LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია – მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო, ვიდეო)

682
b67e12b2dea316e58a5d73da325e9caf

ოტობაია-ორსანტიას ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას ელოდება. ჭირისუფალი საგანგებოდ მიასვენებს მიცვალებულს ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ. ინფრომაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

“ათინათის” ინფორმაციით, ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა.

 

„ექვსი წელია, არ მინახავს. ბოლოს მამაჩემის გასვენებაზე ვნახე. მაშინ მოვახერხე და გადავედი. ამის მერე არც აქეთ გადმოსულა და ვერც მე მოვახერხე იქით გადასვლა. ეს ძალიან რთულია, ასეთ ვითარებაში, რომ გვიწევს ახლობლის დატირება. ჩვენი ბევრი ახლობელი ცხოვრობს იქით. ახლახან ბიცოლა გარდამეცვალა და ვერ დავიტირე. სად უნდა წავსულიყავი ან როგორ გადავიდოდი. ასეთი შემთხვევების დროს მაინც, ხომ უნდა შეგვეძლოს რომ გადავიდეთ,“ – ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი ელისო ფარულავა, რომელიც ადგილზე ხობიდან ჩავიდა.

ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები