LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძე: „ბუბა კიკაბიძის შემთხვევა სხვაა – ის არის სიმბოლო გაუტეხლობისა და კაცობის, მაგრამ ზოგადად, მე თუ მოქმედი მუსიკოსი ვარ, რა მინდა პარლამენტში?“

341
marinaberidze201015

მუსიკალურ პროდიუსერს, მარინა ბერიძეს, შინ ვესტუმრეთ ინტერვიუსთვის. კულტურისა და შოუბიზნესის სფეროსთვის კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

მარინა ბერიძე:

ჩემი ცხოვრების განმავლობაში ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდი. ყველაფერი გამოვლილი მაქვს, მათ შორის, 90-იანი წლები, მაგრამ მაშინ იმედი იყო. ახლა როგორი სიტუაციაცაა, ასეთი, უბრალოდ, არ მინახავს. გყავს უხილავი მტერი და აღარ იცი, რა გააკეთო. ეს არის დამთრგუნველი და კიდეც ვხედავთ, რომ ქალაქში, ქვეყანაში სრული დეპრესია და უიმედობაა, ახალგაზრდებშიც, უფროსებშიც, სახელმწიფოშიც.სახელმწიფო შენზე არ ზრუნავს, რაც ეხება ჩვენს სფეროს. ერთი წამი არ გავჩერებულვარ, ვიყავი სულ ეთერში და სულ ვამბობდი, მოგვხედეთ, იმიტომ, რომ ეს სფერო დაიღუპება-მეთქი. მოგვხედონ კი არა, არავის უხსენებია კულტურის სფერო. უამრავი პარტია „დაიყარა“, არც ერთს უხსენებია კულტურა. თუკი ეს ქვეყანა რაიმეთი ამაყობს, კულტურაა, მაგრამ არავის ეს არ აღელვებს.

სახელმწიფო რით უნდა დაეხმაროს,  ფინანსურად?

აუცილებლად, რომ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არ დაიკარგონ. 90-იან წლებში, ძალიან წარმატებულმა მუსიკოსმა, გამოვიკეტე კონსერვატორიის კარი და წავედი სხვაგან. ის რომ გამეგრძელებინა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი. ყოველ შემთხვევაში, ამდენი წელი ამდენი ხალხის საჯიჯგნი არ გავხდებოდი. ვერ ვარკვევ, რას ვაკეთებ ცუდს, რომ პერიოდულად ჩემ წინააღმდეგ უარყოფითი ტალღები გორდება. ალბათ, ვიქნებოდი რომელიმე სხვა ქვეყანაში კარგად. მაშინ გადარჩენის მომენტი დაგვიდგა. ახლაც, როცა მუსიკოსს ჰყავს ოჯახი და არ აქვს არანაირი შემოსავალი, ორკესტრანტები რეპეტიციებს ვერ ატარებენ… ეს ხომ დისკვალიფიკაციაა. დღეს წავიკითხე, რომ „დონ ჟუანს“ ცეკვავენ ეზოში. რა დღეში ვართ. არტოს ბარში სულ ცაში იყურები, რომ წვიმა არ წამოვიდეს და მუსიკოსი, მცირე ანაზღაურებით, მაინც ბედნიერია, წვიმასა და ქარში რომ უკრავს. რაღაც მოიფიქროს ხელისუფლებამ. რეგულაციები ჭკვიანმა ადამიანმა შემოიღოს. კონსერვატორიაში ინდივიდუალური მეცადინეობა ძალიან მშვიდად შეიძლება პირბადეებით. ორკესტრისთვის უნდა გამოიყოს დიდი სივრცე, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ რეპეტიცია. ვკარგავთ მაყურებელს, მუსიკოსს, ყველაფერს…

სულ ვამბობ, ჩაეკეტათ ბათუმი, ლოს ანჯელესში არ გაუხსნიათ არც ერთი კლუბი და მთელი ზაფხული ვხედავდით, რა ხდებოდა ბათუმში. ეს იყო საოცრება. ზუსტად ვიცოდი, რომ იქ იფეთქებდა. წინ უნდა გაეხედათ. ხომ ამბობდნენ, რომ შემოდგომაზე უნდა ყოფილიყო მეორე ტალღა. პატარა ქვეყანაა და ძალიან გონივრულად მოვერიეთ პირველ ეტაპს. ეს აფეთქება არ უნდა მომხდარიყო. ახლა დაკარგულია ყველაფერი.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, თუმცა მეც და ჩვენი გუნდიც შემართებით ვართ. ეს ჩვენი არხის მთავარი თვისებაა. სულ გინდა, ვიღაც ახალი სახელი იპოვო და მოიყვანო, მე ამ დროს ახალი სუნთქვა მეხსნება. ბოლო დროს კარგად ვიყავით, ახლა ეს სფერო აბსოლუტურად ჩავარდნილია.

ამ სფეროს ფეხზე დასადგომად რა დრო დასჭირდება?

პირველ რიგში, პანდემია უნდა მორჩეს. უნდა დაიწყოს პატარა ივენთების კეთება, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ოღონდ ისე კი არა, ჩემიანმა, შენიანმა იმღერა. ჭკვიანური პროექტები უნდა შევიდეს მერიაში. ყველა დარბაზში შეიძლება ასი კაცის დასმა დისტანციით. ფილარმონიაში ეტევა 2000 კაცი? დასვი 1000. გადაუხადე კარგად მუსიკოსებს და გააკეთე კონცერტები. ამას უნდა კარგად მოფიქრება, ჟანრების მიხედვით კონცერტების დაგეგმვა. ყველაზე ცუდად არიან ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები, მათთვისაც შეიძლება პროექტების მოფიქრება.

როცა ამბობთ, ჩემიანი, შენიანიო, ეს ტენდენცია არის?

ერთი და იმავე ხალხს ვხედავ უაზრო კონცერტებში. უაზრო არაფერი ვარგა. ამას წინათ პიანო ფესტს ვესწრებოდი, სადაც დუდანა მაზმანიშვილმა დაუკრა, არაჩვეულებრივი იყო, რადგან ეს მისი ნაფიქრი გახლდათ… უაზრო კონცერტებში ვგულისხმობ გალაკონცერტებს, გავედი, ვიმღერე, შემოვედი. ვფიქრობ, თემატური საღამოები უნდა გაკეთდეს, უნდა იყოს შემეცნებითი, საზეიმო, გახსნილი… ახლა ამინდი აღარ იქნება და გარეთაც ვეღარ გამართავენ კონცერტებს. რატომ არ შეგვიძლია ფილარმონიის ამუშავება? ვინ ზის საერთოდ ფილარმონიაში ახლა?გახსენი კარი, შეიტანონ პროექტები მუსიკოსებმა. რუსთაველის თეატრში რატომ არ შეიძლება კონცერტის გამართვა 400 კაცზე? მაგრამ ამას სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება სჭირდება. იყოს კონცერტი ერთგანყოფილებიანი. ადამიანი სულიერად გამდიდრებული გამოვა, მუსიკოსი ჰონორარით კმაყოფილი წავა. დღეს არსებული სიტუაცია კი მიიყვანს სფეროს იქამდე, რომ ყველა გაჩერდება.

რაც შეეხება შოუბიზნესს, ბენდებს ვერ შეინახავენ, გადავლენ ისევ ფონოგრამაზე და რაც ბოლო წლებში ვიმუშავეთ, რომ ცოცხლად შესრულება მოდური გახდა, გაწეული შრომა წყალში ჩაიყრება.

ახალგაზრდა მუსიკოსები სოცქსელებში აქტიურობით თავად ცდილობენ მსმენელამდე მისვლას…

ანაზღაურება სადაა? (იღიმის). სხვათა შორის, ამას წინათ მუსიკოსებს ჰქონდათ  ინიციატივა, რომ ტელევიზიაში ჰონორარის გარეშე არ მივლენ. ახლა ძალიან სასაცილოა ამაზე საუბარი. მე მაშინვე დავწერე, მაინტერესებს, პირველი უარს ვინ მეტყვის-მეთქი. ბევრი წელია, სრულიად უცნობ ადმიანებს ვაცნობ აუდიტორიას და მერე ხდებიან ისინი მართლა ვარსკვლავები. მეორეა, თუკი ვოკალისტს უნდა ტელევიზიაში მისვლა და კონკრეტული ინსტრუმენტალისტი სჭირდება, პროდიუსერიც შეხედავს მერე, უღირს თუ არ უღირს. იმის მიუხედავად, რომ პროდიუსერი ყურში მიკიოდა, დაგვაჯარიმებენო, მაინც მითქვამს, სად უნდა შეეძინათ კონკრეტული არტისტის კონცერტის ბილეთები. ამას რისკის ფასად ვაკეთებდი, რადგან მათი დახმარება მინდოდა. ყველამ იცის, რომ მე ხშირად თავად ვქმნი კონკრეტულ მუსიკალურ ნომრებს და ვხვდები, ვინ ვის მოუხდება. მერე იმ მუსიკალური ნომრით ხან ერთ ტელევიზიაში წავლენ, ხან მეორეში, ხან მესამეში, მერე ივენთებზე. ამაში ფულს ხომ არ მოვითხოვ? მიდი ახლა  და გაარკვიე, ვინ ვის დაეხმარა. პანდემიის დროს არ ყოფილა მუსიკოსი, ჩემთან რომ არ მოსულიყოს. ძალიან ენატრებათ დაკვრა.

მუსიკოსები რომ პოლიტიკაში მიდიან, ამაზე რა აზრის ხართ?

ბუბა კიკაბიძის შემთხვევა სხვაა – ის არის სიმბოლო გაუტეხლობისა და კაცობის, მაგრამ ზოგადად, მე თუ მოქმედი მუსიკოსი ვარ, რა მინდა პარლამენტში? კანონის კითხვა იცი? ხომ მინახავს მუსიკოსები, არ აქვთ არანაირი იურიდიული განათლება კი არა, ხალხი რვა-რვა საათს უკრავს და იმის იქით შეიძლება, ჰა-ჰა ენა ისწავლოს. არ მჯერა, რომ კანონის წაკითხვა და სხვა რამ შეუძლიათ. თუ მოქმედი მუსიკოსი ხარ, მით უმეტეს, არაფერი არ გესაქმება პარლამენტში. იქ უნდა იყოს ბევრი იურისტი, ეკონომისტი… ისევ უნდა წამოჯდეს მუსიკოსი და მიმღეროს? ვინ რა გამიკეთა?

თქვენ წახვიდოდით პოლიტიკაში?

არასდროს! მე კომკავშირელიც არ ვყოფილვარ. ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და როგორც კი მზღუდავ, ეშვები ამომდის. მით უმეტეს, ამ ასაკში…

ზოგჯერ მავიწყდება, რამდენი წლის ხართ…

შენ კი გავიწყდება, მაგრამ მე ხომ მაქვს პასპორტი? ოღონდ დიდი ხანია, არ გამომიყენებია (იცინის).

შინ ჩერდებით?

ვერა. სხვათა შორის, ჩვენს თაობას დაემართა ეს. სახლში ვერ გვაჩერებენ. კომუნიზმი რომ გვაქვს გამოვლილი, იმდენ ხანს ვიყავით შეზღუდულები, რომ ეტყობა გვაგიჟებს.

ასე კარგად რომ გამოიყურებით, რას დავაბრალოთ?

