LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო ქართული მხატვრული მინისერიალების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

39
თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, კინოცენტრის ხელმძღვანელმა, კახა სიხარულიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კონკურსი პროცედურის პირველი ეტაპია. ის დღეს გამოცხადდა და სცენარის შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მეორე ეტაპი კი გულისხმობს პირველი ეტაპის შედეგად შექმნილი სცენარების მიხედვით კინოწარმოების დაფინანსებას 2023 წლის დასაწყისიდან.

საკონკურსო პირობების მიხედვით, მინისერიალის თემატიკა უნდა ეხებოდეს: საქართველოს უახლეს ისტორიას (XX-XXI საუკუნე), ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსი ცხადდება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5-სერიიანი ფილმისათვის. თითოეული ეპიზოდის (სერიის) ხანგრძლივობა დაახლოებით 45-60 წუთი უნდა იყოს.

საუკეთესო სცენარის შესაქმნელად გამოიყოფა მაქსიმუმ 50 000 ლარი. ერთი ეპიზოდის (სერიის) ბიუჯეტი მაქსიმუმ 10 000 ლარია.

უშუალოდ მინისერიალის წარმოებისათვის კი, 2023 წელს, დაფინანსების სახით გამოყოფილი იქნება მინიმუმ 500 000 და მაქსიმუმ 1 000 000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროდიუსერს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.

წარმოების დაფინანსების მიზნით, 2023 წელს, აუცილებელი იქნება, რომ პროექტში მონაწილეებმა, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგინონ ტელევიზიისაგან ან დისტრიბუტორისაგან (კინოდარბაზი, ციფრული პლატფორმა) ფინანსური თანამონაწილეობის ან/და თანამშრომლობის დასტური.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 21 ოქტომბრის 17:00 საათამდე. საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის“ (Cinamatography Management System – CMS) საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www. gnfc.ge, სადაც ასევე განთავსებულია ვიდეო გზამკვლევი.

ეროვნული კინოცენტრი დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს.

სასურველია, კონკურსანტებმა წინასწარი შეთანხმებით, გაიარონ კონსულტაცია ეროვნულ კინოცენტრში. მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4

ტელეფონი: +32 2 2999 200; +32 2 2999 102.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები