LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარშუტკები” ყველგან ვერ გააჩერებენ, საკომუნიკაციო ქსელებზე ღამე იმუშავებენ

212
маршрутка

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისათვის ტრანსპორტის გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სრული სურათი გახდება ცნობილი.

“სამარშრუტო ტაქსები, მიკროავტობუსები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენდა, რადგან, ვისაც სადაც უნდოდა, იქ აჩერებდა და ეს სერიოზულ დისკომფორტს იწვევდა. ამ მიმართულებითაც უკვე კონკრეტული ქუჩები გვაქვს გამოყოფილი, სადაც მიკროავტობუსების მძღოლებს ეკრძალებათ გაჩერებების გარდა სხვა კონკრეტულ ადგილებზე მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ამას ჩვენი სამსახურები აკონტროლებენ და დარღვევებს შესაბამისი რეაგირება მოყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გარდა მისა:

საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს საავარიო შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოება მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის სხვა ღონისძიებებთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საცობებისგან განტვირთვა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, გადაადგილების დროს შეფერხებისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა.

დედაქალაქის მერმა ახალი რეგულაციით განსაზღვრული წესების მაქსიმალურად გაკონტროლება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ხოლო პროცესის ზედამხედველობა მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

„ჩვენ ვამუშავებთ ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, რომელზეც საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ და უახლოეს მომავალში სრული სურათი გვექნება. პარალელურად, შეზღუდვები დავუწესეთ ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ. განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, რომ ღამის საათებში მოხდეს ნარჩენების გატანა. ასევე, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ დროში მოვაქციოთ.

ამასთან, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისეთი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა: „თელასი“, „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და სხვა, ავარიების დროს სამუშაოების დაწყება შეტყობინების გარეშე ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ვიცი, რომ უკვე იყო კომუნიკაცია ყველა კომპანიასთან. თუ რაიმე სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში ისედაც დიდი ნაკადებია, თან მალე სასწავლო პროცესი იწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა მიეწოდოს, რათა გადაადგილების დროს ნაკლები დისკომფორტი შეიქმნას.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოებს დღისით მხოლოდ გადაუდებელი და საავარიო საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ, რასაც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები