LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა თხელიძე: „შინაგანად უფრო გაბრწყინებული ვარ და ეს ჩემს ვიზუალურ მხარესაც დაეტყო…“

898

მარიკა თხელიძეს მისი მრავალფეროვანი გარდერობის დასათვალიერებლად შინ ვესტუმრეთ. მომღერალს  კლასიკური სამოსიც აქვს და თავისუფალი სტილისაც, აქსესუარებისთვის სპეციალურად გამოყოფილი დიდი უჯრა აქვს, სადაც ბევრ ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ.

მომღერალმა სიამოვნებით დაგვათვალიერებინა საკუთარი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები და ის რამდენიმე ლუქში გადავიღეთ.

მარიკა თხელიძე:

სამოსი ჩემთვის მნიშვნელოვანია. პრეზენტაციები იქნება თუ ყოველდღიური ცხოვრება, დაბადების დღე თუ კონცერტი, ვცდილობ, არ ვიყო ერთნაირად ჩაცმული. დიდი ხანია, გარდერობს ვავსებ, მაგრამ განვაახლებ ხოლმე. ის სამოსიც რომ იყოს აქ, რომელიც წლების განმავლობაში მაქვს, ტევა არ იქნებოდა (იცინის). ამ გარდერობში უფრო არის გამოსასვლელი ტანსაცმელი. აქ ნახავთ, სხვადასხვა გამოსვლების დროს რაც მეცვა, იმ სამოსს. ერთ-ერთია კოსტიუმი, რომელიც ახალ წელს მეცვა, როცა დათო ევგენიძის სიმღერა შევასრულე, ერთ გოგონას შევაკრინე, ჩემი გემოვნებით. ჩემთვის ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მიხდებოდეს და ჰქონდეს ჩემთვის დამახასიათებელი შტრიხები. ერთი კაბა მაქვს, რომელიც „ზარას“ მაღაზიაში შევიძინე. ბევრმა მკითხა, სად შეიძინეო. მიყვარს ეს პროცესი, როცა რაღაც საინტერესოს აღმოვაჩენ. ბევრი რამ მომწონს, მაგრამ შეგნებულად არ ვყიდულობ, რადგან უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდე მაგალითად, დაბადების დღეზე. აღმოჩნდა კიდეც ორი ცნობილი სახე, როცა ერთსა და იმავე მაღაზიაში ნაყიდი კაბა ეცვათ (იღიმის). შავი ქვედაბოლო, რომელსაც ფოტოებზე ნახავთ, „კოტონში“ აღმოვაჩინე. ისიც არ მაინტერესებდა, მიხდებოდა თუ არა და ჩემი ზომა იყო თუ არა. ზომაზე ძირითადად, პრობლემა მაქვს. S ზომა ვარ და ხშირად არ არის.

საზღვარგარეთ სპეციალურად შოპინგისთვის ხომ არ დადიხარ?

არა, სპეციალურად ამისთვის არ დავდივარ, მაგრამ თუ გასვლა მიწევს, სამოსსაც ვყიდულობ. შოპინგი ჩემთვის დიდი რელაქსაციაა და პოზიტივი მოაქვს, ყურადღების გადასატანად ძალიან კარგია. შოპინგზე აქ დავდივარ, მაგრამ თუ არის საშუალება და ვარ საზღვარგარეთ, რამდენიმე მაღაზიაში შევდივარ ხოლმე, მაგალითად, „ეიჩ ენდ ემში“, სადაც ჩემთვისაც ვყიდულობ და ჩემი შვილისთვისაც.

როგორც მივხვდი, შავი და ბეჟი ფერები გიყვარს ძალიან…

შავი ფერი ჩემი საყვარელი ფერია. მერე ვეცადე და შემოვაპარე სხვა ფერებიც, ჭრელიც, მწვანეც და სხვაც.

ორიგინალური ჩანთები გაქვს. სად ყიდულობ?

ერთ-ერთ ბუტიკში, სხვა მომღერლებისთვისაც ნაცნობი ადგილია. მაიკოს ბუტიკს ვეძახით, ჩამოაქვს ბევრი რამ, მათ შორის ჩანთებიც. ბევრი ჩანთა სწორედ იქ მაქვს შეძენილი.

სპორტულ სამოსს როდის იყენებ?

ყოველდღიურად თავისუფალ სტილს ვამჯობინებ. სამინისტროში დახეულ ჯინსს ვერ ჩავიცვამ, მაგრამ ვცდილობ, თხელი პიჯაკები მოვირგო. მცირე ხნის წინ ჯინსის ქურთუკი მაჩუქა მეგობარმა და ისეთ სიცხეში მეცვა, ბოლოს მეუბნებოდნენ, გაიხადეო. ბოლო დროს ჯინსის ქურთუკების მანია დამემართა, ძალიან მომწონს (იღიმის).

სამკაულებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვს?

არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, მომწონს სხვა ადამიანებზე, მაგრამ მე რაღაცნაირად ვერ ვირგებ, არადა, ფოტოებზე რომ ვუყურებ, მიხდება. ძირითადად, ამ აქსესუარებიდან სათვალეებს ვიკეთებ.

მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე როგორ გრძნობ თავს და რამდენი წყვილი გაქვს?

რამდენიმე წლის წინ კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ კედებზე გადავედი. ყველა მეჩხუბებოდა, გოგო ხარ და გაპრანჭეო. ახლა ისევ ქალური სტილისკენ გადავიხარე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უფრო ხშირად ვიცვამ.

ბევრს ხარჯავ სამოსზე?

არ მენანება ხარისხიან ნივთში ფულის აგდახდა. კარგი კი ყოველთვის ძვირია, მაგრამ ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ძალიან იაფად შემიძენია და ძალიან მომწონებია. ადრე, როცა ნივთს ვიძენდი, ხშირ შემთხვევაში ვდებდი, ავსაწყობებდი, ასე ვთქვათ, მერე კი ვჩუქნიდი ახლობელ ადამიანებს. ახლა, როცა რაღაცას ვიძენ, ვფიქრობ, რამდენად პრაქტიკული იქნება ჩემთვის. თუ ვხვდები, რომ ეს ისაა, რასაც გამოვიყენებ, ვცდილობ, შევიძინო.

მეორადებში თუ შეგიძენია სამოსი?

წლების წინ. ჩემს ახლობელს ჰქონდა გახსნილი და რამდენიმე ნივთი ვიყიდე, თეთრი მაისური თვლებით, ქვედაბოლო და კიდევ რაღაც, მართლა არ მახსოვს, რამდენი გადავიხადე. მეორადებშიც არის ახალი რაღაცები. როცა ქუჩაში დავდივარ, მიყვარს მაღაზიების შეთვალიერება, ისეთის, რასაც ბევრი არ მიაქცევს ყურადღებას. შეიძლება, იქ ამოვარჩიო რაღაც, მერე რომ ამბავი ტყდება ხოლმე, მარიკა, ეს სად იყიდეო. სოციალურ ქსელში განსაკუთრებით ინტერესდებიან ამით და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. იყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ვერ ვიყავი ფორმაში და განწყობაც არ მქონდა. მადლობა ღმერთს, ახლა შინაგანად უფრო გაბრწყინებული ვარ, ვცდილობ, ვაფრქვიო პოზიტივი და ყოველი დღის გათენება მიხარია. ეს ჩემს ვიზუალურ მხარესაც დაეტყო და ვცდილობ, ყოველდღე ფორმაში ვიყო (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები