სამხრეთ კორეიდან მიღებულმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ვირუსი მეორედ აღმოაჩნდათ, მსოფლიო შეაშფოთა. ადამიანები შიშობდნენ, რომ ვირუსით ორჯერ დაავადება მოკლევადიან ინტერვალში შესაძლებელი იყო, გარდა ამისა შესაძლოა ძალიან გართულებულიყო ან შეუძლებელი გამხდარიყო ვაქცინის შექმნა. თუმცა როგორც უკანასკნელი კვლევები გვამცნობს, კორონავირუსით ორჯერ ინფიცირება არ ხდება.

საქმე იმაშია, რომ ტესტები სისხლში ვირუსის გენეტიკური მასალის პოვნით ადგენს მის არსებობას, თუმცა ვირუსის გენეტიკური მასალის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ის გადამდებია.

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მიერ აღებული განმეორებითი დადებითი სინჯების გამოკვლევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სისხლში არსებული ვირუსი მკვდარი ან არაინფექციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვა უჯრედებში გავრცელება ან სხვა ორგანიზმის დასნებოვნება არ შეუძლია.

შესაბამისად ადამიანები, რომლებსაც განკურნების შემდეგ ,,მეორედ” აღმოაჩნდათ ორგანიზმში ვირუსი, არ არიან ავად და არ არიან ვირუსის გამავრცელებლები.

,,ეს ძალიან კარგი ამბავია. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანები თავიდან არ ავადდებიან და ვირუსის რეაქტივაცია არ ხდება“.- აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ენჯელა რასმუსენი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 180 განმეორებით დადებით სინჯში ინფექციური და ცოცხალი ვირუსის პოვნა სცადეს, თუმცა იგი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ მათ 23 პაციენტს, რომლებსაც განმეორებით ,,აღმოაჩნდათ” კორონავირუსი, ჩაუტარეს კვლევა ანტისხეულებზე. მათ უმეტესობას სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რომლებსაც გარკვეული ხნით მაინც შეუძლიათ განმეორებითი ინფიცირებისაგან ორგანიზმის დაცვა.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოიკვლიეს 285 ,,განმეორებით ინფიცირებული” პაციენტის 790 კონტაქტი და დაადგინეს, რომ მათ ვირუსი არ გაუვრცელებიათ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 790 კონტაქტიდან 27-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა, მათი ინფიცირების წყარო ეს პაციენტები არ ყოფილან.

,,ახლა ჩვენ შეგვიძლია განმეორებით ინფიცირებაზე აღარ ვიღელვოთ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს დავუთმოთ დრო. მაგალითად იმას, თუ რამდენ ხანს იცავს ანტისხეულები ორგანიზმს ხელახლა ინფიცირებისგან.“- აცხადებს რასმუსენი.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05