LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანამდე 50 დღე იშიმშილა სააკაშვილმა, სიკვდილის ზღვარზე გაიარა – ხელმეორედ გამოცხადებული შიმშილობა შეიძლება იყოს უმძიმესი შედეგების მომტანი: ნუგზარ წიკლაური

92
ნუგზარ წიკლაური nugzar tsiklauri

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის ხელმეორედ დაწყებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა იმიტომ მიიღო, რომ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი. ექიმებს არ აძლევენ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას, მას შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლებაც.

ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, მაშინ, როდესაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ასე ეპყრობიან, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლება კიდევ უფრო დაუცველია.

წიკლაურის თქმით, ხელმეორედ გამოცხადებული შიმშილობა, შეიძლება უმძიმესი შედეგების მომტანი იყოს.

„მიხეილ სააკაშვილმა განმარტა ის მიზეზები, რატომაც მან გადაწყვიტა ასეთ ნაბიჯზე წასვლა. პირველ რიგში ამის მიზეზია ის არაადამიანური მოპყრობა, რომელიც გრძელდება მის მიმართ და იქამდე არის მისული ხელისუფლების თავგასულობა, რომ ექიმებსაც კი აღარ აძლევენ შესაძლებლობას მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. ასევე მთელი რიგი შეზღუდვებია მის მიმართ დაწესებული. ისეთი, როგორიც არ აქვს სხვა პატიმრებს. ეს შეეხება სატელეფონო ზარებს, სხვადასხვა შეხვედრებს ადამიანებთან. ეს არის მიზეზთა ერთი ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა, მაგრამ ამავე დროს არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზების მთელი წყება, რომელიც ეხება არა მის პირად ჯანმრთელობას, ან მის პირად კომფორტს ან მისი უფლებების შელახვას, არამედ მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და პროცესებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, როგორც ეკონომიკური, ისე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტირების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, პირდაპირ მიაქანებს ჩვენ სახელმწიფოს გაქრობისაკენ.

გვიახლოვდება ძალიან დიდი საფრთხე და ამას უკვე გრძნობს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე. განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ საქართველოს. არასოდეს საქართველოდან „გამქცევთა“ რიცხვი არ ყოფილა ასეთი მაღალი, გნებავთ ევროპაში და გნებავთ აშშ-ში.

ამ ვითარებას მთლიანად სჭირდება შეჯანჯღარება. ადამიანის უფლებების დაცვას სჭირდება, რაღაც არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა.

თუკი საქართველოს პრეზიდენტს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქის უფლება კიდევ უფრო დაუცველია. ეს არის მთავარი ფუნდამენტური მიზეზები, რის გამოც ასეთი ნაბიჯი გადადგა მიხეილ სააკაშვილმა.

ვისმენ ექიმების მოსაზრებებს, რომ ხელმეორედ გამოცხადებული შიმშილობა შეიძლება იყოს უმძიმესი შედეგების მომტანი. მანამდე 50 დღე იშიმშილა სააკაშვილმა, სიკვდილის ზღვარზე გაიარა, რასაც თან ერთვოდა მუდმივი თავდასხმები, არაადამიანური მოპყრობა, ფიზიკური ზემოქმედება, ქურდების და კრიმინალური სამყაროს ორგანიზება, ე.წ. ხმაური თუ „შუმოკი“, რასაც ეძახიან და რასაც ადგილი ჰქონდა. ცხადია, რომ მისი ორგანიზმი ახლა ძალიან დასუსტებულია და ახალი შიმშილობა შეიძლება იყოს უმძიმესი.

სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომ ასეთი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღოს, და იოლად დათმოს ეს გადაწყვეტილება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ეხება მის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.