LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირებზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

123
პროკურატურა

ტვ „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, ფ.ა.-ს ბრალდება წარედგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.“.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერების ნაწილი, 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში, იაკობ ცურტაველის ქუჩა №48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ.ა.-მ უკანონოდ გაასაღა.

კერძოდ, 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ.ნ.-ს, ა.ლ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ.კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ.-ს გადასცა ერთი შეკვრა ნივთიერება „ჰეროინი“, (კუსტარული ჰეროინი) ე.წ. „სირეცი“, 2 გრამის ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას ფ.ა. უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე, ამავე მისამართზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.

„ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,  პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ასევე, 17 ივლისს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, კიდევ 4 პირი დააკავეს, რომლებთანაც კანონით დადგენილი ღონისძიებები ტარდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ფ.ა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე 17 ივლისს დააკავეს.

“ტვ პირველის“ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალების გაასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები