LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცივარი, რადიოლა, ტელევიზორი – საპატიმროებში მსჯავრდებულების მდგომარეობა უმჯობესდება

მაცივრის, რადიოლასა და ტელევიზორის, ასევე საკვები პროდუქტებისა და სიგარეტის ფასმა დაიკლო… პატიმრებისთვის. როგორც პენიტენციურ სისტემაში აცხადებენ, საპატიმროებში საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა თავისუფლება აღკვეთილი პირებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათი განმარტებით, პროდუქცია პრაქტიკულად, იმავე ფასად იყიდება, რითაც თავისუფლებაზე მყოფი პირი სარგებლობს.

იუსტიციის მინისტრის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებების შედეგად, ყველა მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა. როგორც რადიო „ფორტუნას“ სპეციალურ პენიტინციურ სამსახურში განუცხადეს, ინიციატივით უკვე ხუთმა პატიმარმა ისარგებლა. კითხვაზე თუ რა ფასი ჰქონდა აქამდე აღნიშნულ ტექნიკას ან რა იგულისხმება შეღავათში, უწყებაში “ფორტუნას” არ განუმარტეს.

რამდენად არის შესაძლებელი, თუნდაც შეღავათიანი ფასის პირობებში, ყველა პატიმარმა საკუთარი მაცივრით ისარგებლოს, სპეციალურ პენიტენციურ სისტემაში აცხადებენ, რომ ზოგ საკანში ფართი არ იძლევა შესაძლებლობას, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს თითო მაცივარი ჰქონდეს. თუმცა, განმარტავენ, რომ თავისუფლება აღკვეთილ პირებს მაცივრით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ. ცხადია, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რასაც უსაფრთხოების ნორმები ითვალისწინებს.

ვის დაუდგამენ მაცივარს

მაცივრით სარგებლობის წინასწარი ნებართვის გაცემამდე, დაწესებულების დირექტორი შეაფასებს, აქვს თუ არა ბრალდებულს თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს და მხოლოდ ამის შემდეგ, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

აქამდე მოქმედი წესით, პროდუქტებზე გარეთ არსებულ ფასებზე ნამატი კეთდებოდა მაღაზიების მმართველი კერძო კომპანიის მიერ, ზოგ შემთხვევაში, 8%-ით და ბევრად მეტით. შესაბამისად, პატიმრებს სხვადასხვა პროდუქციის შეძენა უჭირდათ. ახლა კი, სასჯელაღსრულების სისტემის მაღაზიებში ახალი კომპანია ფასთა ახალ წესებს აამოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

3-ჯერ ძვირი იყო, ახლა 10 თეთრით ძვირია

რამდენად ხელმისაწვდომია პატიმრის ოჯახისთვის მაცივრის, რადიოლასა ან ტელევიზორის შეძენა, რადიო “ფორტუნა” გლდანის მე-8 საპყრობილესთან პატიმრების ოჯახის წევრებს ესაუბრა. ს.გ-ს განცხადებით, ინიციატივა ნამდვილად ძალიან კარგია და მაცივრის შეძენასაც აპირებს და ამბობს, რომ ადრე თუ მხოლოდ მალფუჭებად პროდუქტს ყიდულობდა მისი პატიმარი ძმა, ახლა გრძელვადიან პროდუქტს იყიდის და რამდენიმე დღეც კი ექნება, რაც თავის მხრივ პატიმრისთვის კომფორტიც კი არის.

ს.გ-ს განცხადებით, პროდუქტების გაიაფება პენიტენციურ სისტემაში უკვე შესამჩნევია. ადრე თუ კონკრეტული პროდუქტი 3-4-ჯერ ძვირად იყიდებოდა, ახლა განსხვავება მხოლოდ 10-20 თეთრია, რაც მათთვის ძალიან დიდი შეღავათია.

