LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენუკა ყიფშიძე: „ზურას უთხრეს, გავიგეთ, თქვენი შვილი დაიღუპაო და კინაღამ მოკვდა…“

16
ლენუკა-ყიფშიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი, „პრაიმჰაუსის“ მონაწილე, ლენუკა ყიფშიძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

რა გრძნობაა, როცა ასეთ ოჯახში დაიბადე და გაიზარდე?

დღემდე გაცნობიერების პროცესში ვარ, მადლობა ღმერთს, რომ ასეთ ოჯახში გავჩნდი, რომ ასეთი ბებია მყავდა, მამა, დედა, ასეთი ძმა მყავს, – საოცრად მეგობრული. დედის შესახებ ბევრმა არ იცის, გეტყვით, რომ ახალგაზრდობაში ერთ-ერთი მაგარი მოდელი იყო, დედა და დეიდა პირველი მოდელები იყვნენ, მთელი თეატრი უყურებდა ლელას. ზურას უთქვამს, აი, ეს გოგო უნდა იყოს ჩემიო. ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი, ისეთი სტუმრები გვყავდა ხოლმე… კარი ყველასათვის ღია იყო. იტალიურ ოჯახს გვეძახდნენ. ძალიან თბილი ოჯახი ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ბავშვობაში ბებიას დავყვებოდი ხოლმე ყველგან, საგრიმიოროში მიყვარდა ყოფნა, ყველას უყვარდა ბებია, ვფიქრობდი, რა ხდება-მეთქი. ახლა ვფიქრობ ხოლმე, რამდენი რამ შეუქმნია მამას, ვფიქრობ, რომ ის სათანადოდ არ არის დაფასებული, იმიტომ, რომ დღეს ზურა ასე არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს მუდამ დაკავებული. სცენაზე ხდება რადიკალურად სხვა, ზებუნებრივი ძალა ეძლევა.

სხვათა შორის, სიახლეები გვაქვს, პირველად აქ ვიტყვი, წელს ზურა ხდება 70 წლის და დავით ოქიტაშვილი მას ვარსკვლავს გაუხსნის. მეუბნება, რატომ უნდა გამიხსნიან ვარსკვლავიო, დაბნეულია… და კიდევ ერთი რამ, წელს უნდათ, ზურას ბიოგრაფიული წიგნი გამოუშვან.

ისე, ყველას ეგონა, რომ მე მსახიობი გავხდებოდი, მაგრამ უცბად მოდელობა გადავწყვიტე. არ მიყვარს უქმად ჯდომა, დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ადრეულ ასაკში დაოჯახდი და დიდი შვილი გყავს…

დიახ, ახლა ის 22 წლის ხდება, მამაჩემი რომ ხედავს ხოლმე, ვერ ვხვდები, რომ შენი შვილიაო. ის კალათბურთელია და ძალიან მონდომებულია. არაჩვეულებრივი მეგობარი გოგო ჰყავს. ნიკუშას  ვეუბნები, ხომ იცი, მუდამ ქალის პოზიციას დავიჭერ-მეთქი. სხვათა შორის, სულ სწორ შეფასებას აკეთებს ხოლმე. თავიდან რომ გაიგო, „პრაიმჰაუსში“ შევდიოდი, არ მოსწონდა, მაინც ბიჭია, შემდეგ კი მხარში დამიდგა. ბოლოს მშობლებს უთხრა, დედაჩემს მე მივეცი უფლება, რომ პროექტში მიიღოს მონაწილეობაო. მანამდე მამაჩემმაც სახე მოჯღანა, დედამ რა თქვა, ვერ ვიტყვი, მაგრამ შემდეგ მშობლებისგან, ისევე, როგორც მეგობრებისგან, კარგ შეფასებებს ვიღებდი, არ გვეგონე, ასეთი თუ იყავიო. პროექტში ვისწავლე ემოციების მოთოკვა, ამან გამაძლიერა, სტიმული მომცა.  დარიგებებს ვიღებდი, პირველ რიგში, ჩემი შვილისგან, ჩემი ძმისშვილისგან, ნატალიასგან. ყველას აზრს ვითვალისწინებდი. ვფიქრობ რომ 35+-ს მივეცი სტიმული, მადლიერები იყვნენ, რომ სტერეოტიპი დავარღვიე, წლები მომაკლდა თითქოს, შინაგანად თითქოს პატარა, 25 წლის გოგო ვარ. თითქოს საკუთარ თავს დავუმტკიცე რაღაცები. ბევრი მწერს, რა შვილი ჰყოლია ზურას, აქამდე რატომ არ გიცნობდითო, უმაგრესი გრძნობაა. ნიკუშას, ბუნებრივია, არ მოსწონდა გოგასთან ფლირტის ამბავი, მაგრამ იცოდა, რომ ეს იყო რეალითი შოუ. იქ ერთმანეთს ყველა ვავსებდით მაინც, მიუხედავად პატარ-პატარა უთანხმოებისა.

