საქართველოში ავტომობილების სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებლებისთვის, დაახლოებით, ერთი და იგივე შეთავაზებები აქვთ. კომპანიები მძღოლებს  საბურავის გაბერვა-გამოცვლას, საწვავის ადგილზე მიტანას, ევაკუატორის უფასო მომსახურებას და მანქანის სპეციალური ხელსაწყოთი დაქოქვას სთავაზობენ.

 

პირობები და ფასები –  საშუალოდ რა ჯდება ავტომობილის დაზღვევა?

განსხვავებული პირობები აქვთ კომპანიათა ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ავტომობილის მფლობელებს რამდენიმე ათას ლარამდე ზარალის ადგილზე ანაზღაურებასაც სთავაზობენ. როგორც წესი, ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევიდან 5 დღის ვადაში ხდება. უმეტესად, დაზღვევის არეალი საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთია.

სადაზღვევო პირობებში ხაზგასმითაა გამოყოფილი ის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც კონკრეტული სადაზღვევო კომპანიები ითვალისწინებენ. ესენია: ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება, საგნების ვარდნა, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები, მძღოლის ან/და მგზავრის უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.

ავტომობილის დასაზღვევად ცალკეულ კომპანიები მომსახურების სხვადასხვა პაკეტს გვთავაზობენ. უმეტეს შემთხვევებში, დაზღვევისთვის ავტომობილების მფლობელები თანხას ყოველთვიურად იხდიან, რიგ შემთხვევებში – ყოველწლიურად. გასათვალისწინებელი ფაქტორებია ავტომობილის ღირებულება ამერიკულ დოლარში, მისი გამოშვების წელი, ავტომობილის ტიპი (სედანი, ჯიპი, კუპე) და მანქანის გარბენი. ასევე, ცალკე აღსანიშნია, რომ ავტომობილის დაზღვევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი (მძღოლი) მინიმუმ 21 წლისაა.

ამ პირობების თანახმად, თუ თქვენი ავტომობილი 2005 წლის შემდეგაა გამოშვებული, მისი დაზღვევა წელიწადში საშუალოდ 240 აშშ დოლარი, ხოლო თვეში 20 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.

 

პრობლემები და მათი მოგვარება

ერთ-ერთი ავტომფლობელი, რომელსაც საკუთარი ვინაობის და კომპანიის, რომელშიც ავტომობილი ჰყავდა დაზღვეული, დასახელება არ სურს, ამბობს, რომ დაზღვევის საფასურად წელიწადში 350 ამერიკული დოლარი გადაიხადა. სადაზღვევო პირობებით სარგებლობა ვერ მოაწრო, მაგრამ მაშინ, როცა ავტომობილი დაუზიანდა, კომპანიაში კი განუცხადეს, რომ ზარალი ე.წ. „ფრანშიზს“ მიეკუთვნებოდა და კომპენსაციისთვის, მისივე თქმით, სასაცილო თანხა დაუსახელეს.

 

„წლების წინ მანქანა ერთ-ერთ წამყვან და ჩვენი ბაზრისთვის ბრენდულ სადაზღვევო კომპანიაში დავაზღვიე. სადაზღვევო პერიოდში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ოღონდ ჩემი მონაწილეობის გარეშე – გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა რაღაც ისე, რომ ჩამტვრეული იყო მანქანის ფარი, ფრთა და ე.წ. „ბამპერიც“  შეღუნული ჰქონდა. პრობლემა დაიწყო ჩემი სადაზღვევო აგენტის მოსვლიდან, რომელმაც პატრულის თანდასწრებით გამომიცხადა, თითქოს, მანქანა სადღაც დავამტვრიე, შემდეგ სხვა ადგილას გადავიყვანე და ფაქტს ვმალავდი, რომ ჯარიმისთვის თავი ამერიდებინა. ამას, პატრულთან ერთად, ის ადამიანი მეუბნება, რომელსაც ჩემი ინტერესები უნდა დაეცვა. მას შემდეგ, რაც პატრულმა ოქმი დაწერა, წავედი აგენტის ნაწილების მაღაზიაში, სადაც დათვალეს, რომ ხარჯი 500 ლარამდე იყო. როცა სადაზღვევო კომპანიაში მივედი, გაირკვა, რომ ჩემი ზარალი შედიოდა აუნაზღაურებელ ხარჯში, რომელიც არის ე.წ. „ფრანშიზა“ და კომპენსაციისთვის 5 ლარი შემომთავაზეს,“ – უთხრა „ფორტუნას“ ავტომფლობელმა.

ავტოსადაზღვევო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობებში განმარტებული აქვთ, რომ უპირობო ფრანშიზა – ეს არის ზარალის თანხის ნაწილი, რომელსაც კომპანია არ ანაზღაურებს და ის „სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში აკლდება“. რაც შეეხება „პირობით ფრანშიზას“, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი არ არის. უცნობია, რა პრინციპით წყდება, კონკრეტული ზარალი ფრანშიზას  რომელ კატეგორიაში მოიაზრება.

 

 

თათია კაკიაშვილი

კატეგორიები: ანალიტიკა
თათია კაკიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05