„იმხელა შეღავათს ვგრძნობთ ფასების დაწევით, რომ ვერც ავხსნი, სულ ცოტა ხნის წინაც კი 5 ლარიანი პროდუქტი 10 ლარად იყიდებოდა, ახლა კი განსხვავება მხოლოდ 10-20 თეთრია, ადრე თუ 2 კვირაში დაახლოებით 500 ლარი არ მყოფნიდა ჩემი პატიმრისთვის, ახლა ეს თანხა 1 თვე სრულიად საკმარისია, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათია,“ – აცხადებს პატიმრის ოჯახის წევრი ს.გ.

„საპატიმროში ამანათი რომ მიგაქვს, მანდ უფუჭდებათ და ყრიან, მაცივრის ინიციატივა ძალიან მომწონს, რადგან რასაც შეიძენენ, შეინახავენ და რამდენიმე დღე მაინც ექნებათ, ეს ძალიან გაგვიმარტივებს საქმეს.

„ადრე მხოლოდ ძვირადღირებული სიგარეტი იყიდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რამაც პროტესტი გამოიწვია პატიმრებში და მათ შიმშილი დაიწყეს, რასაც რეაგირება მალევე მოჰყვა და უფილტრო იაფფასიანიც შეიტანეს და ახლა სიგარეტის (ფილტრიანის) ფასმაც დაიწია, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია პატიმრების ოჯახის წევრებისთვის,“ – აცხადებს პატიმრის ოჯახის წევრი ი.ლ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

 


ეს ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ცვლილებებს რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა აქვე პატიმრების ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების ფაქტორზეც მიუთითებს.

“ნამდვილად არის იმის საჭიროება, რომ პროდუქტების ფასის დაკლება იქნება თუ მაცივრის შეძენის ამბავი, მათ აქვთ ამ ნივთებისა და პროდუქტის საჭიროება და კარგი ინიციატივაა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად აქვთ ამის შესაძლებლობა პატიმრის ოჯახის წევრებს. თუმცა თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ზაფხულის პერიოდში, როცა ძალიან ცხელა, პატიმრებს საკვების შენახვის სერიოზული პრობლემა აქვთ და ამის გამო ხშირად ფიქსირდება მოწამლვის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ასეთ ცვლილებებს, ეს ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი პროდუქტებზე ფასების კლებასაც მიესალმება, მისი განმარტებით, აქამდე საპატიმროებში ფასები საკმაოდ ძვირი იყო.

“წარმოიდგინეთ გარეთ რა ფასებიც არის, დაახლოებით იმაზე 5-10%-მდე უფრო ძვირია პენიტენციურ სისტემაში, პატიმარმა რომ შეიძინოს პროდუქტი და ბრალდებულების ოჯახებს ძალიან უჭირდათ ამ მაღაზიით სარგებლობა, თუ ამ ფასების შემცირება და დარეგულირება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია,” – აღნიშნავს ნესტან ლონდარიძე.

 

მაცივარს მერე თან წაიღებს

შეგახსენეთ, რომ აქამდე მაცივრით სარგებლობის უფლება მხოლოდ მსჯავრდებულებს ჰქონდათ და ისიც მხოლოდ დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. როგორც ცნობილია, ვერცერთი დაწესებულების ბრალდებულები და 9 დაწესებულების მსჯავრდებულები მაცივრით ვერ სარგებლობდნენ, სასჯელაღსრულების მინისტრის სხვადასხვა ბრძანებაში ამისთვის აუცილებელი ნორმის არარსებობის გამო. პატიმრის მიერ ნაყიდი ტექნიკა მისი საკუთრებაა და მას შეუძლია ის თან წაიღოს გათავისუფლების შემდეგ, აცხადებენ პენიტენციურ სისტემაში.

როგორც ცნობილია, ბოლო ფაქტი მსჯავრდებულების/ბრალდებულების მოწამვლის სექტემბერში დაფიქსირდა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს. მსჯავრდებული/ბრალდებული, სავარაუდოდ “ბლინით” მოიწამლა.

ცნობისთვის, ამ დრომდე პატიმრები პროდუქტის იმ რაოდენობას ყიდულობდნენ, რის მოხმარებასაც მოკლე ვადაში შეძლებდნენ.


ნუცა სალუქვაძე