LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

139
BeFunky-collage

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.

მათივე ცნობით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს.

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.

მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები