“ქართული ოცნების” ოფისში საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდი სრულად უჭერენ მხარს საარჩევნო კოდექსს, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ კომიტეტზე წარადგინა.მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი და ნაკლები ადგილი დარჩება სპეკულაციებისთვის.

“უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას, იმ რეკომენდაციების, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ კომიტეტზე გამოიტანა. მათ შორის, ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირებაზე.

საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი სიაში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე”.

სხდომაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გეგმებზეც იმსჯელეს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს ივლისის ბოლომდე დაასახელებს.

„ჩვენ უფრო მეტი კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ. ანუ საზოგადოებისათვის მათი ვინაობის გაცნობას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი იმიტომ, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა. ოპოზიციაც უფრო ადეკვატურია ამ მიმართულებით, ისინი უფრო მაჟორიტარებზე საუბრობენ ჯერ. ჩვენც ასე მოვიქცევით, მაჟორიტარობის კანდიდატებს უფრო ადრე დავასახელებთ, ვიდრე სიაზე ვილაპარაკებთ. ეს ალბათ უახლოეს მომავალში, შეიძლება იყოს, ყოველშემთხვევაში ივლისის ბოლომდე და უფრო შორეული პერსპექტივაა სიის ფორმირება. ჩვენ ზოგადად გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ არაფერი კონკრეტული ჯერჯერობით სიასთან დაკავშირებით არ გვქონია. უფრო კონკრეტული კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ეს კონსულტაციებიც არ არის ბოლომდე მისული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა კენჭი ხვალ, 1-ელ ივლისს, პირველი მოსმენით უნდა უყაროს.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05