LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოცვის შედეგად ადამიანში ფერისცვალება ხდება – ილია მეორე

289
patriarqi_5343c

ლოცვის შედეგად ადამიანში ფერისცვალება ხდება, – მის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა ლოცვის ძალაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა.

“ყველას გილოცავთ მეორე კვირას დიდ მარხვისა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ნათელი ქრისტესი სულ სხვა არის, ვიდრე ჩვენ ვიცით. მე მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ ავიდა უდაბნოში აფხაზეთის და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ მე, რომ საოცრება ხდებაო. ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი იყო მისი სარწმუნოება და სიყვარული, რომ როცა ლოცვებს კითხულობდა, სხვა ბერები ნათელს ხედავდნენ მის თავზე. მე მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვეუბნებით და არ ვუმხელთო, რომ ეს ნათელი თავზე ადგას, რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.

მისი მამა ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორი იყო. ის საშინელი ათეისტი იყო. ჩამოვიდა ჩემთან სოხუმში და ეძებდა თავის შვილს. მან მიამბო, თუ როგორ დაიწყო სარწმუნოებაში მოსვლა. ის ამბობდა, რომ ხელზე შემოხვეული აქვს ფსკვნილიო. ათეისტურ ოჯახშია გაზრდილი და ფსკვნილს ხმარობსო. და ამიტომ შევიყვანეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო. მთელს საბჭოთა კავშირში მისი ძიება იყო გამოცხადებული. მაგრამ ღვთის მადლით ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს. ეს მოგახსენეთ იმიტომ, თუ რა შეუძლება ლოცვას. ფერისცვალება ხდება ადამიანში ლოცვის შედეგად. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ უფალი ჩვენთან არს“, – ბრძანა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები