LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და კონკრეტულ პირთა დასჯას ითხოვენ

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში მათ შიმშილობა დაიწყეს. მათთან ერთად იმყოფება მათი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეს ვადა 31 დეკემბერს გასდის. მანამდე დარჩენილია ორი კვირა და ისინი მოითხოვენ პროკურატურისგან ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ ეს საქმე თავის დროზე შეისწავლა და ათეულობით პირი გამოიკვეთა, რომელთა დაკითხვასაც ისინი ითხოვდნენ, თუმცა ყველა მათგანი დღემდე დაკითხული არ არის.

„ახლოვდება 31 დეკემბერი, როდესაც ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასდის და ამ საქმის გამოძიება როგორმე უნდა გაგრძელდეს. ორგანულ კანონში საჭიროა ცვლილების შეტანა ან კიდევ ერთი ვარიანტია, ვიღაცის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. სხვაგვარად ეს საქმე დაიხურება და ყველა მოტყუებული დარჩება.

2011 წელს პარლამენტში შექმნილმა კომისიამ დაასრულა ამ საქმის შესწავლა და დოკუმენტი დავდეთ, რომელიც საქართველოს პროკურატურას გადავეცით. სხვათა შორის, საქართველოში ხელისუფლებებმა გაწელეს ეს საქმე და დღევანდელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით. აქამდე მოიყვანეს საქმე. ჩვენ მათ გადავეცით 48 კაციანი სია, რომელიც თან დავურთეთ 370- გვერდიან დოკუმენტს, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, დასაკითხ პირთა შორის იყვნენ მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკითხული არ არიან.

კონსტანტინე გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართონ.