LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ალაფიშვილი: განხილვების პერიოდში, ველი, რომ კვლავ აქტუალური გახდება სააკაშვილის შეწყალების საკითხი – ეს საქმეები სასამართლო ხელისუფლების გამოწვევაა

174
ლევან ალაფიშვილი

„ისეთი სახელმწიფოს სასამართლოს პირობებში, როგორიც საქართველოს რეალობაშია, ყოფილი პირველი პირის თანამდებობის გასამართლების პრეცედენტი არ არსებობს,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში – „კვირის თემა“ იურისტმა და ანალიტიკოსმა, ლევან ალაფიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე საქმის შეფასებისას განაცხადა და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, არამედ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

როგორც ლევან ალაფიშვილმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნებში უმაღლესი თანამდებობის პირების გასამართლების პრეცედენტი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა დამოუკიდებელი და ნდობის მქონე სასამართლოს პირობებში.

„საქართველოში, ასეთ პოლიტიკურად არანეიტრალური და ნდობა შერყეული სასამართლოს პირობებში, ქვეყნის ყოფილი პირველი პირის მიმართ მართლმსაჯულება, მსოფლიო სამართლებრივ სივრცეში, პრაქტიკულად არ მოიძებნება.

ეს საქმეები გამოწვევაა არა მხოლოდ მისი რომელიმე ფიგურანტის მიმართ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, მისი დამოუკიდებლობის, თითოეული მოსამართლისა და მისი დამოუკიდებლობის, ასევე ქვეყნის დემოკრატიისთვის,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა გადაცემაში „კვირის თემა.“

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ექსპრეზიდენტის გასამართლებამ, როგორც პრეცედენტულმა საქმემ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და ამავე დროს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე – ამ კონტექსტში წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იურისტმა უპასუხა, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც დემოკრატიულია, უკვე დარღვეული ვიხილეთ, როდესაც საქმეების განხილვა, პრაქტიკულად დაწყებული არ იყო.“

ლევან ალაფიშვილი იმედოვნებს: თითოეული მოსამართლე გააცნობიერებს, რომ პერსონალურად ამ საქმის ფიგურანტის ბედი კი არ წყდება, არამედ, ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარების ბედი წყდება.

„და შესაბამისად, გადაწყვეტილებას დაასახელებს მაღალი სტანდარტით, პროცესებს წარმართავს სამართლიანი სასამართლოს სრული დაცვით. ამდენად, შემცირდება ან აღარ იარსებებს კითხვები, რომელიც ასე ჭარბადაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თუ ორგანიზაციების მხრიდან, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისი პოლიტიკურად  ნეიტრალურობის კუთხით,“ – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე – ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მის „განახლებულ იმიჯს“ მოიაზრებს, როგორც ამას ანალიტიკურ წრეებსა და მის ოპონენტებში ამბობენ, ლევან ალაფიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, „აკადემიურად წარსდგა“, „სტილი შეცვალა“ და ა.შ.

„თუკი ვინმეს ეგონა, რომ გისოსებში მყოფი პირი სირბილს დაიწყებდა, გულწრფელად ვერ ვხვდები ამ მოლოდინს და თანავუგრძნობ მათ, ვისაც ასევე ჰქონდა მოლოდინი, რომ ვიღაცა  ყვირილს ატეხდა, რკინებს გაღრღნიდა და ა.შ.

დაუწუნეს სიწყნარე… სიწყნარე აკადემიურობას არ ნიშნავს ხომ? იგივე აკადემიური სტილით, როგორც ამას უწოდებენ, იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ, გარანტირებულ უფლებას – სასამართლო სხდომებს, რომელსაც იყენებს ბუნებრივია, საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად.

თუკი ეს ასეა, ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ მის საქმეებზე და ბუნებრივია, ის ამ დროს უმაღლესი, პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. შესაბამისად, საქმის განხილვა პოლიტიკას შეეხება. ბუნებრივია, ის პოლიტიკოსი, რომლის განვლილი პერიოდიც მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება, პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრებს, თუ რა იყო მანამდე,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეეხება პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგებს – წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, როგორც იურისტს საქმის მსვლელობის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის როლსა და მის გავლენებზე, ალაფიშვილმა უპასუხა:

„ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პოლიტიკურ პარტიაში წევრობა, აგიტაცია ნამდვილად არ შეეძლება, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

მით უფრო, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება და მხედველობაში მაქვს ის განაჩენები, რომლებზეც სასჯელი მისჯილი აქვს და მიმდინარე საქმეებიც ემატება. მოქალაქე რომც იყოს, მას ხმის მიცემის უფლებაც არ აქვს, კანდიდატი ვერ იქნება და პარტიის წევრობა არ შეეძლება.

რაც შეეხება გავლენას, ბუნებრივია, მეათე წელია მმართველი პოლიტიკური ძალის „ისტებლიშმენტი“ ცდილობს წაშალოს, პოლიტიკური რუკიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები გააქროს, ეს შეუძლებელია.

ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, მისი განადგურება გინდოდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მისი იდეები და მხარდამჭერები ნადგურდებიან. ვიღაცისთვის შეიძლება მისაღები იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარი მილიონი მხარდამჭერების განადგურება,“ – დასძინა ლევან ალაფიშვილმა.

ხოლო კითხვას ექსპრეზიდენტის სამომავლო გეგმებთან და მის მსჯავრთან დაკავშირებით, ანალიტიკოსმა ასე უპასუხა:

„ის ალბათ საკუთარი ამომრჩევლებისთვის მუხტის მიცემას გააგრძელებს და მეორე, რაც მმართველი ძალისთვის გამოწვევაა – მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და შესაბამისად, საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობა, შესაძლოა ერთი დაუფიქრებელი განცხადებითაც კი დაზარალდეს.

ასე რომ ყველას გონიერებისკენ მოვუწოდებ – სასამართლოსაც და ჩვენს პოლიტიკოსებსაც, რომ არა მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებები, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ევროპული მომავალი ეჭვქვეშ არ დააყენონ. იმიტომ, რომ საქართველო და ევროპა ერთი ნაწილია – საქართველო მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის ერთიანი ჯაჭვის ნაწილია, რომლის გარღვევაც მხოლოდ პუტინის სურვილია. საბოლოო ჯამში კი, დემოკრატიული განვითარების მიღმა აღმოვჩნდებით.

საბოლოო ჯამში, პროგნოზის გაკეთება ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ ერთი, რასაც ნამდვილად ველი, მინიმუმ ის სამი საქმე, რომელიც განხილვაშია და ჯერ არ დასრულებულა, ერთ წელიწადში არ დასრულდება (შესაძლოა მეტ წელს გაგრძელდეს) ამიტომაც, შესაძლოა მათი განხილვის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდეს.

აქვე შუალედში, განხილვების პერიოდში, ველი, რომ კვლავ აქტუალური გახდება მისი შეწყალების საკითხი,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

პოპულალურები