სოციალურ ქსელში წავიკითხე, თითქოს ურთულესი ოპერაცია გაიკეთე, თუმცა, როგორც ვიცი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა…

მივეჩვიე ყალბ ინფორმაციას, შემდეგ ვდებ ხოლმე პატარა პოსტს. ორი წლის წინ ავარიაში მოვყევი, მკერდის არე დამიზიანდა და 6-საათიანი ოპერაცია დამჭირდა, ივა კუზანოვმა გამიკეთა. მაშინ, ავარიის დროს, მამაჩემს საერთოდ უთხრეს ჩემზე, დაიღუპაო. გავიგეთ, თქვენი შვილი დაიღუპაო და ძალიან ვწუხვართო, ზურა კინაღამ მოკვდა…

წლებია, თქვენი ბინის შესახებ, რომელიც სადავოა, უამრავი ინფორმაცია გვსმენია. ხომ არ გადაწყდა ეს საკითხი?

კიდევ მიმდინარეობს დავა, ძალიან ბევრნი ვცხოვრობთ, ხომ იცით. მთელი ოჯახი ზურაზე ვართ, აღარ მინდა, სანერვიულო ჰქონდეს. მე და გიორგი უკვე ისეთ ასაკში ვართ, ჩვენი მისახედია ზურა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გვეძლევა იმის საშუალება, რომ მშობლებს ტკბილი სიბერე ჰქონდეთ. არ მინდა, მშობლებმა იფიქრონ იმაზე, რომ აი, ბანკში ვალი მაქვს, რა ვუყო შვილებს და ა.შ… როგორც დღეს სახლებს კარგავენ, ისე მოგვივიდა მე და დედაჩემს, ვენდეთ მეგობარს, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა. მოხდა ისე, რომ ბანკმა ჩამოგვართვა, ზურამ სთხოვა გვაცადეთო, მაგრამ არ გვაცადეს, გაიყიდა უცხოელზე, ვინ არ ჩავრიეთ, მაგრამ გვერდში არავინ დაგვიდგა. ძალიან გულდასაწყვეტია. დღეს ისევ სასამართლოშია საქმე… ამ ყველაფერმა მოტეხა დედაჩემიც, აღარ უნდა გარეთ გასვლა.

შენ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ბევრს საუბრობენ. როგორ არის გიორგი რეალურად?

გიორგი კლინიკაში წევს ახლა, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ახლა მკურნალობს, გადასხმებს ვუკეთებთ, მჯერა, მალე დაგვიბრუნდება.

რომელ „პრაიმჰაუსელთან“ მეგობრობ ახლა?

ნამდვილი მეგობრობა თამაზასთან და კოსტასთან მაკავშირებს, სალომესთანაც კარგად ვარ. სხვათა შორის, მე და გურამსაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხალხს კი ეგონა, მტრობენო, რა მტრობა ხალხო, ეს ხომ თამაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები