LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ავტომობილს ტექდათვალიერებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ: კახა კალაძე

92
ტაქსუნა

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშულებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

”თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას, სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება წარმოადგენს, ანუ ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ანუ ტექნიკური ინსპექტირების არგავლა ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს”. – განაცხადა, დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში, ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით შეღავათი მიეცათ. თუმცა, ეს ვადა უკვე ამოწურულია.

”ჩვენ ამ პანდემიის პირობებში მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავადებულიყო. თუმცა, დღეს უკვე არის დრო, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა აუცილებლად გაიარონ ტექდათვალიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია”. – აღნიშნა, კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

”მინდა, ვიცე-მერს დავავალო კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ არ იცოდა ან ვერ მოასწრო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები