LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლისაბონმა, სადაც სადოქტოროზე ვმუშაობდი, 3 წელიწადში მოახერხა, ცხადია, თბილისშიც შესაძლებელია” – რას გვთავაზობს “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი

1893
BeFunky-collage (17)

ყოველი არჩევნების წინ, აქტუალურია კითხვა – გამოჩდებიან თუ არა ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და პროფესიონალიზმით დაანახებენ მოქალაქეებს უკეთეს ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას.

ქართულ პოლიტიკურ ველზე ბოლოდროინდელი მოვლენები გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა ეს საკითხი წინა პლანზე წამოწია. ამის მაგალითია ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი, რომელიც პოლიტიკაში სრულიად სპონტანურად მოხვდა, იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობს, 15 წლიანი გამოცდილებითა და ცოდნით შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტია.

მრავალი წელია მუშაობს ქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით, არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი და ქაოტური, საფრთხისშემცველი მშენებლობების მოწინააღმდეგე.

საარჩევნო კამპანიასა და ძირითად გზავნილებზე ანა ბიბილაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა.

 

 

ანა ბიბილაშვილის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის მიზანი და ამოცანა

 

„მე მიყვარს ეს ისტორია. ყველას აქვს განცდა, თითქოს პოლიტიკურ პროცესებში ნაცნობობის გამო შედიხარ ვიღაცებთან ერთად და არავის სჯერა, როდესაც ვამბობ, რომ ლელოში დაფუძნებამდე მივედი. არცერთ ადამიანს არ ვიცნობდი. მისამართი ვიდეორგოლის, შენობის ფასადის მეშვეობით ვიპოვე.

ჩემი პროფესია არქიტექტურა და ურბანისტიკაა. შესაბამისად, ისედაც შეგიძლია რაღაცეები ძირეულად შეცვალო. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობდი თვითმმართველობებთან, ვატარებდი ტრენინგებს და ვუწევდი კონსულტაციებს. მეტიც, როდესაც პირველად დავაფუძნე საპროექტო ორგანიზაცია ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ავიღე, რომ სრულიად უფასოდ, უსასყიდლოდ გამეწია კონსულტაცია ადამიანებისთვის, რადგან მაშინ რეგულაციები ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო და მერიაში ცოტანი იყვნენ კომპეტენტური პასუხის გამცემი ადამიანები.

როდესაც დავინახე, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ დახმარება, ჩავთვალე, რომ იქნებ აქაც შემეტანა ჩემი წვლილი, მაგრამ 2019 წელს ძალიან ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გავრილოვი, რომელიც პარლამენტში დავინახე და მივხვდი, რომ რაც არ უნდა ვაკეთოთ როგორც პროფესიონალებმა, კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნას, რადგან ქვეყანამ აირჩიოს განსხვავებული კურსი. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 20 ივნისის ღამე. 

პირადად ჩემთვის პოლიტიკა არის ის, როდესაც შეგიძლია ადამიანებისთვის რაღაც შეცვალო და შენი დრო, რესურსი და ენერგია მოახმარო მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. რადიკალურად პოლიტიკაში ჩართვა ანაკლიაში მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, როდესაც თქვა, რომ „თქვენ თუ ხართ პროფესიონალები და გინდათ ამ ქვეყანაში რამე შეცვალოთ ლელო არის ეს ადგილი“. ვიფიქრე, მე უნდა მივიდე და ვნახო, რა შემიძლია შევცვალო.

აი, ასე სრულიად უცნობი ადამიანი მივედი და ავუხსენი, რომ ასე ვფიქრობ ამ ქვეყანაზე, მის განვითარებაზე და ჩემს წვლილზე. მთელი ორი წლის განმავლობაში ჩემი მიმართულება იყო ურბანული პოლიტიკა, ტრასპორტი, გარემოს დაცვა და ა.შ. ასე რომ ქალაქთან მიმართებაში ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი იყო“, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

 

რა სჭირდება ქალაქის სწორად მართვას – ლელოს თბილისის მერობის კანდიდატის ხედვა

 

“პროფესიონალიზმი, გუნდი და სტრატეგია – ეს სჭირდება ქალაქის სწორად მართვას. ეს ყველაფერი თავს იყრის ლელოში და ქალაქის გააზრების კონტექსტში ჩემი პროფესია და 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით. მაგალითად, ორი წელია ვებრძვი დიღმის ჭალებისთვის, რომელიც არავინ იცოდა, როცა მე და ადგილობრივებმა დავიწყეთ მისი გადარჩენისთვის ბრძოლა. მიუხედავად წარმატებული მაგალითებისა, (უკანონო სამუშაოები შევაჩერეთ, სასამართლო პროცესი მოვიგეთ, და ა.შ) შედეგი ჯერ ნამდვილად არ არის. ეს ტერიტორია დღემდე განადგურებულია, არადა ძალიან კარგად შეიძლება განვითარდეს.

შესაბამისად, ჩემი პროფესიონალიზმით, გუნდით, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად საინტერესო ადამიანები არიან ის ათი მაჟორიტარობის კანდიდატები და ლიდერებით, რომელთაც აქვთ გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის, ჩვენი ამბიციური პროექტით 4 წელიწადში შეგვიძლია რეალურად დავინახოთ შედეგი”

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ლელოს მიერ შეთავაზებული ცხრაპუნქტიანი გეგმა მოიცავს ყველა კომპონენტს, რომელიც ქალაქსა და ადამიანებს სჭირდებათ. ამბობს, რომ მათი ხედვა მასშტაბურია. მთავარი კომპონენტი კი – ქალაქი ქალაქშია.

ბიბილაშვილი თბილისის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვაზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენს დედაქალაქს აქვს რესურსი გახდეს ფინანსების მოზიდვის რეგიონალური ცენტრი.

ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი საერთაშორისო ანალოგიებს იშველიებს.

 

 

“ლონდონს, ფრანკფურტს და პარიზს აქვს ასეთი გამოცდილება, როდესაც ფინანსური ცენტრი გაიტანა ქალაქიდან ოდნავ მოშორებით და ამით დაიცვა ისტორიული განაშენიანება. თბილისში კი ვხედავთ უზარმაზარ ცათამჯენებს, რომელიც ქალაქს ანადგურებს. ჩვენ გვინდა მცირე ლოკაციები შევქმნათ, სხვადასხვა ფუნქციებით დავტვირთოთ და ამ ფუნქციებში მოვიზიდოთ ინვესტიციები”

ასევე, ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ გვქონდეს სამუზეუმო ქალაქი – სივრცე, სადაც თავს მოიყრის სამუზეუმო ინფრასტრუქტურა. რაღაც ისეთს კი არ ვქმნით, რაც ქალაქს არ შეუძლია, არამედ რაც შეეძლო და ამ წუთას გაფანტულია. ჩვენ თავს მოვუყრით და ქალაქი იქნება ინვესტორისთვის, როგორც პარტნიორი. დღეს, ჩვენს ქალაქში ინვესტიციების ნაკლებობას ბევრი კომპონენტი იწვევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია – ბიუროკრატია და ჩაკეტილი კარი, რომელიც მერიაში არსებობს”

ანა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ მარშალის გეგმით, რომლის დიდი ნაწილი სატრასპორტო პოლიტიკას მოიცავს, თბილისს საცობებისგან გაათავისუფლებს.

აღიარებს, რომ ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადია, თუმცა დასძენს, რომ გეგმის განხორციელებას 4 წლის განმავლობაში შესძლებს.

“ჩვენი ხედვით, დამერწმუნეთ, შესაძლებელია, რომ თბილისი გათავისუფლდეს საცობებისგან. ასეთი გამოცდილება აქვს ევროპას, მაგრამ ეს არ ხდება მოგლეჯილად, როგორც დღეს წარმოუდგენიათ. ერთი ქუჩა გაარემონტეს, ჭავჭავაძე თუ ხიზანიშვილი. ცხადია, შედეგი ასეთი უნდა იყოს, მაგრამ ერთი ქუჩა გავარემონტოთ და მთელი სატრანსპორტო პოლიტიკა არ შეცვალოთ, გაცილებით უარეს შედეგებს გამოიწვევს.

ლისაბონმა, სადაც მე სადოქტოროზე ვმუშაობდი, სამი წლის განმავლობაში მოახერხა სრული რეორგანიზაცია სატრასპორტო პოლიტიკის და ცხადია, თბილისში შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება 4 წლის განმავლობაში და ჩვენ გვაქვს ეს ამბიცია.

ვერ წარმოიდგენთ რამდენად ცუდი სტატისტიკური მონაცემები გვაქვს, ვწუხვარ ხოლმე, ამის გამეორება რომ მიწევს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა ჰაერის ხარისხით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ბავშვებში სისხლში ტყვიის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, სიმსივნური დაავადებების ჯამური მაჩვენებელი წელიწადში 8%-ით იზრდება. ეს ქალაქი საშიშია სიცოცხლისთვის თავისი გარემოთი. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ”,- განაცხადა ლელოს თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა.

 

“რეალურად, სახელმწიფოებრიობას გვიკარგავენ და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაჩეროთ” – 2 ოქტომბრის მოლოდინში

 

 

ანა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ  „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ მიუახლოვდება .

“2 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ სწორ გზას. ჩვენ ადამიანებს მივეცით ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა. ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ გარდა იმ დიდი პოლიტიკისა, გარდა იმისა, რომ ეს არის რეფერენდუმი და ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ამის გარდა ჩვენ გვაქვს პასუხები თქვენს ამოცანებზე.

„ქართული ოცნება“ ვერ უნდა მიუახლოვდეს დათქმულ 43%-ს, რომელსაც თითქოს თვითონ არ აღიარებს, მაგრამ შეთანხმებიდან გასვლა ესე მარტივად არ ხდება.

ჩვენ ვესაუბრებით ადამიანებს ყოველდღე და ვიცით განწყობები – მათ სჭირდებათ ცვლილებები. ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ქვეყანას დავაყენებთ დასავლურ გზაზე”- განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.