კარგ ხასიათს. ეტყობა, ხალისიანი ადამიანი ვარ. კარგი მუსიკოსი კარგად იმღერებს და ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე. სხვათა შორის, როიალი რა ფორმის იყო, „რუსთავი 2“-დან გაიგეს, სადაც მივდიოდი, ყველგან როიალი მინდოდა, ახლა კი ყველა გაგიჟდა კლასიკურ მუსიკაზე. ცოტა დავიბენი. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ილო ბეროშვილი, სანდრო კაკულია და ეკა დემეტრაძე უნდა ყოფილიყვნენ გადაცემაში წამყვანები, ძალიან მომეწონა. ძალიან ინტელექტუალური ადამიანები არიან. მივხვდი, რომ თუკი მათთან ერთად ვზივარ, პირველ რიგში, მათ და შესაბამისად, მაყურებელს უნდა ვასწავლო კლასიკური მუსიკის მოსმენა. ეს დრო უნდა გამოვიყენო მაყურებლის შესაგროვებლად და მოსაწამლად. კი ამბობენ ჩემზე, ამბიციურიაო, მაგრამ ისე მიყვარს ახალგაზრდები, რომ ხელიდან მივდივარ. მე მაქვს უნარი, რომ ჩემკენ წამოვიყვანო ადამიანები. ეს ისეთი ხალასი ემოციაა. გამოსავალი მოვნახე. შუმანი სად დაიბადა, ამას დაგუგლავს ვიღაც, მაგრამ მუსიკის ნამდვილი აღქმა ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვკითხულობ, ვისმენ ყველაფერს ახალს. არ მახასიათებს დეპრესიულობა. ცოტა რამ მაყენებს ცუდ ხასიათზე. მერე ვფიქრობ, კაი, ჩავიკეტეთ, ბევრი რამის მოფიქრება შეგვიძლია ამ პერიოდში. შეგვიძლია, ეს პერიოდი თვითგანათლებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ოდესმე ხომ დამთავრდება პანდემია?!.

საკუთარ თავზე თქვით, ამბობენ, რომ ამბიციური ვარო… კიდევ რა მოგხვედრიათ გულზე?

იმდენ რამეს ამბობენ, არ ვიცი… ახლა ყველაზე ძალიან რაზე მეშლება იცი, ნერვები? „ეგ ბებერი ქალი არ უნდა დამთავრდეს?“, „ვითომ კეთილია და მაინც რომ ბოროტია“, „წაეთრეს ჟიურიდან“, წავედი ჟიურიდან, მერე ამბობდნენ, უკან მოვიდესო. ჩემზე კარგად ვინ იცის, რამდენი წლის ვარ, მაგრამ ამას 25 წლის ბიჭი რომ წერს, მე ხომ ვერ მოვესწრები, ის რომ 70 წლის იქნება. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება, ნეტავ, ჩემსავით იყოს, ყველას ვუსურვებ. რაც უნდა აცრა გაიკეთო, მაინც გტკენს გულს. არ უნდა წაიკითხო, მაგრამ შეიძლება, უცებ შეგხვდეს სადღაც და წამოწითლდები, კითხულობ, რატომ? თეორია მაქვს, რომ არ უნდა უპასუხო, მაგრამ… ახლა ისე მინდება. მერე არ გპასუხობენ, ქრებიან. მაია ასათიანს ჰქონდა ახლა გადაცემა… არ შეიძლება, მაია ასათიანისნაირ გოგოს რამე დაუწერო. ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ. მოიკლავ თავს, გადაცემას, პროექტს გააკეთებ და ვიღაც გეტყვის, რაღაცა დამაკლდა. მივიღებ აუცილებლად, თუ მეტყვის, რა არის ეს რაღაცა… არგუმენტირებულ კრიტიკას ყველასგან მივიღებ. უამრავი მუსიკოსია, რომელიც სათქმელს დელიკატურად ამბობს და მათგან კრიტიკა სრულიად მისაღებია. ვფიქრობ, რაც შენ სწორად მიგაჩნია, ის უნდა აკეთო. ინტუიცია მკარნახობს, ზუსტად ვიცი, შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ასიდან ოციც რომ გამოვიდეს, უკვე კარგია. ინოლა გურგულიას ტურზე ძალიან ვინერვიულე, მაგრამ მას შემდეგ მის სიმღერებს მღერის ყველა. ზოგი ცუდად, ზოგი – კარგად, მაგრამ ხომ მღერიან? ყანჩელიც ასე გავაკეთე თავის დროზე… ასეთი ფოკუსი უნდა ჩაატარო (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები