაძე და დასძენს, რომ უცხოელების დაზღვევა საყოველთაო საბაზისო მოთხოვნებს უნდა ფარავდეს.

მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა საკითხზე იმსჯელეს, აღმოჩნდა, რომ პრობლემის მოგვარების ბერკეტები საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს. ნიკოლაძის ინფორმაციით, პრობლემასთან დაკავშირებით უწყებებს კომუნიკაციაც ჰქონდათ.

„ჩვენ საგარეოს ვუთხარით, რომ მათი დაზღვევა უნდა ემთვხეოდეს საყოველთაო საბაზისო დაფარვებს, იქ არის ჰოსპიტალი გეგმიურიც და გადაუდებელიც 15 000 ლარიანი ლიმიტით, რაც პრაქტიკულად ამოწურავს ამ პრობლემას.

კიდევ ერთი რეკომენდაცია მივეცით, როცა უცხოელები სარგებლობენ რეგიონთაშორისი სასწრაფო დახმარების სერვისით, ესეც თანხა ღირს და დაზღვევა უნდა მოიცავდეს კატასტროფული სამედიცინო გადაყვანის სერვისების ანაზღაურებას. მინიმუმ ასეთი დაზღვევის მოთხოვნაზეა საუბარი. არავის აინტერესებს ამბულატორიული სერვისი და კბილების სერვისი ექნება თუ არა დაზღვეული, ეს საბაზისო უნდა იყოს დაზღვევით დაფარული.

ვიზის აღების სერვისზე საგარეოზე ილინკებოდა სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალი, ანუ ტექნიკა ამის ყიდვის და ელექტრონული სისტემები ძალიან კარგად იყო აწყობილი. ეს საკითხი მოგვარებული იყო, უბრალოდ სადაზღვევოები იყვნენ შეთავაზებაში თავისუფალი,“ – აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

„ფორტუნა“ დაინტერესედა, რატომ არ მოგვარდა პრობლემა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები საგარეო უწყებას მიაწოდა, ამავე კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მივმართეთ. ამასთან უწყებას ვკითხეთ, რა კეთდება ახლა პრობლემის მოსაგვარებლად. უწყებაში განგვიმარტეს, რომ საკითხი კომპლექსურია და მათთვის კითხვით ოფიციალურად უნდა მიგვემართა. თუმცა, „ფორტუნამ“ უწყებას პასუხისმგებელ პირთან ინტერვიუს ჩაწერა შესთავაზა, რის შემდეგაც უწყებისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: “საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადგენს საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის რა საბუთებია საჭირო”. ეს რა თქმა უნდა ასეა, რადგან საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი“ ადგენს, სადაც ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა“ არის მოთხოვნილი. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსავლა შეუძლიათ, მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული. გაუგებარი მხოლოდ ის რჩება, რისთვის ჰქონდა საგარეო უწყებას ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია ერთი წლის წინ, თუ არც კანონში ცვლილების ინიცირებას და არც ახალი დადგენილების მიღებას არ გეგმავდნენ.

 

თაკო ივანიაძე