LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კმაყოფილი თანამშრომელი ყველაზე დიდი პიარია კომპანიისთვის” – მარტა ქარუმიძე

4026
marta-qarumidze-nswswswswdsf

ვინ არის კომპანიის სახე და როგორ შევინარჩუნოთ კარგი იმიჯი – “ფორტუნა” გთავაზობთ გადაცემების “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” და “FM ქოუჩი” წამყვანის, მარტა ქარუმიძის ბლოგს.

კმაყოფილი თანამშრომელი კომპანიის მთავარი სახეა. სწორედ ის განაპირობებს კომპანიის წარმატებას. თითქოს მარტივი მოდელია, თუმცა რას ვხვდებით ჩვენს რეალობაში?

ტრენერები, ქოუჩები, რომლებიც კომპანიებსა და ორგანიზაციებში მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ მენეჯერული ტიპის პრობლემებს ხშირად აწყდებიან. ეს ჩანს როგორც მენეჯერებთან, ასევე, რიგით თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ.

მათივე აზრით, კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც თანამედროვე მენეჯერები მიმართავენ, ხშირად არასწორია, არ არსებობს უკუკავშირის სწორი ხედვა. შესაბამისად, მოლოდინი, რომელიც თანამშრომლებს აქვთ უშუალოდ მენეჯერისა და ხელმძღვანელის მიმართ, არ მართლდება.

რა ელის თანამშრომელი მენეჯერისგან? რომ მის შრომას დაინახავენ, ექნება სწორი უკუკავშირი, მის იდეებს გაითვალისწინებენ. ტრენერები აღნიშნავენ, რომ თანამშრომლებთან არასწორი კომუნიკაცია, ნაწილობრივ წლების განმავლობაში მოქმედი „მოდელის“ გავლენაა, რომელსაც „ბოსის ინსტიტუტს“ უწოდებდნენ. თუმცა, თანამედროვე ბაზარზე ეს მოდელი უკვე დიდი ხანია მოთხოვნადი არ არის, „ბოსი“ ლიდერმა ჩაანაცვლა. ლიდერი არის მაგალითი სხვებისთვის, ის უშუალო კომუნიკაციას ამყარებს გუნდის წევრებთან, კრავს გუნდს. სწორედ გუნდის შეკვრა არის მნიშვნელოვანი კომპანიის წარმატებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ გუნდური მუშაობის პრინციპი კომპანიებში ნელ-ნელა ინერგება. გუნდური მუშაობის დროს გუნდის წევრები არიან არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ერთი იდეისა და საქმის ირგვლივ გაერთიანდნენ. ამ ყველაფრის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენეჯერის დამოკიდებულება და სწორი უკუკავშირი. ეს არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული და არა შენიშვნების მიცემაზე.

თუ გადავხედავთ უცხოური კომპანიების მაგალითებს, იქ გაცილებით მარტივად დგას ეს საკითხი. ქართული მენეჯერული სისტემისგან განსხვავებით, დიდი ხანია გაითავისეს როგორც ლიდერობა, ასევე გუნდური მუშაობა, რადგან კარგად ესმით, რომ შეცდომების დაშვება საქმის კეთების დროს არ წარმოადგენს ტრაგედიას, ხოლო კომპანიისთვის ყველაზე ღირებული მოტივირებული თანამშრომელია.

ერთხელ დავით გოგიჩაიშვილმა მომიყვა, რომ ვაშინგტონში ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობისას მისი ფუნქცია საბუთების სათაო ოფისში ტარებით შემოიფარგლებოდა. ერთ დღეს ფინანსურმა დირექტორმა უთხრა, ვიცი ამ პროექტზე რომ მუშაობო. ასეთმა დამოკიდებულებამ გააკვირვა, თუმცა სწორედ ამ მიდგომამ მისცა სტიმული გაეგრძელებინა იმ სამსახურში მუშაობა. სწორედ ეს არის ჯანსაღი კომუნიკაცია და დამოკიდებულება, რომელიც აგრძნობინებს ადამიანს, რომ ის გუნდის ღირებული წევრია და კომპანიას სჭირდება.

არანაირი პიარი არ აისახება კომპანიის წარმატებაზე ისე, როგორც კმაყოფილი თანამშრომელი. თუ თქვენი თანამშრომელი სამსახურიდან გასვლის შემდეგ საუბრობს, როგორი გაუსაძლისია იქ გაჩერება, რაც არ უნდა ბევრი რეკლამა გაიკეთოთ, თქვენი კომპანიის იმიჯი არც თუ ისე სახარბიელო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები