LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის გარდაცვალების შემდეგ, წლები ჩაკეტილი ვიყავი და თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირდა – გოგონა, რომლის ნამუშევრებსაც გულგრილად ვერ ჩაუვლით

517
მარისჰკა ცოვერ

პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა, ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა და საბოლოოდ ვიზაჟი აირჩია. მისი თვალისმომჭრელი ნამუშევრები განსაკუთრებული ემოციით, სილამაზით და ფერებით გამოირჩევა. Fortuna.ge გაგაცნობთ, 28 წლის მარიშა ქავთარაძეს – გრიმიორი, მხატვარი და ვიზაჟისტი.

მარიშა ქავთარაძე: საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი მყავს, რაც ჩემთვის განსაკუთრებული სიმდიდრეა. ასევე მყავს ტყუპისცალი. თუმცა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები ვართ, როგორც გარეგნულად ასევე ხასიათებითაც. მთავარი შენაძენი კი ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც ოჯახის წევრებივით მყავს. 8 წლის ვიყავი, როცა მამა ავარიით დაიღუპა. სწორედ მისგან და ბაბუისგან გამომყვა ხატვის ნიჭი.

რითი გამოირჩეოდი სხვა ბავშვებისგან?

საკმაოდ ცელქი ვიყავი. ბავშობიდან ვხატავდი. მამის გარდაცვალების შემდეგ, წლები ჩაკეტილი ვიყავი და  თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირდა. თუმცა, ეს პრობლემა დავძლიე და დღეს საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ.

რა იყო გარდამტეხი შენ ცხოვრებაში?

ყველაზე გარდამტეხი ჩემი შვილის, თაიას დაბადება იყო. მან სრულიად შემცვალა. თუმცა, მანამდე მძიმე პერიოდი გამოვიარე, რაც კარგად არ მახსენდება, მაგრამ ამ ყველაფერმა შინაგანად საკმაოდ გამაძლიერა და მასწავლა, რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, არ უნდა გაჩერდე პირიქით, წინ უნდა იარო.

რა პროფესიის ხარ, ძირითადი მიმართულება რა არის?

პროფესიით ფარმაცევტი ვარ. თუმცა, 16 წლიდან ვიცოდი რომ ვიზაჟისტობა მინდოდა. ფარმაცევტობამაც საკმაო ცოდნა შემძინა, რაც შემდგომ, როგორც გრიმიორს საკმაოდ დამეხმარა.

ნამუშევრებზე მომიყევი, რა მასალით მუშაობ?

ფურცელზეც ვხატავ, ძირითადად ფანქარში, ჰიპერრეალიზმს და არამხოლოდ. ასე კონკრეტულად ერთი სტილი არ მაქვს არჩეული, რაც მომეწონება ყველაფერს ვხატავ. თუმცა, რეფერენსის შერჩევას დიდი დრო მიაქვს,  მაგრამ ჩემი საყვარელი საქმე მაინც პორტრეტების ხატვაა. ძირითადი მასალა, რასაც ვიყენებ, გრაფიტი და ნახშირია.

როდის მოგდის მუზა?

ნებისმიერ დროს. შეიძლება, რაღაც კონკრეტული ნივთი დავინახო და შთაგონებაც იქიდან წამოვიდეს. შემდგომ უკვე მთავარია, რამდენად კარგად შევასრულებ ნამუშევარს.

რატომ გადაწყვიტე სახის მოხატვაზე გემუშავა?

პირველ რიგში ჩავთვალე, რომ განსხვავებული და საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. თან იმ პერიოდში საქართველოში არ იყო ბევრი ,,Face / Body” არტისტი და ამ კუთხით მინდოდა, რაღაც ახალი სიტყვა მეთქვა. დღეს უკვე ვხედავ, რომ დიდი ინტერესია, რაც ძალიან მახარებს.

სად შეისწავლე და რა დრო დაგჭირდა?

თვითნასწავლი ვარ. მე-7 წელი დაიწყო, რაც ამ საქმეს ვემსახურები და დღემდე ვსწავლობ. ალბათ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და გავაგრძელებ.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თითოეული ნამუშევრის შესრულება?

ძნელია საქართველოში მასალების შოვნა. ძირითადად, ვიწერ და ლოდინი მიწევს. ასევე, როდესაც სპეციალურ ეფექტებს ვაკეთებ, ნამუშევარი ძალიან ჰგავს რეალურს და ხალხს ხშირად აშინებს. ნამდვილი ჰგონიათ. ამიტომ, არც ისე კარგი კომენტარები აქვთ ხოლმე და მაქილიკებენ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ მაფერხებს. ჩემი უცხოელი კოლეგები მამხნევებენ და მარწმუნებენ, რომ როდესაც ნამუშევარი რეალურთან ძალიან ახლოს არის ეს პირიქით კარგია.

რა დრო სჭირდება თითო ნამუშევრის შესრულებას?

გააჩნია სირთულეს. დაახლოებით, 5 – 6 საათამდე.

ძირითადად რა კატეგორია მოგმართავს?

ყველაზე მეტი მოთხოვნა ჰელოუინის პერიოდშია. ამ დროს სულ დაკავებული ვარ. ასევე, კერძო გადაღებებზე მომართავენ. ნელნელა იზრდება მოთხოვნაც და ინტერესიც.

რაზე ოცნებობ, რა არის შენი მიზანი?

ზოგადად, მეოცნებე ადამიანი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ალბათ, როგორც ყველა გრიმიორისთვის ოსკარის მიღებაა. ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან და რეჟისორებთან მუშაობა უდიდესი ოცნებაა.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე..

სამომავლო გეგმა, საქართველოდან წასვლაა. მოღვაწეობას კანადაში ან ნიუ-იორკში გავაგრძელებ. ვისწავლი საგრიმიორო სკოლაში, შესაბამისად, ჩემ ცოდნას და შესაძლებლობებს გავაფართოვებ.

რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

პირველ რიგში თავდაჯერებულობა და თავისუფლება. ყველას ვურჩევ, რომ უყვარდეთ და აკეთონ საყვარელი საქმე. მაშინ, აუცილებლად იქნებიან წარმატებულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები