LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს – რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

1887
north-cyprus-tourist

საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც კვიპროსში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ❗ ბოლო პერიოდში კვიპროსის რესპუბლიკაში გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რამდენიმე გარემოება:

უვიზო მიმოსვლის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ტურისტულად, ოჯახის წევრების/ახლობლების მოსანახულებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად, საერთაშორისო სემინარებში/კონფერენციებში/გამოფენებში ან მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, აგრეთვე სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.

უვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას.

უვიზო მიმოსვლით სარგებლობისას თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, თანხა დღეზე მინიმუმ 50 ევროს ოდენობით (მასში არ შედის სასტუმროს თანხა).

ახლობელთან (რომელიც ლეგალურად იმყოფება კვიპროსში) სტუმრობის შემთხვევაში, სასტუმროს ჯავშნის ნაცვლად უნდა გქონდეთ მასპინძლისგან მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება მისი საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი და ტელეფონის ნომერი) და თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა.

თუ კვიპროსში ყოფნისას დაგეგმილზე მეტი ხნით (მაგ. რამდენიმე დღით) გადაწყვეტთ დარჩენას, უნდა მიხვიდეთ შესაბამის ქალაქში არსებულ საიმიგრაციო სამსახურში, სადაც წარადგენთ ახალ დასაბრუნებელ ბილეთს.

გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვას როგორც მოუწესრიგებელი ან/და არასრული დოკუმენტაციის გამო, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესაზღვრესთან გასაუბრებისას ვერ დაადასტურებს მგზავრობის მიზანს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვების შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფოს მესაზღვრის კომპეტენციას და საელჩო/საკონსულო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაერიოს და შეაცვლევინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურს მიღებული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები