პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კომიტეტში 9 მომხრე ჰყავდა, 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში, მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.

სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა, საკუთარი პირობის მიუხედავად, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე ჩანიშნა. უმრავლესობის განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი და რეკომენდაციებს პროექტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გაითვალისწინებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.

ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.

მსგავსი თემები