LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძემ კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად 50 000 ლარი გადარიცხა

520
LEVANIKO VASADZE

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კორონავირუსით ინფიცირებულთა დასახმარებლად ფულს აგროვებს. გარდა ამისა, ბიზნესმენმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარი შენობები შესთავაზა. ამის შესახებ ლევან ვასაძემ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

“ამ ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოდან ვაგროვებდი ინფორმაციას და ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა დავუდგეთ ჩვენ ქვეყანას გვერდში. ცხადია, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება და მათ კარანტინსა და მკურნალობას სახსრები დასჭირდება.

ე.წ. განვითარებულ ქვეყნებსა და საზოგადოებებში სახელმწიფოსთან ერთად, აქტიურად მოქმედებს სამოქალაქო სექტორიც და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ამიტომ გთავაზობთ შეძლებისდაგვარად შევაგროვოთ ფული და დავეხმაროთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ავადმყოფებზე ზრუნვაში. ქვემოთ მოცემულია სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულთათვის სახსრების შესაგროვებლად გახსნილი ანგარიშის ნომერი ჩვენი ორგანიზაციისა, რომელზეც შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა, ერთი ლარი იქნება თუ ასი ლარი, რამდენიც გნებავთ, არ აქვს თანხას მნიშვნელობა, მთავარია გვერდში დგომის სურვილი.

მე ამ ანგარიშზე უკვე შევიტანე თანხა, რამდენიც ამ ეტაპზე შემეძლო, კერძოდ 50 000 ლარი. მინდა ვთხოვო ყველა ჩემს ნაცნობ და უცნობ ბიზნესმენს და მოქალაქეებსაც, რომ დავუდგეთ ავადმყოფებს გვერდში. ვიცი, რომ რთული დროა და ყველას უჭირს, მაგრამ ვინც ავადაა, იმათ უფრო უჭირთ. ჩვენი პატარა და ღარიბი სახელმწიფო ყველაფერს ვერ გასწვდება და ასეთ დროს მას გვერდში უნდა დავუდგეთ.  გარდა ამისა, მინდა შევთავაზო ბატონ ამირან გამყრელიძეს, თუ მას ეს დასჭირდება, ისარგებლონ ჩვენს საკუთრებაში არსებული შენობების ცარიელი ნაწილით პაციენტთა ჯგუფების იზოლირებისათვის, მათი კარანტინის მიზნით. ჩვენ ორი შენობა გვაქვს ერთი თბილისში და ერთი კიკეთში და საჭიროების შემთხვევაში. ვფიქრობ, ისინი თითო მინიმუმ 100 ადამიანს დაიტევს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ გათბობას, წყლით და ელექტრო ენერგიით მომარაგებას და ასევე ხსენებულ ანგარიშზე მოგროვილი თანხიდან კარანტინში მოთავსებული ადამიანების სამჯერად კვებას. თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას საჭიროდ მიიჩნევს, ბატონ ამირან გამყრელიძეს ვთხოვ, საჭიროების შემთხვევაში გამოგვეხმაუროს“.

იგი ამასთან, აცხადებს, რომ მითითებულ ანგარიშზე თანხების განკარგვას პირად კონტროლზე აიყვანს და ის სრულიად დაექვემდებარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ასევე, გამოქვეყნდება ანგარიში თანხის დახარჯვის შესახებ.

ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011

მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ “შემოწირულობა“ – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად განსაკუთრებული ზომები მიიღო.

„აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან“- საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს საგანგებო მესიჯი გაუგზავნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები